Accessibility links

logo-print

რატომ შეწყდა საპროტესტო აქციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


ის საპროტესტო აქციები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრანტების გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა წამოიწყეს, თანდათან ჩაცხრა.

ახალი საგრანტო სისტემის მიხედვით, უნივერსიტეტის 800-მდე თანამშრომელმა, რომელთა პროექტებმა დაფინანსება ვერ მოიპოვა, ჯამაგირიც დაკარგა. სწორედ ეს გახდა აკადემიური წრეების ქუჩაში გამოსვლისა და მწვავე პროტესტის მიზეზი. შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გასულ კვირაში ვარაზისხევის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და სამართლიანობის აღდგენასთან ერთად უნივერსიტეტის ავტონომიის აღდგენაც მოითხოვეს. რა გახდა ამ საპროტესტო განწყობის განელების მიზეზი?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და განათლების სამინისტრომ, რომელიც უნივერსიტეტის ფინანსებს განაგებს, შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი იპოვა და გრანტების გარეშე დარჩენილი 800-მდე თანამშრომლისთვის მომავალ საგრანტო კონკურსამდე ხელფასების შენარჩუნება გადაწყვიტა. უნივერსიტეტის პრორექტორის ლევან გორდეზიანის კომენტარი:

[ლევან გორდეზიანის ხმა] ”ის თანამშრომლები, ვინც მოიგო ეს პროგრამული დაფინანსება, მიიღებს გაზრდილ ხელფასს, ხოლო ის, ვინც დარჩა ამ დაფინანსების გარეშე, ის რაღაც დროის მანძილზე მიიღებს ე.წ. აკადემიურ სტიპენდიას...”

ლევან გორდეზიანის განცხადებით, პროგრამული დაფინანსების გარეშე დარჩენილი 800-მდე თანამშრომელი ივნისის თვის ხელფასსაც მიიღებს.

ამით ხომ არ არის გამოწვეული საპროტესტო აქციების შეწყვეტა? ამ კითხვით დაუმორჩილებლობის კომიტეტის ერთ-ერთ ლიდერს, ნესტან კირთაძეს, მივმართე. მან მითხრა, რომ აქციების დროებით შეჩერება 2 დღის წინ გადაწყვიტეს საერთო ეროვნული გამოცდების მოახლოების გამო.

[ნესტან კირთაძის ხმა] ”მაშინ როდესაც არსებობს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ...”

ნესტან კირთაძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელმაც უნივერსიტეტის მართვის საკითხები განსაზღვრა, უმაღლესი განათლების კანონს ეწინააღმდეგება. ამის გამო კირთაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქმის მოსმენა უახლოეს დღეებში დაიწყება.

უნივერსიტეტის ავტონომიის საკითხი და, საერთოდ, განათლების სისტემის რეფორმა განიხილებოდა 7 ივლისს საუნივერსიტეტო დარბაზის შეკრებაზე. იქ თავმოყრილი მეცნიერები და პროფესორები იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ დღევანდელი რეფორმა უნივერსიტეტის ავტონომიურობას ზღუდავს და არასწორ თვითდაფინანსების სისტემას ქმნის.

ახალი სისტემის მიხედვით, უნივერსიტეტი საბაზისო დაფინანსების გარეშეა დარჩენილი და დამოკიდებულია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ვაუჩერებით დაფინანსებულ სტუდენტებზე, ფასიან განყოფილებასა და თანამშრომელთა პროგრამულ დაფინანსებაზე. ეს რომ საკმარისი არ არის და უნივერსიტეტს სხვა ტიპის საბაზისო დაფინანსება ესაჭიროება, ამ აზრს უნივერსიტეტის პრორექტორი ლევან გორდეზიანიც იზიარებს. მისივე თქმით, თუ ეს საკითხი არ გადაწყდა, უნივერსიტეტში პრობლემები სულ უფრო გაიზრდება.
XS
SM
MD
LG