Accessibility links

“თელასი” 500-მდე საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის ელექტროენერგიის გამორთვას აპირებს


28 ივნისს, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის, ”თელასის”, ანგარიშები დააყადაღა, ეს კომპანია საბიუჯეტო

ორგანიზაციებს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. მაშინ სახელმწიფო დაწესებულებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას ყადაღის მოხსნამ და თელასის წინაშე არსებული დავალიანების 11 ივლისამდე გადახდის დაპირებამ გადაარჩინა. როგორ შესრულდა დავალიანების დაფარვის პირობა, ანუ ემუქრებათ თუ არა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორის - თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროებსა და სახელმწიფო კანცელარიას?

რა მოცულობის დავალიანება უნდა დაუგროვდეს მომხმარებელს, რომ “თელასმა” მისი გათიშვა გადაწყვიტოს? - ამის გასარკვევად “თელასის” საინფორმაციო ცენტრში დავრეკე:

[“თელასის” ოპერატორის ხმა] ”თელასის საინფორმაციო ცენტრი გისმენთ... გამარჯობა... - მე მაინტერესებს, რა შემთხვევაში ეთიშება მოქალაქეს ელექტროენერგია. - ქვითარზეა მითითებული. ბოლო დღეს ითიშება. გადასცილდება 1 დღით თუ არა, მაშინვე ითიშება. 1 ლარის ზევით ითიშება.”

საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს კი, - მათ შორისაა: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროები და სახელმწიფო კანცელარიაც, - საერთო ჯამში, 4,8 მილიონი დავალიანება აქვთ. კიდევ უფრო დიდია და დაახლოებით 37 მილიონ ლარს შეადგენს ის დავალიანება, რომელიც დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში დაგროვდა და რომელიც თავის დროზე სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა დაეფინანსებინა.

მე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას დავუკავშირდი იმის გასარკვევად, თუ რატომ დაუგროვდათ ელექტროენერგიის დავალიანება. მათი პასუხები ტიპიურია, ამიტომ ერთ-ერთ მათგანს, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივან ნანა ინწკირველს, მოვუსმინოთ:

[ნანა ინწკირველის ხმა] ”ჩვენ არა გვაქვს 2004 – 2005 წლების დავალიანება, გვაქვს 2001 – 2003 წლების დავალიანება, ვაღიარებთ ამ დავალიანებას და როგორც კი ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა გამოგვიყოფს ამისთვის თანხას, მზად ვართ ეგრევე გადავიხადოთ, სხვა პრობლემა არ გვაქვს.”(სტილი დაცულია)

ფინანსთა სამინისტრო კი ირწმუნება, ჩვენ პირნათლად ვაფინანსებთ სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნებსო. სამინისტროს წარმომადგენლის ქეთი ახალკაცის თქმით, მის უწყებას არა აქვს ინფორმაცია, როგორ იხდიან სახელმწიფო უწყებები ელექტროენერგიის საფასურს:

[ქეთი ახალკაცის ხმა] ”საბიუჯეტო ორგანიზაციებს არ აქვთ ამჯერად წარმოდგენილი ფინანსური დავალიანება, რომელიც არ იყოს განაღდებული. ჩვენ განაღდებული გვაქვს ყველაფერი.”

ამ პასუხის მიუხედავად, ელექტროენერგიის ძველი დავალიანების გადახდა მაინც ფინანსთა სამინისტროს მოუწევს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დავალიანების თემა კვლავ აქტუალური გახდა. არადა, ის რამდენიმე წლის წინ “თელასმა” და საქართველოს მთავრობამ ურთიერთმორიგების საფუძველზე დაივიწყა. ამ გარიგების თანახმად, სახელმწიფომ უარი თქვა “თელასის” მიერ დაგროვილი დამატებული ღირებულების გადასახადზე, “თელასმა” კი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დაგროვილი დავალიანებები ჩამოწერა.

მაგრამ ახლახან ფინანსთა სამინისტრომ “თელასს” მაინც მოსთხოვა დამატებული ღირებულების გადასახადის გამოთვლისას წარმოქმნილი სხვაობის დაფარვა და კომპანიის ანგარიშებს ყადაღა დაადო. თავის მხრივ, “თელასმა” დაახლოებით 41 მილიონი ლარის დავალიანება გაიხსენა, რომლის დაფარვის ვადა 11-12 ივლისს იწურება. მე “თელასის” წარმომადგენელს ვალერი ფანცულაიას ვკითხე, აპირებენ თუ არა სამინისტროებისა და სახელმწიფო კანცელარიისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.

[ვალერი ფანცულაიას ხმა] ”ორშაბათს 11 საათამდე დაველოდებით, რომელი ორგანიზაციებიდან იქნება თანხები გადმორიცხული და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ობიექტებისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტის თაობაზე. გარდა ამისა, სახელმწიფო კანცელარია ჯერჯერობით არ ითიშება, სამშაბათამდე აქვს მიცემული ვადა, იმიტომ რომ თვითონ ითხოვეს. გამოინახება თანხა იმისთვის, რომ დაიფაროს ეს დავალიანება.”
XS
SM
MD
LG