Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ირაკლი ოქრუაშვილი და ირაკლი ალასანია


რამდენიმე დღეა ქართული პრესა აქტიურად მსჯელობს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის გარემოცვის

დაპირისპირების შესახებ. გაზეთ ”ახალი თაობის” ინფორმაციით, ბეჟუაშვილის დაჯგუფებას აფხაზეთის დევნილი მთავრობის ლიდერი ირაკლი ალასანიაც შეემატა, რისი მიზეზიც ოქრუაშვილის მიერ კოდორის ხეობის დამცველთა ბატალიონის გაუქმება გამხდარა. მართლაც არსებობს თუ არა დაპირისპირება ალასანიასა და ოქრუაშვილს შორის და რა მდგომარეობაა ამჟამად დაპირისპირების მიზეზად დასახელებულ კოდორის ხეობაში?

ერთი თვე სრულდება, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე თბილისის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობას უკანონო შეიარაღებული ფორმირება იცავს. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ბატალიონ ”მონადირის” გაუქმების შემდეგ კოდორის ხეობის დამცველები უკანონოდ შეიარაღებულ პირებად ითვლებიან. კოდორის ხეობის მკვიდრის ნორა კვიციანის განცხადებით, ამას ხეობის დამცველებს რუსი მშვიდობისმყოფელებიც ხშირად ახსენებენ.

[ნორა კვიციანის ხმა] ”იციან, რომ ბატალიონი გაუქმებულია და ეუბნებიან დამცველებს, რატომ დგახართ აქ, ბატალიონი ხო გაუქმებულიაო. აფხაზი იქნება თუ სხვა ეროვნების, შეიძლება პროვოკაციის მიზნით შემოვიდეს, ჩვენ წინააღმდეგობა თუ გავუწიეთ სროლით, ტერორისტებს დაგვარქმევენ, ისე როგორც ოქრუაშვილმა დაგვარქვა კრიმინალების ბატალიონი.”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაზეთ ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებაა საჭირო.

ოქრუაშვილი ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია კოდორის ხეობის ირგვლივ აფხაზი სეპარატისტების შეიარაღებული რაზმების გააქტიურების შესახებ. თავდაცვის მინისტრი იმასაც აღნიშნავს, რომ კოდორის ხეობას საფრთხე არ ემუქრება. საწინააღმდეგოს ამბობს კოდორელი ნორა კვიციანი, ასევე აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელი ირაკლი ტაბლიაშვილიც:

[ირაკლი ტაბლიაშვილის ხმა] ”შეინიშნება გარკვეული ძალების მოძრაობა ამ მიმართულებით. ვგულისხმობ გარეშე ძალებს. ვფიქრობთ, რომ საფრთხე საკმაოდ რეალურია; ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხეობა დასაცავია, რადგან არის ერთადერთი ფორპოსტი, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე.”

კოდორის ხეობის მიმართ აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს პოზიციათა რადიკალურმა სხვაობამ ქართული პრესა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიასა და უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ალიანსზე აალაპარაკა. კერძოდ, ამის შესახებ 12 ივლისის “ახალი თაობ” წერს. ირაკლი ოქრუაშვილი სწორედ უშიშროების საბჭოს მიიჩნევს მის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის სათავედ.

ალასანიას უწყებაში თავდაცვის მინისტრთან დაპირისპირებას უარყოფენ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, კოდორის ხეობის დაცვის საკითხებზე თავდაცვის სამინისტროსთან აქტიურ კონსულტაციებს ეწევიან:

[ირაკლი ტაბლიაშვილის ხმა] ”აქ არავითარ შემთხვევაში არაა ლაპარაკი, რომ დაპირისპირება არსებობს აფხაზეთის მთავრობასა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ლაპარაკია იმაზე, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც კოდორის ხეობას დაიცავს თეორიული აგრესიისაგან. ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხერხდება და ეს ბატალიონი დაკომპლექტდება ადგილობრივი მოსახლეობით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 12 წლის განმავლობაში იცავდნენ ხეობას და ხაზს ვუსვამთ, რომ არ არის აუცილებელი ერქვას ბატალიონი ‘მონადირე’.”

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კი პრინციპულად აღნიშნავს გაზეთ ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომ ”მონადირე” აღარ აღდგება. მე გადაწყვეტილებებს აღარ ვცვლი. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, სხვა მინისტრი მიიღებსო, დასძენს ირაკლი ოქრუაშვილი.
XS
SM
MD
LG