Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს?


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართული გაზეთები, როგორც წესი, მრავალ საკითხს შეეხნენ, მაგრამ თემა, რომელსაც კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე აშუქებდა პრესა,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესი გახლდათ, უფრო ზუსტად, ამ პროცესის სხვადასხვა ინტერპრეტაცია. ასე მაგალითად, სამშაბათის, 5 ივლისის გაზეთი “რეზონანსი” წერდა:

“უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელთა ანაზღაურება გრანტების სისტემით მოხდება. ვინც საგრანტო დაფინანსება ვერ მიიღო, ერთი წლის მანძილზე ანაზღაურებას სტიპენდიის სახით მიიღებს, სანამ კიდევ ექნება კონკურსში მონაწილეობის საშუალება. თუ ამ კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ, ეს სტიპენდია კიდევ ერთი წელი ექნებათ, ესე იგი, სამეცნიერო განაცხადის გაკეთების ორი შანსი ეძლევათ”.

ოთხშაბათის, 6 ივლისის “ახალი თაობა” კი წერს, რომ “უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიებისათვის განკუთვნილი თანხა განათლების სამინისტრომ წაიღო და გრანტები თითქოს სწორედ ამ თანხიდან უნდა მიეცათ მეცნიერ-თანამშრომლებისთვის. უნივერსიტეტი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, ახლა სახეზე გვაქვს სასწავლო, მაგრამ სულ ცოტა ხანში სასწავლო ფუნქციასაც დაემუქრება საფრთხე. უნივერსიტეტი მოკლეს” – იუწყება გაზეთი “ახალი თაობა”.

გაზეთი “ხვალინდელი დღე” არ ამხელს სარწმუნო წყაროს ვინაობას, რომლის თანახმად, “დაუმორჩილობლობის კომიტეტები თურმე ყველა უნივერსიტეტში იქმნება. თუ საჭირო ფახდება, შიმშილობასა და გზების გადაკეტვის აქციებზეც არ იტყვიან უარს. სექტემბრიდან უკვე სტუდენტებიც წაეშველებიან, რომელთა გარეშე დარჩენილი პროფესურა ისე მედგარ წინააღმდეგობას ვერ უწევს განათლების სამინისტროს.”

დარჩება თუ არა უნივერსიტეტი მეცნიერების გარეშე? – ასე დგას საკითხი 8 ივლისის გაზეთ “24 საათში”. გაზეთში ვკითხულობთ: “სამეცნიერო შტატების შემცირებას რაც შეეხება, საქართველოშიო მოხდა უპრეცედენტო მოვლენა, რამა კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა. განათლების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ჯგუფმა, ვინც ეს კონკურსი ჩაატარა, მოახერხა, რომ მათი გვარები არ გამჟღავნებულიყო. ეს აუცილებელია ობიექტური რეცენზირებისათვის. არაობიექტურობის ერთ-ერთი მიზეზი კი არაკომპეტენტურობაა, მაგრამ საქართველოში უფრო მთავარია პროტექციონიზმი. დაგადგება თავზე 40 პროტექტორი და გაგაკეთებინებენ იმას, რაც არ გინდა. ეს არის ქართული”.

შაბათის, 9 ივლისის პრესაც აგრძელებს განათლების საკითხებზე წერას, ოღონდ სხვა ასპექტით. იმავე “რეზონანსში” წაიკითხავთ, რომ 8 ივლისიდან 21 ივლისამდე ყველა საგამოცდო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაიცავენ, ხოლო გამოცდები მას შემდეგ დაიწყება, რაც აბიტურიენტები და დამკვირვებლები სპეციალურ დეტექტორზე შემოწმებას გაივლიან.

“ახალი თაობა” მკითხველს აუწყებს, რომ პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. გაზეთს მოჰყავს უშიშროების საბჭოს მდივნის, გელა ბეჟუაშვილის განმარტება, რომ კონცეფციიდან გამომდინარე, შეიქმნება თავდაცვის სტრატეგია, სამხედრო დოქტრინა და საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. გაზეთი იქვე აქვეყნებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა რურუას სიტყვებს, რომ, როგორც კი საფრთხეები შეიცვლება, დოკუმენტიც განახლდება”.

გაზეთი “ალია” ეხმაურება წითელი ხიდის საბაჟოზე აზერბაიჯანელი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს და წერს: “თვითმხილველთა განცხადებით, მებაჟეები იმპორტიორებს ზედმეტ გადასახადებს სთოვენ, რასაც, ბუნებრივია, აპროტესტებენ. გადასახადების კლასიფიკაციაში თვითონ მებაჟეებიც არ არიან გარკვეულნი, რადგან არსებობს უამრავი სახის გადასახადი და მებაჟეებმა არ იცია, ეს პროცედურები როგორ წარმართონ.”

გაზეთი “24 საათი” თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის, გიორგი თავდგირიძის გადაყენების შესახებ გამოქვეყნებულ წერილში ამტკიცებს, რომ გადაყენება უკავშირდება თავდგირიძის დაპირისპირებას გენშტაბის უფროსის მოადგილესთან, დავით ნაირაშვილთან. მათ სრულიად საპირისპირო შეხედულებები აქვთ ოფიცრების მომზადების მოდელთან დაკავშირებით. თავდგირიძეს ორიდან ერთი უნდა დაეთმო: ან პოზიცია, ან თანამდებობა” - წერს “24 საათი”.
XS
SM
MD
LG