Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფორმით - ამერიკული, შინაარსით – ანტიამერიკული”


დღეს დავასრულებთ საუბარს ანტიამერიკული მითის

ისტორიაზე საბჭოთა, მათ შორის, ქართულ კინოში.

“სოციალისტურ სამოთხეს” რაღაც უნდა დაპირისპირებოდა, “რაღაც”, ჯოჯოხეთის მსგავსი... ჯოჯოხეთის სახედ ამერიკა შეირჩა. თუმცა საბჭოთა კულტურაში ამერიკულ ჯოჯოხეთს ყოველთვის ჰქონდა მიმზიდველი იერი. ვლადიმერ მაიაკოვსკი პოემაში “150 მილიონი” თან დასცინოდა ამერიკას, თანაც ვერ მალავდა აღფრთოვანებას ნიუ-იორკის “ფუტურისტული პეიზაჟების” მიმართ. მაქსიმ გორკი ნიუ-იორკს “ყვითელი ჯოჯოხეთის ქალაქს” უწოდებდა, თუმცა ამავე სახელწოდების ნარკვევში აღიარებდა კიდეც, რომ “ყვითელი ეშმაკი”, შესაძლებელია, “ყვითელ ანგელოზად” მოგეჩვენოთ.

ეს საოცარი ირაციონალური გრძნობა - აღფრთოვანებისა და სიძულვილის განუყოფლობა, უფრო შური, ვიდრე სიძულვილი, არასრულფასოვნების განცდა და დიდი ცდუნების “ჯოჯოხეთად” მონათვლა - საბჭოთა კინოს დაბადების პირველივე ეტაპზე წარმოჩნდა. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ კინემატოგრაფისტებს მძიმე დრო დაუდგათ; ისინი ვერ აჰყვებოდნენ პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, ვერ დაიწყებდნენ ქილიკს “ურჯულო” და “უკულტურო” ამერიკაზე თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოთა კინოს პიონერების “დედა ენა” სწორედ ამერიკული კინო იყო. ისინი – კულეშოვი, ეიზენშტეინი, პუდოვკინი – დევიდ უორკ გრიფიტის ფილმებზე აღიზარდნენ. უფრო მეტიც, კინემატოგრაფი თითქოს თავისი ბუნებით, თავისი ენით ეწინააღმდეგებოდა ანტიამერიკულ პროპაგანდას. ედისონის გენიის შვილობილი თავგადასავლის, დევნის, ახალი ტექნიკის, ელექტროფიკაციის ფოიერვერკს ქმნიდა ეკრანზე. და თუ კომუნიზმი მთელი ქვეყნის ელექტროფიკაციას ნიშნავდა, როგორ უნდა გამკლავებოდა ამერიკულ ცდუნებას “კომუნისტური კინო”?

[მუნჯი ფილმების მუსიკა]

ანტიამერიკული მითის ამბივალენტურობა პირველად ივანე პერესტიანის “წითელ ეშმაკუნებში” წარმოჩნდა. ქართული საბჭოთა კინოს ამ ერთ-ერთ პირველ ნიმუშში შავკანიანი ტომ ჯექსონი უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი მეგობარი მიშკა. მართალია, ფაფახები და “ბუდიონოვკები” 1923 წელს გადაღებულ ამ ფილმში უხვად იყო, “წითელმა ეშმაკუნებმა” არა იმდენად საბჭოთა ხელისუფლების, რამდენადაც ამერიკული ვესტერნის პრესტიჟი განამტკიცა.

“ფორმით ამერიკული, შინაარსით – ანტიამერიკული” – ასეთი სახით განვითარდა ანტიამერიკული მითი საბჭოთა კინოში. ლევ კულეშოვმა თავის ფილმს დაარქვა “მისტერ ვესტის მოგზაურობა ბოლშევიკების ქვეყანაში”... მოქმედების ადგილი ამერიკიდან ბოლშევიკურ რუსეთში გადაიტანეს, მაგრამ ვერც ამერიკელ პერსონაჟზე თქვეს უარი და ვერც იმ დროის ამერიკული კინოს მთავარ გამომსახველობით საშუალებაზე, დინამიკურ მონტაჟზე, .

ფორმასა და შინარსს შორის წინააღმდეგობის დასაძლევად ქართველმა კინემატოგრაფისტებმა “ამერიკის სახის” ძიება ეროვნულ ლიტერატურაში დაიწყეს. პირველად წარმატებას ალექსანდრე წუწუნავამ მიაღწია. 1924 წელს წუწუნავამ ნინო ნაკაშიძის პიესის, “ვინ არის დამნაშავის”, ეკრანიზაცია გადაწყვიტა. ეს ნაწარმოები 1908 წელს, ე.ი. საქართველოს გასაბჭოებამდე, დაიწერა, თუმცა ამერიკა აქაც, ერთი ქართველი-საბჭოთა მწერლის ნაწარმოების სათაურს თუ გავიხსენებთ, “გონჯი მზეთუნახავის” სახითაა გამოხატული. ალექსანდრე წუწუნავას ფილმს “უაილდ-ვესტის მხედრები” დაარქვეს – გურული მოჯირითეები გემით მიემგზავრებიან ამერიკაში, რათა იქაურ ცირკში იმუშაონ და გამდიდრებულები დაბრუნდნენ სამშობლოში. ფორმა და შინაარსი გამთლიანდა. წუწუნავამ იცოდა, რომ გურულმა მოჯირითეებმა ბუფალო ბილისა და სხვათა შოუებში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გაითქვეს სახელი, უფრო მეტიც, ზოგიერთი ამერიკელი ისტორიკოსი ამტკიცებდა, რომ ყველა ის ტრიუკი, რასაც კოვბოები როდეოზე ასრულებდნენ, კაზაკების, ე.ი. გურულების, შემოტანილი იყო. ასე რომ, ალექსანდრე წუწუნავას ანტიამერიკული მითის დამკვიდრება ამერიკული ვესტერნის ფორმით შეეძლო. “უოლდ-ვესტის მხედრები” ახალი კულტურის იდეოლოგებისთვის სოციალური მელოდრამა გახდა, უბრალო მაყურებლისთვის კი - სათავგადასავლო მელოდრამა, ამერიკული იერით.

[მუსიკა. ამერიკელი მუშის სიმღერა]

“აღარც სამუშაო მაქვს, აღარც პური – რაღაც მაინც მიწყალობეთ” – ევედრება თავის ხელისუფლებას უმუშევარი ამერიკელი კაცი, უტიოსოვის შესრულებით. ეს უკვე 30-იანი წლებია. ანტიამერიკული მითი იცვლება. ხელისუფლება ხვდება, რომ “გონჯი მზეთუნახავის” სახე არ ამართლებს, ბოლშევიკების ქვეყანაში ჯეკი კუგანი, დუგლას ფერნბექსი და მერი პიქფორდი უფრო პოპულარულია, ვიდრე რომელიმე საბჭოთა კინოვარსკვლავი. იწყება ანტიამერიკული მითის მოდიფიკაციის ახალი ეტაპი: “ოცნებების ფაბრიკის” მშენებლობა კომუნისტური მოდელის მიხედვით. შეერთებული შტატებიდან ახლად დაბრუნებული გრიგორი ალექსანდროვი იღებს ფილმს “მხიარული ახალგაზრდობა”, რომელშიც საბჭოთა მაყურებელმა პირველად მოისმინა ჯაზი რუსულ ენაზე და პირველად იხილა “გასაბჭოებული მიუზიკჰოლი”... ახალმა მითმა, ახალი იდეით - “ამერიკული სამოთხე მოჩვენებითია, ჩვენი, პროლეტარული სამოთხე კი – ნამდვილი”, ბრწყინვალედ იმუშავა. ამერიკულ მითს აღარავინ ებრძოდა, უბრალოდ, იქმნებოდა “უკეთესი” მითი, პრინციპით - “თუ ოცნებაა, ოცნება იყოს”.. ლიუბოვ ორლოვა გამოხატავდა კონკიას, რომელმაც სოციალიზმის პირობებში არა მარტო პრინცი, არამედ სახალხო აღიარება მოიპოვა.

[მუსიკა “მხიარული ახალგაზრდობა”]

და მაინც, სტალინის ეპოქის ანტიამერიკული მითის მექანიზმი ყველაზე ეფექტურად გრიგორი ალექსანდროვის შემდეგ ფილმში, “ცირკში”, ამუშავდა. ლამის რომის იმპერიის სინონიმად იქცა აქ ცირკი, რომლის შევსებულმა ტრიბუნებმა ხალხის ალეგორიული სახე გამოხატეს. “თეთრი ამერიკელი ქალი” პირდაპირ აქ, ცირკის არენაზე, გადაიქცევა საბჭოთა მოქალაქედ – ოკეანის მიღმა სამყაროდან მოსულ მზეთუნახავს “ურჩხულისგან” საბჭოთა ხალხი დაიხსნის. ხალხი დაიხსნის, უფრო სწორად, იშვილებს მის შავკანიან შვილსაც... ეს აქტი, “კოლექტიური მამის” ინტერნაციონალური სახის შექმნა, წარმართული აქტის კულმინაციად აღიქმება – იბადება “მსოფლიო პროლეტარიატის მამის” ხატი, მამისა, რომელმაც ყველა ქვეყნის მშრომელი უნდა იხსნას, ე.ი. დაიპყროს.

[მუსიკა]

სიმეტრია – ტოტალიტარული კულტურის აუცილებელი კანონია. სიმეტრია – ბოროტისა და კეთილის წონასწორობას მოითხოვს. ამიტომ ბუნებრივია, რომ იდეა მთელ მსოფლიოში კომუნიზმის გამარჯვებისა, საბჭოთა კულტურაში პოპულარული არასდროს ყოფილა. თუკი სამოთხე მთელ პლანეტაზე აშენდა, მაშ, რაღა უნდა დაუპირისპირდეს მას? როგორღა შეიქმნას ის, რასაც “დრამატურგიული კონფლიქტი” ჰქვია, როგორღა დაკმაყოფილდეს ინფანტილური საზოგადოების ვნება, იცხოვროს ზღაპრებითა და მითებით – ანგელოზების, ეშმაკების, კეთილი და ბოროტი ჯადოქრების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ცნებებით? ამ სიმეტრიაზე საბჭოთა კინო არასდროს იტყვის უარს. ამერიკა რომ არ ყოფილიყო, საბჭოთა კინემატოგრაფისტები მას მაინც აღმოაჩენდნენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG