Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


599-ე გამოშვება



ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 599-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით თბილისის თვითმმართველობის ისტორიულ გამოცდილებაზე; მოგითხრობთ კონფლიქტის შესახებ კონფერენციაზე, რომელსაც ჩაქვი მასპინძლობ; ვნახავთ, როგორ ისვენებენ თბილისელები; გადაცემას დაასრულებს ინტერვიუ ნიუ იორკში მოღვაწე ქართველ ჯაზმენთან, გია მელიქიშვილთან.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


თბილისის თვითმმართველობის ისტორიული გამოცდილება

ბიძინა რამიშვილი:
ახლახანს მთელი საქართველო თვალყურს ადევნებდა როგორ მტკივნეულად შეიტანა პარლამენტმა ცვლილებები თბილისის შესახებ კანონში. უფრო ზუსტად საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებები უმტკივნეულოდ დაამტკიცა, მტკივნეულად კი მისი განხილვა წარიმართა. ქალაქის ხელმძღვანელის პირდაპირი არჩევითობის უარსაყოფად ხელისუფლება და უმრავლესობა ხშირად საზოგადოების მოუმწიფებლობას და შესაბამისი ტრადიციის არქონას იმიზეზებდნენ. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს თანამშრომელი ალექსანდრე ელისაშვილი დაინტერესდა როგორ იმართებოდა საუკუნეების მანძილზე თბილისი? აქვს თუ არა თვითმმართველობის რაიმე ისტორიული გამოცდილება საქართველოს დედაქალაქს?

ალექსანდრე ელისაშვილი:
თავისი არსებობის 1500 წლის მანძილზე თბილისის ხელმძღვანელებს უმთავრესად ნიშნავდნენ, ხან საქართველოს მეფე-მთავრები, ხანაც უცხოური რეჟიმები. თბილისის თვითმმართველობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი იყო 40 წლიანი პერიოდი დავით აღმაშენებლის მიერ ქალაქის აღებამდე. მაშინ თბილისი ერთგვარ რესპუბლიკას წარმოადგენდა და მას არჩეული პირები - ბერები ხელმძღვანელობდნენ. მოგვიანებით ბერები მეფე დავითმა სიკვდილით დასაჯა, ხოლო თბილისი მე-19 საუკუნის დაგდეგამდე სამეფო საკუთრებად გამოცხადდა, შესაბამისად ქალაქის მოურავს, იგივე ტარუღას მეფეები ნიშნავდნენ. რუსული ცარიზმის პერიოდში თბილისს მატნაკლები თვითმმართველობა 1875 წელს მიეცა, მანამდე კი დიდ ხანს ქალაქის ცხოვრების წარმმართველები რუსი პოლიცმაისტერები იყვნენ. იმპერატორ ალექსანდრე მეორეს რეფორმების შედეგად ქალაქს სათათბიროს არჩევის უფლება მიეცა, ქალაქის თავს კი სწორედ ამ სათათბიროდან ირჩევდნენ. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს ქონდათ. ეს იყო მაქსიმუმი. ცარისტულ რეჟიმს რაიმეს შეცვლის სურვილი არ ამოძრავებდა. თვითმმართველობის მხრივ სერიოზული დემოკრატიული ნაბიჯები გადადგეს მოგვიანებით ხელისუფლებაში მოსულმა ქართველმა მენშევიკებმა. ამ აზრს იზიარებს ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე:

[ბონდო კუპატაძის ხმა] 1918 წლის კანონი ყველაზე უფრო დემოკრატიული იყო თვითმმართველობის ისტორიის მანძილზე. კანონი იყო ძალიან კარგი. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეალურად მაინც სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას საკმაოდ დიდი ბერკეტები ჰქონდა იმისთვის, რომ თავისი შეხედულებისამებრ ემართა ქალაქი.

თუმცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - დემოკრატიული თვითმმართველობიანა უდღეური აღმოჩნდა. 1921 წლიდან საქართველოში გაბატონებული საბჭოთა ხელისუფებისათვის თვითმმართველობა და დემოკრატია ცარიელი სიტყვები იყო:

[ბონდი კუპატაძის ხმა] საბჭოთა პერიოდის თვითმმართველობას რაც შეეხება - ეს იყო ფიქცია თავისთავად. რა არჩევნები ტარდებოდა - იყო ერთი კანდიდატურა და იმას ირჩევდნენ ხოლმე.

მთავარია არჩევითობის პრინციპი, შინაარსს მნიშვნელობა არა აქვს. საბჭოური დროის ამ არგუმენტაციას ქართული საზოგადოება თბილისის მერის პირდაპირ, თუ არაპირდაპირ არჩევითობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელისუფლებო ტრიბუნიდან ახლახანს გამუდმებით ისმენდა:

[გიგა ბოკერიას ხმა] თუკი ვინმეს თავის დროზე ეგონა, რომ ცალკე არჩევა ჯობია აღმასრულებელი ხელისუფლების და წარმომადგენლობის. დღეს ეს პოზიცია შეიცვალა, ან პირიქით ეს არ არის არსებითი, ასეთი პოზიცია შეიძლება ადამიანმა შეიცვალოს მრავალჯერ. მაგრამ ადამიანმა არ უნდა უღალატოს პრინციპს და პრინციპი გახლდათ ის, რომ უნდა იყოს არჩევითი და ანგარიშვალდებული იმ ამომრჩევლის მიმართ, ვინც ამ თვითმმართველობის ფარგლებში არიან. ეს არის დეფინიცია თვითმმართველობის.

ეს ხელისუფლების იდეოლოგად მონათლული გიგა ბოკერია გახლდათ. ახლა მის თანაპარტიელს ედუარდ სურმანიძეს და მის არგუმენტებს მოვუსმინოთ:

[ედუარდ სურმანიძის ხმა] ამ შემთხვევაში ჩვენ დღეს გთავაზობთ საქართველოსთვის ყველაზე მისაღებ ფორმას - არ შევქმნათ, გავექცეთ შესაძლო ინსტიტუციურ კონფლიქტს საკრებულოში, რაც შეიძლება მოვაშოროთ პოლიტიკური ანგაჟირება. და რაც შეიძლება ისეთი მექანიზმი ჩავდოთ, რომ შედგეს კოორდინირებული, გამაწონასწორებელი ურთიერთ პასუხისმგებლობით დატვირთული თანამშრომლობა მერსა და საკრებულოს შორის და წაადგეს ეს ყველაფერი ქალაქს.

ედუარდ სურმანიძისაგან განსხვავებით თბილისის საკრებულოს პოლიტიკური ანგაჟირებულობისა და ქალაქისათვის მრავალპარტიული საკრებულოს სარგებლიანობისადმი სხვა შეხედულებები ჰქონდა თბილისის სათათბიროს არაერთგზის ხმოსანს ნიკო ნიკოლაძეს. ციტატა გაზეთ ”ნოვოე ობოზრენიეში” მის მიერ 1892 წელს დაწერილი სტატიიდან:

[დიქტორის ხმა] ”ჩვენი სათათბიროს ყველა შემადგენლობიდან მხოლოდ ორი განირჩეოდა შემადგენლობის მრავალფეროვნებით და პარტიათა ბრძოლის ინტენსივობით 1879 წლის და 1891 წლების შემადგენლობები. მხოლოდ ამ პერიოდებში სათათბიროში დუღდა პარტიების ბრძოლა, იყო ცხარე კამათი. რაც კი თბილისის თვითმმართველობამ კარგი გააკეთა ძირითადად უნდა ვუმადლოდეთ ამ შემადგენლობების სათათბიროს. მრავალპარტიულობა და კამათი სათათბიროში ქალაქის საქმისათვის სასარგებლოა”.

კიდევ ერთი ისტორიული პარალელი: მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში სერგეი მესხი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და სხვები პეტერბურგელ ჩინოვნიკებს თბილისისათვის რალური თვითმმართველობის მიცემას აუცილებლობას უსაბუთებდნენ, პეტერბურგიდან მოსულ პასუხში კი ეწერა, რომ ქართული საზოგადოება არ იყო მზად უფრო მეტი თვითმმართველობისათვის. მოგვიანებით ეს რეჟიმი რევოლუციამ დაასამარა. თანამედროვე საქართველოში რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ქართველი ჩინოვნიკები არც მეტი არც ნაკლები რუსეთის იმპერიის მოხელეთა სიტყვებს იშველიებენ და საუკუნენახევრის შემდეგ ჩივიან, რომ მეტი თვითმმართველობსათვის ქართული საზოგადოება მზად არ არის. არადა, თბილისის ”პოლიტიკურად მოუმწიფარი” საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას გამოკითხვათა თანახმად 1500 წლის შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელის პირდაპირი წესით არჩევა სურს.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი


კონფლიქტი და კონფერენცია: პირველი ნაბიჯი შიდა გარკვეულობისაკენ
]
ბიძინა რამიშვილი:
შაბათს, 9 ივლისს დაბა ჩაქვში იწყება კონფერენცია, რომელიც სამხრეთი ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქთან საქართველოს კონფლიქტს შეეხება. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციას არავინ დაესწრება სამხრეთი ოსეთიდან. ეს, შესაძლოა, უკეთესიც იყოს: კონფერენცია კონფლიქტის საკითხებზე ხომ პირველად იმართება და იქ ჯერ ქართულ მხარეს მოუწევს საკუთარი პოზიციის გარკვევა და ჩამოყალიბება. დავით პაიჭაძე შეეცადა, შეეტყო ზოგიერთი მიდგომა, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარუდგენს საზოგადოებას.

დავით პაიჭაძე:
კონფერენციის მოწვევას სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის საკითხებზე თითქმის ერთი წლის ისტორია აქვს: შარშან ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისა და იქიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უნდა გამართულიყო საერთაშორისო კონფერენცია კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებზე. მაშინ ასეთი კონფერენციის ორგანიზებას რუსეთმა ქმედითი წინააღმდეგობა გაუწია. 2005 წლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა გაამჟღავნა კონფლიქტის მოგვარების ხედვა და ინიციატივის სახით პრეზიდენტის ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა. ცხადია, ეს არ არის ერთადერთი ტექსტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის შენელებისა და შემდგომ მოგვარებისათვის აქვს მომზადებული.

თამარ კოვზირიძე, ფედერალიზმის საკითხთა ექსპერტი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა სწორედ ფედერალურ პრინციპებზე დამყარებული კონცეფციაა:

[კოვზირიძის ხმა] “აქ ძირითადად ლაპარაკია იმაზე, რომ ოსეთს ექნება გარკვეული, საკმაოდ მაღალი ავტონომიური სტატუსი, ექნება ექსკლუზიური კომპეტენციები, ანუ სუვერენული უფლებები, რომელთაც განახორციელენს თვითონ, შიდაპოლიტიკურ დონეზე ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება გარკვეულ სფეროებში. სწორედ ეს არის ძირითადი ნიშან-თვისებები, რომლებიც გააჩნიათ ფედერალური სახელმწიფოების ერთეულებს”.

როგორც ცნობილია, ოსური მხარე ქართულთან მოლაპარაკების დროს ძირითადად ხისტი პოზიციებით გამოდის. თამარ კოვზირიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიზებული საკითხებით, მაგალითად, სტატუსით, ტერიტორიული მთლიანობით, სუვერენიტეტით დისკუსიის დაწყება ამ დისკუსიას ძალიან მალე შეიყვანს ჩიხში. მოლაპარაკებაზე სჯობს, წამოსწიონ საკითხი, რომლის განხილვა-გაზიარებაზე მეორე მხარეც წამოვა. ასეთი საკითხია ეკონომიკური თანამშრომლობა. ვინაიდან ლეგალური ეკონომიკური თანამშრომლობა ქართულ და ოსურ მხარეებს არ ჰქონიათ, ასეთ შემთხვევაში, თამარ კოვზირიძის აზრით, მნიშვნელოვანია ნეიტრალური დონორი ორგანიზაციების ჩართვა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, ვთხოვე, აღეწერა მხარეთა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლო ასპექტები:

[კოვზირიძის ხმა] “გამოვყოფ 2 ტიპის პროექტებს: ერთნი ქმნიან საზოგადოებრივი სარგებლობისათვის ღირებულ პროდუქტს - ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, ტელეკომუნიკაციის საშუალებებს და არსებობს ეკონომიკური პროექტები, რომლებიც მიმართულია კონკრეტულ მეწარმეზე, პირადი და კერძო ინტერესების მატარებელ აგენტზე. სწორედ საზოგადო ღირებულების მქონე პროექტებში შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა, რათა ქართველები და ოსები ერთად დასაქმდნენ ასეთი პროექტების განხორციელებაში”.

ცხადია, ეკონომიკური თანამშრომლობა არ იქნება ერთადერთი საკითხი, რომელსაც კონფერენციის მონაწილენი განიხილავენ. ცნობილია, რომ კონფლიქტის დროს დაზარალებულ მოქალაქეთა ქონებრივი უფლებები აღდგენა აუცილებელი პირობაა კონფლიქტის მოსაგვარებლად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კოტე ვარძელაშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის შედეგად საქარველოს მოქალაქე დაახლოებით 60 ათასი ეთნიკური ოსი დაზარალდა და დღეს სახელმწიფო აპირებს, აღუდგინოს მათ წლების წინ საქართველოში დატოვებული ქონება და გამოთქვამს მზადყოფნას, კომპენსაციაც გადაუხადოს განცდილი მორალური ზიანისათვის. საამისოდ კანონპროექტიც მოამზადეს.

[ვარძელაშვილის ხმა] “შეთავაზება უკვე არის. ჩვენ გვქონდა საშუალება, არაფორმალურ ვითარებაში განგვეხილა კანონპროექტის ძირითადი ასპექტები. დაინტერესება იქიდან არის - ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ხელისუფლებას. და არის იმედი, რომ მომავალში ეს კონტაქტები უფრო გაღრმავდება”.

კონტაქტების გაღრმავებამდე სამხრეთ ოსეთის მხარე უაღრესი სკეპტიციზმით ეკიდება საქართველოს ინიციატივებს. მაღალკი ალბათობით, რეგიონის ხელისუფლება ამ საკითხშიც რუსეთის ძლიერ გავლენას განიცდის, რომელიც არ ანებებს რესტიტუციისა და რაბილიტაციის საკითხთა განხილვაში სერიოზულ ჩაბმას. სიმპტომური იყო ამას წინათ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცხინვალში ასლან აბაშიძისა და მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ხელშეწყობით მნიშვნელოვანი დახმარება ჩაიტანეს. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არც უცდია, თანმიმდევრულად აცნობოს და დაარწმუნოს სამხრეთ ოსეთის მკვიდრნი და საქართველოდან ლტოლვილ ოსი მოქალაქეები, რომ გადაწყვეტილი აქვს, აღუდგინოს მათ ქონებრივი უფლებები და კომპენსაციაც მისცეს. ჩაქვის კონფერენცია არის პირველი ცდა, გავრცელდეს ასეთი შეტყობინება.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლება, თბილისი


როგორ ისვენებენ თბილისელები

ბიძინა რამიშვილი:
თბილისში ძალიან ჩამოცხა. ჰიდრომეტცენტრის პროგნოზი თბილისელებისთვის სანუგეშოდ არ ჟღერს: სავარაუდოდ, ივლისი თბილისში ჩვეულებრივზე ცხელი იქნება. შესაბამისად, ყველა ცდილობს, თავი დააღწიოს ქალაქის ბუღს და ბუნების წიაღში დაისვენოს.

თამარ ჩიქოვანმა იმის გარკვევა სცადა, ვინ სად და როგორ გეგმავს დასვენებას.


თამარ ჩიქოვანი:
15-20 წლის წინ საქართველოში დასვენების ასეთი ტრადიცია არსებობდა: როგორც წესი, ორ კვირას ოჯახი მთაში ატარებდა, აგვისტოში კი დამსვენებელთა უმრავლესობას გეზი შავი ზღვისპირეთის კურორტებისკენ ჰქონდა აღებული.

დღეს თბილისელთა მცირე ჯგუფი დასასვენებლად უცხოურ კურორტებს ირჩევს - თურქეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის ან ესპანეთის. უფრო მოკრძალებული შემოსავლის მქონენი - დასაქმებულებს ვგულისხმობ - არჩევანს ზღვის სასარგებლოდ აკეთებენ. თუმცა მათგან ბევრი ზღვაზე გამგზავრებამდე სახლს თბილისის მახლობლად ქირაობს - წყნეთში, კოჯორსა ან ოქროყანაში - და სამსახურშიც იქიდან დადის.

ლენას, რომელიც ორი მოზარდი შვილის პატრონია, გაუმართლა: კოჯორში პატარა კოტეჯი ერთი თვით საკმაოდ იაფად - 300 ლარად -იქირავა:

[ლენას ხმა] „ოროთახიანი კოტეჯია ერთი ოჯახისთვის. წყალი დღეში ორი საათით მოდის. არა, ბავშვების გართობისთვის ბევრი არაფერია - ჩემი მეგობრების შვილები ისვენებენ იქვე და ერთად გაერთობიან. ერთი გაუბედურებული პარკია. არა, კინო აღარ მუშაობს.“

ჩემი კიდევ ერთი რესპონდენტი - ახალგაზრდა ოჯახის დიასახლისი ნინო - იმ დროს იხსენებს, როცა დასასვენებლად მშობლებთან ერთად რუსეთის კურორტებზე დადიოდა:

[ ნინოს ხმა] „ ადრე ხშირად დავდიოდით რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში - ესენტუკში, კისლოვოდსკში. ახლა არ ვიცი, სად წავალთ. ფინანსურმა მდგომარეობამ თუ შეგვიწყო ხელი, ჩვენს კურორტებზე წავალთ - უფრო ზღვაზე. თუ წვიმები დაემთხვა და ასეთი უბედური ამინდები, ეგ იმედებიც გაგვიცრუვდება. მაშინ სოფელში წავალთ - საკუთარ სოფელში.“

[მუსიკა.]

[მიას ხმა] „სოფელში როგორ მინდა....წამიყვან? ზაფხულში უნდა დავისვენო. ბაღი დამთავრდა და უნდა წავიდეთ! ხომ კარგად მოვიფიქრე? კარგია სოფელი...“

4 წლის მიას ერთი სული აქვს, როდის წავა სოფელში. მართალია, კახეთში ზაფხულში არანაკლებ ცხელა, ვიდრე თბილისში, მაგრამ ზღვაზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღის სოფელში გატარება ბევრი თბილისელისთვის საკმაოდ ხელსაყრელია.

მიასგან განსხვავებით, 20 წლის სალომემ დანამდვილებით იცის, რომ ზაფხულს ზღვაზე გაატარებს:

[სალომეს ხმა] „ზღვაზე რომ არ წავიდე, ეგეთი რამ არ ხდება. ოჯახი მაფინანსებს...“

ბოლო ცნობებით, აჭარაში გამოიდარა. ასე რომ, მალე დამსვენებლები ზღვისკენ დაიძვრებიან.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი


ინტერვიუ გია მელიქიშვილთან

ბიძინა რამიშვილი:
ნიუ იორკში მცხოვრები ჯაზის ახალგაზრდა მუსიკოსი, მედოლე გია მელიქიშვილი, სამი წლის წინ იყო სტუმრად მეათე სტუდიაში. ამ სამი წლის განმავლობაში მისი მუსიკალური სტილი განვითარდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. ამ ხნის მანძილზე მან უკვე მყარად დაიმკივდრა ადგილი ნიუ იორკის მუსიკალურ სამყაროში. გასულ წელს გამოვიდა გია მელიქიშვილის პირველი კომპაქტ დისკი სახელწოდებით Winding Road – "მიხვეულ-მოხვეული გზა", რომლის ბროშურაში შეგიძლიათ ამოიკითხოთ გია მელიქიშვილის, როგორც მუსიკოსის, კომპოზიტორისა და ჯგუფის ლიდერის კრედო: "ეს კომპოზიციები ღრმად პიროვნულია და ასახავს გიას წარმოდგენას ზოგადად მუსიკაზე, როგორც ადამიანის მიერ ბგერის საშუალებით მშვენიერების გამოხატვაზე, და, კერძოდ, ჯაზზე, როგორც იმპროვიზაციასა და ურთიერთმოქმედებაზე მოცემული სტრუქტურის ფარგლებში, რაც ჰარმონიული, რიტმული და მელოდიური თვალსაზრისით შეიძლება და უნდა იყოს თავისუფალი დოგმებისგან... გიას აზრით, ნებისმიერი ჭეშმარიტი და გულწრფელი ხელოვნება არის სიახლეებით აღსავსე მიხვეულ-მოხვეული გზა, რომელიც გახსნილობას მოითხოვს როგორც ხელოვანისგან, ისე მსმენელისგან."
უფრო მეტს ქართველი მუსიკოსისა და მისი მუსიკის შესახებ შეიტყობთ მასთან აღებული ინტერვიუდან. გია მელიქიშვილს ამ დღეებში ტელეფონით დავუკავშირდით ნიუ იორკში.

იხ. აუდიოვერსია.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
გია მელიქიშვილის კომპოზიციით Once Upon A Time In The East დასრულდა რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადა და ბიძინა რამიშვილმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

XS
SM
MD
LG