Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპიდსიტუაციის პროგნოზი 2005 წლის ზაფხულის თვეებისათვის


ზაფხულის დადგომასთან ერთად გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი საგრძნობლად იზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში

ამასთან დაკავშირებით მიახლოებითი სტატისტიკური პროგნოზიც კი გაკეთდა. კერძოდ, დაავადებათა გავრცელების დინამიკის საფუძველზე გამოყვანილი წინასწარი დასკვნით, მიმდინარე სამი თვის განმავლობაში მოსალოდნელია მალარიის 200, ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული, მენინგოკოკური ინფექციის 10-მდე, დიფტერიის ერთეული და ყივანახველას 2-3 ათეულამდე შემთხვევა. ივლის-აგვისტოს განმავლობაში 30-40 პროცენტით გაიზრდება ნაწლავური ინფექციების რაოდენობა. ინფექციონისტები არ გამორიცხავენ არც ლოკალურ ეპიდაფეთქებებს. მოკლედ, მოსალოდნელი სურათი ცოტა დამთრგუნველიც კია, თუმცა დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით მათზე ყურადღების გამახვილება, უდავოდ, ღირს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ზაფხულის გასულმა ერთმა თვემ საქართველოში, შეიძლება ითქვას, მშვიდობიანად ჩაიარა. სტატისტიკურად აღინიშნა მხოლოდ საკვებისმიერი მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა, კერძოდ, სოკოთი მოწამვლა. დმანისის რაიონში 3 კაცი მოიწამლა, ხოლო გურიაში - 4, მათ შორის - სამი ბავშვი. ზაფხულობით საკვებისმიერი ინტოქსიკაცია საქართველოში ბოლო წლებში ლამის ნორმად ითვლება. ასეთ დროს, სანიტარული წესების დარღვევების შემთხვევებშიც კი, საკვები პროდუქტების გამსაღებლებზე არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ მომხმარებლებსაც. ასე მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს პაატა იმნაძეს.

[პაატა იმნაძის ხმა] ”იცით, რაშია საქმე?! ჩვენი მიდგომა ასეთია, რა, სამწუხაროდ, რომ ვიღაცამ უნდა ყველაფერი გააკეთოს. პროფილაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. მე როცა მეუბნებიან, მაფრთხილებენ, რომ არ იყიდო, ქუჩაში რო კიდია ხორცი, ან ტრასაზე, მაინც თუ ვიყიდი და ჩემს თავს რისკის ქვეშ ვაყენებ, სხვას რატომ სთხოვ მერე პასუხს?” (სტილი დაცულია)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოჩენას რამდენიმე მიმართულებით გვირჩევს. ცენტრი გვაფრთხილებს, რომ დასასვენებელ ადგილებზე კომპაქტური ჯგუფების - მათ შორის, ბავშვთა ბანაკების - დაკომპლექტებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ბავშვთა აცრის სტატუსს. თანაც, საკმაოდ მკაცრად. აუცრელი ბავშვების ყოფნა მსგავს კოლექტივებში დაუშვებლადაც კი ითვლება. თუმცაღა იმუნიზაციით მართვადი ინფექციების გააქტიურებაზე მეტად, თუ ამგვარი შედარება მართებულია, ბავშვებში მიმდინარე წელს ყველაზე დიდ საფრთხედ ლეიშმანიოზის გავრცელება სახელდება. ინდივიდუალური პროფილაქტიკის მთავარი საშუალებები ლეიშმანიოზის გადამტანი მწერის საწინააღმდეგოდ საცხოვრებელი ბინების კარ- ფანჯრებზე ბადეების აკვრაა, შებინდების შემდეგ ბავშვების დახურულ სივრცეში შეყვანაა და, ბოლოს, ეგრეთ წოდებული რეპელენტების გამოყენებაა. ამ უკანასკნელი რიგის საცხებით ბავშვებს და, საჭიროების შემთხვევაში, მოზრდილებს, შიშველ ადგილებზე უსვამენ, რათა მწერი არ მიეკაროს. ლეიშმანიოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის საშუალებებზე ჩვენ ადრეც გვისაუბრია. რაც შეეხება დაავადებულ მაწანწალა ძაღლებს, რომლებიდანაც ავადმყოფობა მცირე ზომის მწერის - ფლებოტომუსის - საშუალებით ადამიანსაც გადაეცემა, ეს საკმაოდ დელიკატური თემაა და მასზე აქცენტი არ კეთდება ხოლმე. თუმცა ფაქტია, რომ არ არსებობს არც სტრატეგია და არც საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ უპატრონო ძაღლებში ავადმყოფებისა და ჯანმრთელების ერთმანეთისგან გარჩევა მოხერხდეს და საამისოდ თანხები მიზნობრივად გამოიყოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის პაატა იმნაძის თქმით, სტატისტიკურად მიმდინარე წელს ყოველ 1000 4 წლამდე ბავშვში ერთი ბავშვის დაავადებაა მოსალოდნელი. მოზრდილებში ასეთი რისკი გაცილებით დაბალია -100000 ადამიანზე ერთი შემთხვევა. თბილისისათვის ლეიშმანიოზი მიმდინარე თვეებში ყველაზე დიდ საფრთხედ ითვლება. რაც შეეხება სრულიად საქართველოს, ტერიტორიების დაყოფის შესაბამისად, მეორე ადგილზე მალარია დგას. მალარიის გავრცელების აქტიური ზონაა მარნეულის რაიონი, აღმოსავლეთი საქართველო, კერძოდ, ალაზნისპირეთი და ლაგოდეხის რაიონი, დასავლეთ საქართველოში -კოლხეთის დაბლობი. ამ ცოტა ხნის წინ მალარიის დიაგნოზით სტაციონარში ხონის რაიონის მკვიდრიც მოხვდა, თუმცა მოგვიანებით დიაგნოზი არ დადასტურდა:

[ლაშა კილაძის ხმა]” ყველაზე უფრო ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენ გვეშინია წყლისმიერი ინფექციების. წყალგაყვანილობა, მოგეხსენებათ, რომ, მთელი იმერეთისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამორტიზებულია და როდის რა შეერევა და რა გადმოხტება, არავინ იცის, წყლისმიერი ინფექციების და, რა თქმა უნდა, ყველაზე ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა ცოფთან დაკავშირებით. (სტილი დაცულია)

იმერეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა კილაძე დასძენს, რომ პოტენციურად საშიშ ამ ორ კერაზე ეპიდემიური აფეთქება მოსალოდნელი არ არის. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ საზოგადოების რეაქცია პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო მუშაობასთან უფრო მეტად ადეკვატური რომ იყოს, დავადებებთან ბრძოლის შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG