Accessibility links

logo-print

“ამიტვილის მოჩვენება” თბილისის კინოთეატრებში


7 ივლისიდან კინოთეატრ “რუსთაველში” ენდრიუ დუგლასის ფილმი “ამიტვილის მოჩვენება” გადის. მიუხედვად იმისა, რომ, სანახაობრივი თვალსაზრისით, 1979 წელს გადაღებული

ფილმის ეს რიმეიკი ვერ შეედრება თუნდაც “სამყაროთა ომებს”, “ამიტვილის მოჩვენებას” თბილისში თითქმის იმდენივე მაყურებელი ჰყავს, რამდენიც სტივენ სპილბერგის ახალ ბლოგბასტერს. “ჰორორი”, ე.ი. “საშინელებათა კინო”, კვლავაც ძალიან პოპულარულია საქართველოში.

არსებითად “საშინელებათა კინო” მთელ მსოფლიოში უყვართ - იქ, სადაც, ტელევიზიით, საინფორმაციო გადაცემებში, თითქმის ყოველდღე უჩვენებენ ახლო ხედით გვამებს (მაგალითად, საქართველოში) და სადაც “ჰორორზე” არსებობს მკაცრი ასაკობრივი ცენზი, მაგალითად, შეერთებულ შტატებში. აქ “ამიტვილის მოჩვენება” საბავშვო ფილმად არ ითვლება... არადა, ენდრიუ დუგლასის სურათის აღქმა ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს: საშიში ბუზები, მოცეკვავე სკამები, შავ-თეთრი ცა, დაჯღანული აჩრდილები – ყველაფერი ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მაყურებელს შეეშინდეს და თავი დამფრთხალი ბავშვის როლში იგრძნოს. უსუსურობისა და დაუცველობის გრძნობა პუბლიკას ფილმის პირველივე კადრებიდან ეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ დუგლასი ჰოლივუდში “პირველი კლასის” რეჟისორად არ ითვლება (ეს მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია), “ამიტვილის მოჩვენება” უაღრესად საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტით გამოირჩევა. ... და თუ ნანახი გაქვთ 1979 წელს გადაღებული “ამიტვილი”, თუ კარგად გახსოვთ სიუჟეტი, რომელსაც, სხვათა შორის, რეალური ამბავი დაედო საფუძვლად, ახალი “ამიტვილი” მაინც გასიამოვნებთ...
შეიძლება მით უფრო გასიამოვნოთ, რადგან ამ შემთხვევაში აღარ გაფანტავთ ყურადღებას ფილმის სიუჟეტზე, ამ შემთხვევაში მთლიანად გაგიტაცებთ ახალი ამერიკული ფილმის “დიზაინი” და ხმოვანი რიგი, რომელიც “სამყაროთა ომებზე” უფრო ეფექტურიცაა.

[მუსიკა]

უფროსებისთვის გადაღებული ზღაპრების მოყვარულებს უნდა ვაცნობოთ, რომ “ამიტვილის მოჩვენებას” საფუძვლად უდევს რეალური ამბავი, რომელიც 1975 წელს მოხდა შეერთებულ შტატებში: მართლაც, არსებობდა ასეთი სახლი, სადაც მოჩვენებები ბუდობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებენ ცოლ-ქმარი ლუცები, რომელთაც დუგლასის ფილმში მოჩვენებებთან ბრძოლა მოუწევთ... და ნუ იფიქრებთ, რომ ბოროტ ძალებთან შერკინება აქ “ჰეპი ენდით” დასრულდება. მთლად ასე არაა. “ამიტვილის მოჩვენების” ფინალზე სურათის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს იფიქრებთ. ფიქრი კი ცუდი არასდროსაა. მთავარია, მაყურებელს შიში არ გაჰყვეს, მით უმეტეს, როცა ეროვნულ ტელეარხებზე, საინფორმაციო გადაცემებში, მას მოკლულებისა და დასახიჩრებულების ახლო ხედები ელოდება.
XS
SM
MD
LG