Accessibility links

logo-print

თბილისში ალერგიის მსოფლიო დღე აღნიშნეს


8 ივლისს მრავალ ქვეყანაში ალერგიის მსოფლიო დღე აღინიშნება. ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად,

ამ ქვეყნების საერთო პოპულაციის 22 პროცენტი, ანუ 250 მილიონი ადამიანი, ალერგიული დაავადებებით არის დასნებოვნებული. ლაპარაკია ასთმასა, რინიტსა და სხვა სახის ალერგიულ დაავადებებზე. ასევე შემაშფოთებელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში ყოველწლიურად ასთმის შედეგად 180 ათასი ადამიანი იღუპება, ხოლო სხვადასხვა სახის ალერგიის სამკურნალო პრეპარატების შეძენაზე 8 მილიარდი დოლარი იხარჯება. საინტერესოა, რა ვითარებაა ალერგიული დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით საქართველოში, რაზე აქვთ თბილისელებს ალერგია და როგორ ებრძვიან ისინი დაავადების გამომწვევ მიზეზებს.

ალერგია იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციაა ორგანიზმში მოხვედრილი განსაკუთრებული ნივთიერებების, ეგრეთ წოდებული ალერგენების მიმართ. სპეციალისტების განმარტებით, ალერგენები ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის: სასუნთქი გზისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მეშვეობით, მწერების კანზე ნაკბენით და სხეულის კანთან სხვადასხვა ნივთიერების შეხებით. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის მაია გოთუას თქმით, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ალერგიული დაავადებების სიხშირე საქართველოშიც განუხრელად იზრდება:

[მაია გოთუას ხმა] „ალერგიული დაავადებების ზრდა აღინიშნება არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში, არამედ განვითარებადშიც, სადაც აქამდე შედარებით ნაკლები იყო ისეთი ალერგიული დაავადებები, როგორიც არის ასთმა, ალერგიული რინიტი, ეგზემა და სხვა - მათი განვითარების სიხშირე. ითვლება, რომ საშუალოდ ყოველ მესამე ადამიანს აქვს ალერგიის ესა თუ ის გამოვლინება.“ (სტილი დაცულია)

სპეციალისტები გამოარჩევენ რამდენიმე ტიპის ალერგიულ რეაქციას: ქავილს ცხვირ-სასაში, სურდოს, ცრემლდენას, სუნთქვის გაძნელებას, კანზე გამონაყარსა და სხვა რეაქციებს, რასაც, ძირითადად, ჰაერსა და საკვებში არსებული ალერგენები იწვევენ.

[ქალბატონის ხმა] „ღვინოზე მაქვს ალერგია, მაყრის სახეზე. როგორ ვებრძვი? მარტივად: არ ვსვამ!“

[ქალბატონის ხმა] „პირადად მე ალერგიული ვარ. კერძოდ, ჭინჭრის ციებით. მოვიწამლე თურქული პომიდორით. 5-6 წელია სულ წამალზე ვარ.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „ალერგია მაქვს ამ მთავრობაზე, ისე სხვა არაფერზე. დისკომფორტია ის, რომ ნორმალური ცხოვრება არ გვაქვს, ნორმალური კვება არ გვაქვს და მოსვენება - ჩემთვის ესაა და სხვისთვის როგორაა არ ვიცი. ალერგია მაქვს ამ მთავრობაზე!“

შეიცავს თუ არა ჩემი რესპონდენტის ნათქვამი სიმართლის მარცვალს? ანუ შესაძლებელია თუ არა ალერგია მთავრობის ამა თუ იმ გადაწყვეტილებამ, რაიმე სოციალურმა ან პოლიტიკურმა მოვლენამ გამოიწვიოს? მე ამ კითხვით საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების თავმჯდმარეს ნოდარ გოგებაშვილს მივმართე.

[ნოდარ გოგებაშვილის ხმა] „არა, არავითარ შემთხვევაში! ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა და ალერგიასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. უნდა იყოს აუცილებლად მატერიალური სუბსტრატი, ისეთი, როგორიცაა: ყვავილის მტვერი, ცხოველის ბეწვი, საკვები...“

ნოდარ გოგებაშვილის თქმით, ტიპიური ალერგიული დაავადებებია: ატიპიური ეგზემა, რინიტი, ასთმა და სხვ. ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისში მცხოვრებ ბავშვთა შორის ასთმისა და ალერგიის საერთაშორისო კვლევამ დაავადების თითქმის 100 პროცენტით ზრდის ტენდენცია გამოავლინა. მარტო ბრონქული ასთმის მკურნალობაზე საქართველოში ყოველწლიურად 2 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება. პროფესორ ამირან გამყრელიძის განმარტებით, არსებობს ეგრეთ წოდებული „ჰიგიენური თეორია“, რომლის თანახმადაც:

[ამირან გამყრელიძის ხმა] „ჰიგიენურად მეტად განვითარებულ ქვეყნებში ალერგია მეტია, ჰიგიენურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ალერგია ნაკლებია, თუმცა ეს საკითხი დღემდე დისკუსიის საგანია. ალერგია ვერ აღმოიფხვრება ისე, როგორც აღმოიფხვრა ყვავილი, როგორც უნდა აღმოიფხვრას მალე პოლიომიელიტი, ან რამდენიმე წლის შემდეგ აღმოიფხვრება შიდსი, ან რომელიმე სხვა ინფექციური დაავადება. ალერგია არ გაქრება, ის იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით კონტროლირებადი დაავადება.“

ალერგოლოგთა განმარტებით, დაავადების კონტროლი მხოლოდ პროფესიონალი ექიმების ზედამხედველობით გამოიღებს ჯეროვან ეფექტს. მცენარეული თუ ქიმიური პრეპარატების მიღებისას, აუცილებელია ექიმ-ალერგოლოგის განსაკუთრებული ზედამხედველობა, რადგანაც საკუთარი შეხედულებით შერჩეული სამკურნალო საშუალება, შესაძლოა, თვით მოგვევლინოს ალერგენად, ანუ დავადების გამომწვევ ნივთიერებად.
XS
SM
MD
LG