Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩივიან საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ უნივერსიტეტის ასამბლეამ საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლოს სარჩელით მიმართა. ასამბლეაში გაერთიანებული უნივერსიტეტის თანამშრომლები უმაღლესი განათლების შესახებ კანონის რამდენიმე მუხლს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. ასევე არაკონსტიტუციურად თვლიან პრეზიდენტ სააკაშვილის იმ ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც გაუქმებულად გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება და შეიცვალა უნივერსიტეტის მართვის სისტემა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა საპროტესტო მოძრაობის მიზეზი ის რეფორმები გახდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოიწყო, კერძოდ, პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის 473-ე ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც გაუქმებულად გამოცხადდა უნივერსიტეტის წესდება და, შესაბამისად, უნივერსიტეტის თვითმმართველობა - დიდი საბჭო. შესაბამისად, ამ უმაღლესი სასწავლებლის ერთპიროვნული მართვის უფლება რექტორის მოვალეობის შემსრულებელს გადაეცა. სწორედ ესაა ანტიკონსტიტუციურად მიჩნეული სარჩელში, რომელიც 13 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს უნივერსიტეტის პროფესორმა ვალერი ლორიამ გააცნო:

[ვალერი ლორიას ხმა] ”... ეს პრეზიდენტს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ დეკრეტის ფორმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში არ გამოცხადებულა, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 46-ე, 61-ე, 73-ე მუხლები.”

მოსარჩელე მხარემ საქართველოს კონსტიტუციის კიდევ ბევრი სხვა მუხლი ჩამოთვალა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება. კამათის საგანს წარმოადგენს უმაღლესი განათლების კანონის გარდამავალი დებულებებიც. მათი ცალ-ცალკე განხილვა შორს წაგვიყვანს. მე ამ პრობლემის სამართლებრივი არსის განმარტება მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს, ადვოკატ მალხაზ პატარაიას ვთხოვე.

[მალხაზ პატარაიას ხმა] ”საკმაოდ დიდად იზღუდება ან უქმდება შიდა საუნივერსიტეტო დემოკრატია. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ჩვენ ვსვამთ საკითხს, დაუბრუნდეს უნივერსიტეტს დემოკრატია და გაუქმდეს ამ ნორმატიული აქტებით დაკანონებული ავტორიტარიზმი.”

ამ და სხვა არგუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა დაახლოებით 3 საათის მანძილზე ისმენდა. ეს არ არის საქმის არსებითი განხილვა, არამედ მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მათი სარჩელი, მართლაც, კონსტიტუციას შეეხება და არა სხვა პრობლემატიკას. რამდენად შეძლეს ეს უნივერსიტეტის ასამბლეის წარმომადგენლებმა, სარჩელის მიღებით ან არმიღებით გაირკვეოდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კოლეგიამ, რომელსაც მოსამართლე ბესარიონ ზოიძე თავმჯდომარეობდა სარჩელის წარმოებაში მიღება-არმიღების გამოცხადება 25 ივლისისთვის გადადო. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ ნესტან კირთაძის, კომენტარი:

[ნესტან კირთაძის ხმა] ”ქართული საზოგადოებრიობა და თავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აპირებს სააკაშვილის პოლიტიკური ნების დაყოლიებას, რათა გაუქმდეს უნივერსიტეტი და, ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ საპროტესტო აქციას და პარალელურად ვიბრძვით სამართლებრივი გზით და, თუ ეს არ მოხერხდება საქართველოში, ბუნებრივად გადავა სტრასბურგის სასამართლოში.”(სტილი დაცულია)

რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა განმწესრიგებელი იყო, მასში არ მონაწილეობდნენ მოსარჩელის მიერ დასახელებული მოპასუხე მხარეების, საქართველოს პრეზიდენტისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, წარმომადგენლები. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის მიღებამდე კომენტარებისგან თავს იკავებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ რეფორმას კანონის სრული დაცვით ახორციელებენ.
XS
SM
MD
LG