Accessibility links

logo-print

რატომ დააპატიმრეს ''ნიუ-იორკ თაიმსის'' ჟურნალისტი?


"ნიუ-იორკ თაიმსის" კორესპონდენტს ჯუდით მილერს რამდენიმე თვის გატარება ციხეში მოუწევს იმის გამო, რომ მან კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს ვინაობა არ გათქვა.

მილერმა არ დაასახელა ადამიანი, რომელმაც მას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი აგენტის სახელი აცნობა. ეს ამბავი, რომელსაც უფლებათა დამცველები თავისუფალი მედიის გამოცდას უწოდებენ, შეერთებული შტატების მიერ ერაყში ომის დაწყების გამართლების ისტორიას უკავშირდება.

2003 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოკავშირეების ძებნასა და შემოკრებას შეუდგა - მოკავშირეებისა, რომლებიც ამერიკას ერაყთან გარდაუვალ ომში მხარში ამოუდგებოდნენ. ამისათვის საჭირო იყო არგუმენტები და ბუშმა ერთხელ ასეთი რამეც თქვა:

(ჯორჯ ბუშის ხმა) “ბრიტანეთის მთავრობამ შეიტყო, რომ სადამ ჰუსეინმა ბოლო პერიოდში აფრიკიდან დიდი რაოდენობის ურანი შემოიტანა."

ნიგერიული ურანი მხოლოდ ერთი მცირე ფრაგმენტი იყო იმ საერთო სურათისა, რომლის დახმარებითაც შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერაყის ომის გამართლებას ცდილობდა. ამერიკას სურდა მსოფლიოს დარწმუნება იმაში, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა.

ერაყის საფრთხესთან დაკავშირებული ხმამაღალი განცხადებებიდან სრული ორი თვეც კი არ იყო გასული, რომ შეერთებული შტატების კოალიციის ძალები უკვე ერაყში იყვნენ. თუმცა იქ მასობრივი განადგურების იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

ივლისში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იოსეფ ვილსონმა, რომელიც სავარაუდო გარიგების გამოსაძიებლად თავად იმყოფებოდა აფრიკაში, სერიოზული ეჭვი გამოთქვა ნიგერიიდან ერაყში ურანის შეტანასთან დაკავშირებით. ეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კრიტიკა იყო:

(იოსეფ ვილსონის ხმა) "ან აქვს ადმინისტრაციას გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც არ ახმაურებს, ანდა, დიახაც, ის შერჩევით უდგება ფაქტებსა და მათ აღქმას, რათა გაამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია."

ამ სიტყვების შემდეგ იოსეფ ვილსონი სულ მალე თავად გახდა კრიტიკის სამიზნე. გავრცელდა ცნობა, რომ ნიგერიაში ის, ძირითადად, თავისი ცოლის ვალერია პლეიმის გამო იმყოფებოდა და რომ ვალერია პლეიმი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი იყო. ეს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის წყაროც თავად მთავრობაში იყო, ერთდროულად 3 ჟურნალისტს აღმოაჩნდა. მათ შორის იყო "ნიუ-იორკ თაიმსის" კორესპონდენტი ჯუდით მილერი, რომელიც ამჟამად დაჭერილია. მაგრამ სასამართლომ ციხეში არა ამ ინფორმაციის მოპოვების, ანდა გავრცელებისთვის გაამწესა (მით უმეტეს, რომ ჟურნალისტს ეს ინფორმაცია, ფაქტობრივად, არც კი გამოუქვეყნებია), არამედ იმიტომ, რომ მან არ გაამხილა კონფიდენციალური წყაროს გვარი და სახელი. მიიჩნევა, რომ ამით მილერმა ხელი შეუშალა გამოძიებას და შეაფერხა იმ ადამიანის მოძებნა, რომელსაც აგენტის ვინაობის გამხელის უფლება არ ჰქონდა.

ფედერალურმა სასამართლომ ჯუდით მილერი ციხეში ოთხშაბათს გაგზავნა. ადვოკატი ფლოიდ აბრამსი, რომელიც ვერაფერს გახდა, ჟურნალისტს პრინციპულ და ერთგულ ადამიანად ახასიათებს:

(ფლოიდ აბრამსის ხმა) "მან ასეთი არჩევანი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში წასვლის განსაკუთრებული სურვილი არ ჰქონია. მან არჩია მთელი სიმძიმე თავად ეტვირთა და ციხეში ჩამჯდარიყო, ვიდრე ეღალატა წყაროსთვის, რომელსაც კონფიდენციალობის დაცვას შეჰპირდა. ამისთვის ის ნამდვილად პატივისცემის ღირსია და მე ვფიქრობ, რომ ისტორია სცემს კიდეც პატივს."

მილერის დაპატიმრებამ სასტიკად შეაშფოთა ჟურნალისტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთმა ფაქტებმა, შესაძლოა, საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება შეაფერხოს. დეივიდ დეჯი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ შეერთებული შტატების მაგალითი, შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს:

(დეივიდ დეჯის ხმა) "როდესაც პრესის თავისუფლების მხარდამჭერ ქვეყნებში ჟურნალისტებს ციხეში სვამენ, ეს უკვე გამართლებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ზღუდავენ პრესის თავისუფლებას, სადაც უარყოფითად რეაგირებენ ყოველგვარ კრიტიკაზე, რომელიც ვიღაცის მიზნის მიღწევასა და ამბიციის დაკმაყოფილებას უშლის ხელს. ვშიშობ, რომ ასეთი ქვეყნები ამ შემთხვევას სათავისოდ გამოიყენებენ, მაგალითად გაიხდიან და, შესაძლოა, მასობრივი ინფორმაციის საკუთარ საშუალებებსაც ანალოგიურად მოექცნენ."

თუკი ჯუდით მილერი კომპრომისზე არ წავა და წყაროს ვინაობას არ დაასახელებს (რაც ნაკლებად არის მოსალოდნელი), საპატიმროში ყოფნა მას ოქტომბრის ბოლომდე მოუწევს, ანუ ვიდრე გამოძიებისთვის განკუთვნილი ვადა არ ამოიწურება.
XS
SM
MD
LG