Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის ტერაქტებს საქართველოში მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გამოწვევად არ აფასებენ


ლონდონში განხორციელებულ ტერაქტებს საქართველოს ხელისუფლება სამძიმრის წერილითა და მხარდაჭერის მზადყოფნით გამოეხმაურა.

ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მსგავსად, უსაფრთხოების ზომები საქართველოშიც გაძლიერდა, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ამასთან, დღეს ოფიციალური დოკუმენტის სტატუსი შეიძინა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პირველმა კონცეფციამ, რომლის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საშიშროება საერთაშორისო ტერორიზმია.

ლონდონის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და დემოკრატიის დაცვის ერთ-ერთ გზად ტერორიზმთან უკომპრომისო და ინტენსიურ ბრძოლას მიიჩნევს. 7 ივლისს ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის უმძიმეს დღეს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გიორგი არველაძე:

[გიორგი არველაძის ხმა] "ჩვენ გუშინდელ ტერაქტს ვუყურებთ როგორც არა მარტო თავდასხმას კონკრეტულად დიდ ბრიტანეთსა და ლონდონზე, არამედ თავდასხმას იმ დიდ ალიანსზე, იმ დიდ კავშირზე, რომელიც იბრძვის დღეს მსოფლიოში დემოკრატიის გადასარჩენად. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც დარტყმას საკუთარ თავზეც, იმიტომ რომ გუშინ თავს დაესხნენ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, ქვეყანას, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვიბრძვით, როგორც შეგვიძლია, ტერორიზმის წინააღმდეგ." სტილი დაცულია)

ლონდონის ტრაგედიაში მხოლოდ ლოკალურ საფრთხეს არ ხედავს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე:

[ელენე თევდორაძის ხმა] "ეს არის საშინელება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ უსაფრთხოება მსოფლიოსი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სამწუხაროდ, იცით, იღუპებიან აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები. ნუ, არ ვიცი, 21-ე საუკუნე თუ ამით ჩაიწერებოდა ისტორიაში, ნამდვილად არ მოველოდი." (სტილი დაცულია)

ლონდონის ტერაქტების შემდეგ საზოგადოების ნაწილში კვლავ გაჩნდა ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის ყოფნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული ეჭვი, რომელსაც კატეგორიულად არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლება. გიორგი არველაძე საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის წევრობას საქართველოს როგორც საგარეო, ასევე შიდა ინტერესებს უკავშირებს:

[გიორგი არველაძის ხმა] "საქართველო ზუსტად იქ დგას, სადაც უნდა იყოს. ჩვენი გმირი ჯარისკაცები ზუსტად იქ დგანან, სადაც უნდა იდგნენ. სხვაგვარად ჩვენ არ ძალგვიძს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ მომხმარებელი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა, არამედ ჩვენი წვლილიც უნდა შევიტანოთ ამ სისტემის ფორმირებაში." (სტილი დაცულია)

ეს საკითხი ეჭვს არც საპარლამენტო ოპოზიციაში იწვევს. რესპუბლიკელი თემურ ნერგაძე დარწმუნებულია, რომ, მიუხედავად საფრთხისა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში უნდა მონაწილეობდეს:

[თემურ ნერგაძის ხმა] "გუშინდელი ტერაქტების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველანი, რომ, რა თქმა უნდა, ერაყში - თუმცა დამატებითი აღარ შეგვიძლია - უნდა იყოს ქართული კონტინგენტი და არამხოლოდ ქართული. ამ ყველაფერს - ამ უბედურებას - ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ." (სტილი დაცულია)

ლონდონის ტრაგედიის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს დაცულობის საკითხი. მოსახლეობის დარწმუნება სრული გარანტიის არსებობაში ჰაერზე საუბარს შეადარა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] "ინგლისის ფონზე მე რომ განგიცხადოთ, რომ საქართველო ბოლომდე დაცულია, მე მგონი, ჩათვლით, რომ მე, უბრალოდ, ჰაერზე ვსაუბრობ. ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ინგლისი, ისიც არ არის დაზღვეული ასეთი ფაქტებისაგან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა გავძლიერდეთ, უნდა აღვჭურვოთ და განვავითაროთ ჩვენი პოლიცია." (სტილი დაცულია)

საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებადაა გამოცხადებული. სწორედ ასე ჩაიწერა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. ამავე დოკუმენტში საერთაშორისო ტერორიზმი საქართველოს წინაშე არსებული საფრთხის, გამოწვევებისა და რისკის კატეგორიაშია შეტანილი.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG