Accessibility links

logo-print

„გაერთიანებული ებრაული დიასპორების“ ვიზიტი საქართველოში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში სტუმრად იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების

"გაერთიანებული ებრაული დიასპორების" დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის, აღმოსავლეთ ევროპისა და ისრაელის ებრაულ ორგანიზაციათა მსხვილი დონორები; მედიის, მრეწველობისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წამყვან კორპორაციათა მმართველი საბჭოების წევრები. დელეგაცია საქართველოში 13 ივლისამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ებრაულ დიასპორათა წარმომადგენლებთან.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1989 წელს საქართველოში 25 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა, 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი, მათი რაოდენობა 4 ათასს არ აღემატება.

[მამაკაცის ხმა] „თორაზე დგას მთელი მსოფლიო, გამჩენმა მოგვცა ეს თორა და მხიარულად აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს.“

[მამაკაცის ხმა] „ის არის ხერხემალი, მასზე არის აწყობილი მთელი ცხოვრება, მის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება.“

ქართველი ებრაელების უმეტესობა თბილისში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები საქართველოს მთელი მოსახლეობის 0,1 პროცენტს შეადგენენ, ისინი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ ცხოვრებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ბადრიძის ინფორმაციით, „გაერთიანებული ებრაული დიასპორების“ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება, სამდღიანი ვიზიტით სწვეოდა საქართველოს, დიდწილად ორმა ფაქტორმა - ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანმა მშვიდობიანმა თანაცხოვრებამ და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა - განაპირობა:

[გიორგი ბადრიძის ხმა] „მათი ცხოვრება და თანაცხოვრება ქართველებთან არის სამაგალითო მთელი მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, სამართლიანია ის ინტერესი, რომელსაც ამერიკული ებრაელობა იჩენს. ორი რამე აინტერესებთ: ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა, რომელიც არის გარდაქმნის პერიოდში, და, მეორე მხრივ, ჩვენი ებრაელობის ისტორია არის უნიკალური და საინტერესო მათთვის. ასევე არსებობს გარკვეული ბიზნესინტერესი, რომელიც ინვესტიციების ჩადებას უკავშირდება.“ (სტილი დაცულია)

გიორგი ბადრიძის თქმით, სტუმრები, საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ებრაული დიასპორისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. გაზეთ „შალომის“ რედაქტორის ლევ სამოვსკის ინფორმაციით, ამერიკის „გაერთიანებული დიასპორების“ დელეგაცია თბილისში ორ ებრაულ ორგანიზაციას - “ჯოინთსა” და საქართველოში მსოფლიო ებრაული სააგენტოს წარმომადგენლობას - ეწვევა:

[ლევ სამოვსკის ხმა] „ერთი არის ჩვენ ორგანიზაცია, „ებრაული სააგენტო“, და არის „ჯოინთი“, რომელიც ეხმარება დაუძლურებულ, მოხუც ადამიანებს, ხოლო ჩვენ ვეხმარებით ისრაელთან დაკავშირებაში, გვაქვს ებრაული სასწავლო ცენტრი და ასე შემდეგ, პლუს ამას რეპატრიაციაში დახმარება იმათ, ვინც წასვლის სურვილი გამოთქვა.“ (სტილი დაცულია)

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველოში ებრაული დიასპორებისათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობები, საქართველო-ისრაელისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ამერიკის შეერთებული შტატების „გაერთიანებული ებრაული დიასპორების“ დელეგაცია საქართველოს 13 ივლისს დატოვებს, თუმცა მანამდე, 12 ივლისს, 19 საათზე,დელეგაციის წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებენ.
XS
SM
MD
LG