Accessibility links

logo-print

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო


საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მოსურნე ახალგაზრდები გამოცდების პირველ ეტაპზე

ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გადიან. სრულიად ახლებური სტილის მისაღები გამოცდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გახსნილ 14 საგამოცდო ცენტრში ტარდება. გამოცდები 26 ივლისამდე გაგრძელდება, მის შედეგებს კი აბიტურიენტები გამოცდების დასრულებიდან ერთ თვეში შეიტყობენ. როგორ დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში და როგორია პირველი შთაბეჭდილებები, რაც ამ გამოცდებმა აბიტურიენტებზე დატოვა?


ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 11 ივლისს ხალხმრავლობა იყო. იქ განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ტესტური გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დილის 10 საათზე დაიწყო და 3 საათს გასტანა. ისევე როგორც სხვა საგამოცდო ცენტრებში, პირველ ტესტურ გამოცდას აქაც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სხვადასხვა სპეციალობაზე ჩაბარების მოსურნე აბიტურიენტები გადიოდნენ. გამოცდიდან გამოსულები არ ამბობდნენ, რომ ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში რთული იყო, არც გამოცდის მიმდინარეობით ჩანდნენ უკმაყოფილოები. მე გამოცდიდან გამოსულ რამდენიმე აბიტურიენტს გავესაუბრე. უმეტესობაზე პირველმა გამოცდამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, როგორიც კავკასიის ბიზნეს სკოლაში სწავლის გაგრძელების მსურველ მარიამს ჰქონდა:

[მარიამის ხმა] ”ძალიან მშვიდი ატმოსფერო იყო, კარგად გვეპყრობოდნენ, სიმკაცრე იყო - ამდენად, ვერავინ გადაიწერდა. ”

მარიამმა პასუხი ტესტში მოყვანილ ყველა შეკითხვას გასცა და თემაც დაწერა. მას არ შეაქვს ეჭვი იმაში, რომ გამოცდები ობიექტურად ტარდება, თუმცა აბიტურიენტთა ერთ ნაწილს ეჭვები მაინც დარჩა:

[ერთ-ერთი აბიტურიენტის ხმა] ”ვერ ვიტყვი, რომ გაყალბება არ იქნება. კოდირება ვითომ გაკეთდა, მაგრამ მე მგონია, რომ არის შანსი გაყალბება მაინც მოხდეს. ”

არადა, განათლების რეფორმის მესვეურები ირწმუნებიან, რომ გაყალბება პრაქტიკულად გამორიცხულია. ამისა პრეზიდენტსაც სჯერა. 11 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მან სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ გამოცდებით დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს განათლების სისტემაში:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ველოდით. საქართველოს განათლების სისტემაში მთავრდება კორუფციის, ჩაწყობის და ნაცნობობის ეპოქა. დგება შრომით და საკუთარი ნიჭიერებით შედეგის მიღწევის ეტაპი. ”

”11 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ ეტაპზე გამოცდების მიმდინარეობისას, არც ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა არ ყოფილაო, ”- აღნიშნა პირველი ტესტური გამოცდის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა. საგამოცდო ცენტრებთან უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია იცავდა. აბიტურიენტების მშობლებს და ახლობლებს იქ საშუალება ჰქონდათ სპეციალურ მონიტორებზე ედევნებინათ თვალი გამოცდის მიმდინარეობისთვის. აქვე შევნიშნავთ, რომ, საგამოცდო ცენტრებში პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, იქაურობა განნაღმმველებმა შეამოწმეს.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაახლოებით 32 ათასი აბიტურიენტი აბარებს. მათგან ყველაზე მაღალი შეფასების მქონე 4500 აბიტურიენტი მიიღებს სახელმწიფო გრანტს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. აბიტურიენტები წელს მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებიან და ისინი, რომელბიც ვერ შეძლებენ სახელმწიფო გრანტის მოპოვებას, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურს თავად გადაიხდიან. საფასური 1500 ლარს უტოლდება.

აბიტურიენტებს ტესტური გამოცდები 4 საგანში უტარდებათ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, უნარ-ჩვევებში და, ფაკულტეტების მიხედვით, მათემატიკაში. გამოცდები ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნა და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანაც უზრუნველყო ეროვნული გამოცდების ცენტრმა, როგორც იქ ირწმუნებიან სრული კონფიდენციალურობის დაცვით.
XS
SM
MD
LG