Accessibility links

logo-print

ვინ მოაწყო აფეთქებები ლონდონში?


ლონდონში გასულ კვირაში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ცნობებში, ბუნებრივია, უწინარეს ყოვლისა ლაპარაკია დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობაზე, მათი ვინაობის დადგენის მცდელობაზე.

მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შეკითხვა: ვინ და რატომ მოაწყო აფეთქებები, ვინ არის ხალხი, ვინც მოსაკლავად იმეტებს თავისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს?

ვინ არიან ამფეთქებლები? ამ საკითხზე სიახლე გუშინ შევიტყვეთ ბრიტანეთის პოლიციის განაცხადებით, რომ დაადგინა ამფეთქებლების ვინაობა. მაგრამ ის, რაც პოლიციამ დაადგინა, დიდ შეშფოთებას იწვევს. რატომ - ამაზე მოგვიანებით.

ჯერ იმის შესახებ, რა და როგორ დაადგინა პოლიციამ: ლონდონში აფეთქებების შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამომძიებლები შეუდგნენ მეტროში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით ჩაწერილი ფირების შემოწმებას - მათ ყურებას იმის იმედით, რომ საეჭვო მოქმედებით, ან საეჭვო საგნებით ამოიცნობდნენ ამფეთქებლებს. ასეც მოხდა: გამომძიებლებს ერთ-ერთი ფირის ცქერისას თვალში მოხვდათ 4 მამაკაცი. ისინი მეტროს სადგურ “კინგს კროსთან” შეიკრიბნენ გასულ ხუთშაბათს, მეტროში აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე. აფეთქებების ადგილების ახლო-მახლო მიაკვლიეს დოკუმენტებსაც, სავარაუდოდ, ამ ოთხი მამაკაციდან სამს რომ ეკუთნვის და ამ დოკუმენტების მეშვეობით გახდა შესაძლებელი მათი იდენტიფიცირება.

სამაგიეროდ უცნობია ამფეთქებლების ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. პოლიცია არ გამორიცხავს, ზოგი ან ოთხივე - დაღუპული იყოს. ამასობაში კი პოლიციამ დააკავა სხვა მამაკაცი, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს, კავშირი ლონდონში აფეთქებების მოწყობასთან:
[პიტერ კლარკის ხმა] “ერთი მამაკაცი იქნა დაპატიმრებული დასავლეთ იორკშირშიო”, (ეს რეგიონი ჩრდილოეთ ინგლისში მდებარეობს) - ამის შესახებ ლონდონის მეტროს პოლიციის წარმომადგენელმა პიტერ კლარკმა სამშაბათს ამცნო ჟურნალისტებს. დაკავებული მამაკაცი ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილის ნათესავად სახელდება.

რაც შეეხება შეშფოთებას, რომელსაც ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ ინფორმაცია იწვევს. საქმე ის არის, რომ ამფეთქებლები, ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა, ბრიტანეთში დაბადებულები და გაზრდილები აღმოჩნდნენ და წარმოშობით არიან უცხოელები - პაკისტანელები. ანუ, აქ ლაპარაკი არ არის ერთ მუჭა უცხოელ ტერორისტებზე, ინგლისში საგანგებო ტერორისტული მისიით რომ ჩავიდნენ. აქ ლაპარაკია ევროპული ქვეყნის ადგილობრივ ტერორისტულ “ნიადაგზე”, რომელმაც შეძლო, საიდუმლოდ გამოეზარდა და აღეჭურვა ბრიტანეთისვე მოქალაქეები ლონდონში მსხვილი იერიშების განსახორციელებლად - აი, ეს იწვევს დიდ შეშფოთებას. მითუმეტეს, რომ ყველაფერი პოლიციისა და უშიშროების სამსახურის ცხვირწინ მოხდა.

ექსპერტების თქმით, ჯერ მაინც ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ბრიტანეთს ნამდვილი ტერორისტული ქსელი მოედო. ამასთან, ზოგისთვის, მათ შორის ლონდონელ ექსპერტ კრისპინ ბლეკისთვის, ცხადია, რომ ამფეთქებლებმა მიიღეს დახმარება უცხოელი ექსპერტებისაგან. [კრისპინ ბლეკის ხმა] “არა მჯერა იმ ამბის, რომ ეს ახალგაზრდები სპონტანურად იქცნენ თვითმკვლელ ამფეთქებლებად და საკუთარი ძალებით მოაწყეს ოპერაცია ლონდონში. ვფიქრობ, რომ მათ ტექნიკური დახმარება ჰქონდათ ბომბის დამზადების მცოდნისგან, საქმეს ვიღაც მართავდა და საიდანღაც აკონტროლებდა კიდეც”.

ჯერ უცნობი რჩება, ვინ იყო ეს მაკონტროლებელი, ანუ ვინ დგას ლონდონში ამფეთქებლების ზურგს უკან. ეჭვმიტანილებიდან ერთ-ერთს უთქვამს ინგლისელი მეზობლისთვის, რომ ბოლო ხანს პაკსიტანში და ავღანეთში იმოგზაურა. არ გამორიცხავენ არც ამფეთქებლების კავშირს ჩრდილოეთ აფრიკასთან, როგორც ეს შარშან მადრიდში აფეთქებების შემდეგ აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG