Accessibility links

თბილისს ახალი მერი ჰყავს - სად მიდის ყოფილი მერი და რას ფიქრობს ის თბილისის მმართველობაში უკვე გატარებულ ცვლილებებზე


”ხომ ლამაზია ჩემი ქალაქი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა” - ასეთი დევიზით მოვიდა თბილისის მერის პოსტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილი

ხელმძღვანელი გიგი უგულავა. მის წინამორბედს თბილისიდან სტრასბურგში გზავნიან. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის თანამდებობა უნდა ჩაიბაროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც მას ამ თანამდებობაზე პარლამენტი დაამტკიცებს. თბილისის მერის პოსტზე ჭიაბერაშვილის უგულავათი ჩანცვლების თაობაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სამშაბათ საღამოს მიიღო და ამით წერტილი დაუსვა ზურაბ ჭიაბერაშვილის სხვა, გაცილებით მშვიდ, თანამდებობაზე შესაძლო გადაყვანის თაობაზე მოარულ ხმებს. ოთხშაბათს ზურაბ ჭიაბერაშვილს სახლში დავუკავშირდი და ვთხოვე მის მიერ დედაქალაქის მმართველობაში გატარებული ცვლილებების შეფასება.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] ” მე, რა თქმა უნდა, პრინციპული ვიყავი არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიმართ, მაგრამ ბევრი ადამიანი ნაკლად მითვლიდა იმას, რომ არ გამაჩნდა საკმარისი ლავირების უნარი იმისთვის, რომ გამეთვალისწინებინა პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს არის ძალიან რთული სისტემა - თბილისის მერია - და ამიტომ ძალიან სერიოზულად მოუწევს მუშაობა ახალ მერს იმისთვის, რომ კერძო ინტერსებმა( რაც ყოველთვის პრევალირებდა მერიის გადაწყვეტილებებში) არ შელახოს და არ გადათელოს საზოგადოებრივი ინტერესები.”(სტილი დაცულია)

ზურაბ ჭიაბერაშვილს თბილისის მერად მუშაობა წელიწადზე ცოტა მეტ ხანს მოუხდა. რა შეცვალა მან ამ პერიოდში? - ამ შეკითხვით თუ რიგით თბილისელებს მივმართავთ, მივიღებთ პასუხს, რომ გაართულა თბილისის ქუჩებში მოძრაობა ცნობილი სამკუთხედის ამოქმედებით, დაგვიტოვა ათასფრად გადაღებილი თბილისი და ასფალტის ახალი საფრის გადასაგებლად გამზადებული გამზირები. ყოფილ მერს თანამოქალაქეებისთვის თავი მარტო სამკუთხედის შემოღებით ან თბილისის გადაღებვით არ დაუმახსოვრებია. დასამახოვრებელი გახდა ის ბრიფინგიც, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის ძვირად ღირებული მაჯის საათის საჩუქრად მიძღვნას მოჰყვა; არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო მერიის თანამშრომლების ნარკოლოგიური შემოწმება, რის შედეგადაც რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან იქნა გაშვებული. ამ ნაბიჯის გადადგმით ჭიაბერაშვილმა აშკარად გაანაწყენა თავის მაშინდელ გარემოცვაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის სახეები.

იყო ბევრი სხვა, თვალში შედარებით ნაკლებსაცემი, მაგრამ მნიშვნელოვანი, რაც ჭიაბერაშვილის მერობისას მოხდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აბსოლუტურად კორუმპირებულ გარემოში ერთდროულად სერვისის გაუმჯობესებისა და სისტემური ცვლილებების გატარების ამოცანები იქნა დასახული. ”ამ ორი მიმართულებით ერთდროულად მუშაობა გემის პირდაპირ ზღვაში შენებას ჰგავდა, თანაც ისე, რომ გემს ეცურავა,” - აღნიშნავს ყოფილი მერი. სწორედ ჭიაბერაშვილის მერობისას აიკრძალა გარე ვაჭრობა თბილისის ქუჩებში, თბილისის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიიდან მოხდა ავეჯით მოვაჭრეების გამოყვანა, სასტუმრო ”ივერიიდან” და სასტუმრო “აჭარიდან” კი - ლტოლვილების გამოსახლება, გამოცხადდა მორატორიუმი თბილისის ისტორიულ უბანში მშენებლობებზე და დაიწყო დიდი საკადრო ცვლილებები საქალაქო სამსახურებში. მერიის თანამშრომელთა რიცხვი 1700 -დან 900-მდე შემცირდა, აქედან 800 ვაკანსიაზე კონკურსია გამოცხადებული. კონკურსის ჩატარებისთვის პირობები მომზადებულია და ის ახლა უკვე ახალი მერის ხელმძღვანელობით ჩატარდება. ყოფილ მერს აქვს იმედი, რომ გიგი უგულავა კარგად გაართმევს თავს თბილისის მერიაში კორუფციის აღმოსაფხვრელად დაწყებულ საქმეს.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] ”ჩვენ ძალიან სერიოზული დარტყმა მივაყენეთ უკვე კორუფციას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მას სასიკვდილო დარტყმას უკვე ახალი მერი მიაყენებს. ”

თბილისის მერად მუშაობის პირველ დღეს გიგი უგულავამ, თბილისის ყოფილ პრემიერ, ამჟამად კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბიძინა ბრეგაძესთან ერთად, ისნის რაიონი მოინახულა. აქვე შევნიშნავთ, რომ თითქმის გადაწყვეტილია ამ რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად ბიძინა ბრეგაძის დასახელება, რაღა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობიდან. ზურაბ ჭიაბერაშვილი კი, როგორც უკვე ვთქვით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, საქართველოს ელჩის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას, თუკი პარლამენტი მას ელჩად დაამტკიცებს. საგულისხმოა, რომ ის, ყოფილი რესპუბლიკელი, ნაციონალურ მოძრაობაში არ გაწევრიანებულა და დღემდე უპარტიოდ რჩება.
XS
SM
MD
LG