Accessibility links

რუსეთი გაზის გაძვირებით გვემუქრება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პოსტსაბჭოთა სივრცეში ”ფერადი რევოლუციებით” გაღიზიანებული რუსეთი ყოფილ ”ურჩ მოძმე რესპუბლიკებს” ენერგეტიკულ ”მოხრჩობას” უპირებს და ბუნებრივი აირის

ტარიფის გაძვირებით იმუქრება. რუსეთის სახელმწიფო დუმა საკუთარ მთავრობას მოუწოდებს, რომ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს გაზი მსოფლიო ფასებში მიაწოდოს.

რუსი დეპუტატების ეს გადაწყვეტილება დასავლეთზე ორიენტირებული ყოფილი ”მოძმე რესპუბლიკებისათვის” ძალის მორიგი დემონსტრირების მცდელობაა. ენერგეტიკულ ბლოკადას, სატარიფო ომს და მსგავს ეკონომიკურ სანქციებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან კარგა ხანია შეჩვეულნი ვართ, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, რუსეთის სათათბიროს მიმართვას საქართველოში მაინც მოჰყვა გაღიზიანება ცალკეული პოლიტიკოსებისა, რომლებიც რუსეთის ამ ნაბიჯის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ. სხვათა შორის, არც სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებს დაუმალავთ, რომ მათ, დიახაც რომ, პოლიტიკური მოტივაცია ამოძრავებთ. დუმის ვიცე-სპიკერი ლუბოვ სლისკა, რომელიც არც აქამდე ყოფილა შემჩნეული საქართველოს მიმართ გადამეტებულ კეთილგანწყობაში, საკუთარი მთავრობისაგან საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილების დროულ შესრულებას მოითხოვს:

[ლუბოვ სლისკას ხმა] “ჩვენ არა მარტო ამგვარი ქაღალდები უნდა ვგზავნოთ მთავრობაში, არამედ მათგან კონკრეტული რეზულტატიც უნდა მივიღოთ, რომ გადაიხედოს ფასები. შეიძლება ვადა შემოდგომამადე მივცეთ, რათა ეს ფასები მსოფლიო დონეს მიუახლოვდეს. დაუშვებელია, რომ ქვეყნები, რომელთაც მოხმარებული რუსული გაზის საფასური მართებთ, ეწევიან აშკარა ანტირუსულ პოლიტიკას და, ამავდროულად, ავიწყდებათ, თუ რამდენი ვალი აქვთ ჩვენი.”

საინტერესოა, რომ გაზზე ტარიფის გაზრდა დაგეგმილია სწორედ შემოდგომისათვის, როდესაც ბუნებრივი აირის მოხმარება საგრძნობლად იზრდება და იმავე საქართველოში გაზის, როგორც ძირითადი ენერგეტიკული რესურსის, დატვირთვა დიდია. მოწოდებული გაზის გაძვირება მომხმარებლისათვის ტარიფის ავტომატურ გაზრდას ნიშნავს. შემოდგომა-ზამთარი ამგვარი სანქციებისა და, შესაბამისად, პოლიტიკური ზეწოლისათვის, მართლაც, იდეალური პერიოდია, რისი გამოყენების შანსს გაღიზიანებული რუსეთი ძნელად თუ გაუშვებს ხელიდან. თუმცა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი, რომელიც თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, გვამშვიდებს, რომ სათათბიროს თავისი საქმე აქვს და თავისი გეგმით მოქმედებს, ხოლო ტარიფის საკითხი, საბოლოოდ, მთავრობის გადასაწყვეტია, რომელიც, ლევიტინის თქმით, შეთანხმებების ერთგულია -შესაბამისად, იგი ამ ეტაპზე გაზის გაძვირების საკითხს თავის ქართველ კოლეგებთან არ აყენებს. ამ განცხადების მიუხედავად, ძნელი დასაჯერებელია, ტარიფის თემა რუს დეპუტატებს, რომლებიც კრემლისადმი უსიტყვო მორჩილებით არიან ცნობილნი, თავიანთი ინიციატივით წამოეწიოთ.

რუსი დეპუტატები ბუნებრივი აირის საფასურის დავალიანებაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ბოლო პერიოდში საქართველო მოხმარებული გაზის კარგი გადამხდელია, თანაც ბუნებრივი აირის ჯერჯერობით უალტერნატივო მომწოდებელს, რუსულ ენერგოგიგანტ ”გაზპრომს”, საქართველოში თავისი ინტერესები აქვს და მისთვის გაზის გადაკეტვა მაინცდამაინც ხელსაყრელი არ უნდა იყოს. თუმცა ”გაზპრომი” ის სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც თავის ქმედებებში მთლად ეკონომიკური მოტივებით არ ოპერირებს და რომელიც პირდაპირ კავშირშია კრემლის ინტერესებთან. იმაზე, რომ სათათბიროს გადაწყვეტილება, ძირითადად, პოლიტიკური ნაბიჯია, უკრაინისადმი დამოკიდებულებაც მეტყველებს. რუსეთი კუჩმას რეჟიმს ბუნებრივ აირს, საქართველოსთან შედარებით, ნაკლებ ფასში აწვდიდა: მაშინ, როდესაც ჩვენთვის რუსული გაზის ტარიფი 1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით 60 აშშ დოლარს შეადგენს, უკრაინა იმავე ოდენობის ბუნებრივ აირს 44 დოლარად იძენდა. ”ნარინჯისფერმა რევოლუციამ” რუსული გაზის ფასი 52 დოლარამდე ასწია. ამჯერად სათათბირო ამ ტარიფის 65-70 დოლარამდე გაზრდას ითხოვს. სავარაუდოდ, დაახლოებით ამდენის გადახდა მოუწევს საქართველოს, თუ დუმის გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ შეასრულა. ორმაგი სტანდარტი ან, თუ გნებავთ, ორმაგი ტარიფი რუსეთისათვის უცხო ხილი არ გახლავთ. ამგვარ სტანდარტებს არ უარყოფს ლიბერალ-დემოკრატი ალექსეი მიტროფანოვი, რომელიც დსთ-ს სივრცეში დღემდე მოქმედ სატარიფო პოლიტიკას ”გაზის სოციალიზმს” უწოდებს და მიესალმება თავისი კოლეგების გადაწყვეტილებას, თუ ამ სოციალიზმს წერტილი დაესმება:

[ალექსეი მიტროფანოვის ხმა] ”რუსეთი მივიდა იმ ზღვრამდე, როდესაც მზად არის წერტილი დაუსვას ”გაზის სოციალიზმს”, რომელსაც ჩვენ 10-15 წელია ვეწეოდით და მხარს ვუჭერდით. ჩვენ, უბრალოდ, მსოფლიო ფასებზე გადავალთ.”

თუმცა ”გაზის სოციალიზმი” არ დასრულდება ბელორუსიისათვის, რომლის ლიდერის დასავლური ფასეულობებისადმი დამოკიდებულება რუსეთისთვის, როგორც ჩანს, მისაბაძი მაგალითია. საქართველოს, ბალტიისპირეთის, უკრაინისა და მოლდოვასთვის გაზის შესაძლო გაძვირების შემთხვევაში, ბელორუსია ბუნებრივ აირს ისევ 34 დოლარად მიიღებს.

იმაში, რომ რუსეთი თავის ენერგეტიკულ კოზირს ყოველ შესაძლო მომენტში აჩენდა და გამოაჩენს, არაფერი ახალი და მოულოდნელი არ არის, მოულოდნელია მხოლოდ ის წყენანარევი ტონი, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ამ დღეებში ფიქსირდება. სანამ საქართველო ბუნებრივი აირის ერთ მომწოდებელზე იქნება დამოკიდებული და ენერგეტიკულად დაუცველი, ჩვენ ამ მომწოდებლის პოლიტიკური ”ხუშტურებისათვის” მზად უნდა ვიყოთ.
XS
SM
MD
LG