Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციას შიდა არჩევნებისა და რეფერენდუმის იდეები აერთიანებს


ოპოზიციამ შემოდგომაზე დაგეგმილი შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ერთიანი კანდიდატების შერჩევის მიზნით, ჯერ შიდა პარტიული,

შემდეგ კი გაერთიანებული ოპოზიციის შიდა არჩევნები ჩატარდება. ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს ,,ტრადიციონალისტთა კავშირი,” თუმცა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერას ჰპირდება და მთავარ მიზნად ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ რეფერენდუმს ასახელებს.
რას შეახსენებს ოპოზიცია პრეზიდენტს და რას აპირებს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში?

ცსკ-ს არა აქვს არანაირი სამართლებრივი და მორალური საფუძველი უარყოფითი პასუხი გასცეს მერის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ინიციატივას, - აცხადებს ტრადიციონალისტთა კავშირი და ამ იდეის ერთადერთ საწინააღმდეგო არგუმენტად პირადად პრეზიდენტს ასახელებს. აკაკი ასათიანი ცსკ-დმი კიდევ ერთ მითითებად აფასებს მიხეილ სააკაშვილის მიერ სამშაბათს, თბილისის ახალი მერის წარდგენისას, გამოთქმულ მოსაზრებებს:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,მე მეტსაც გეტყვით, ეს რეფერენდუმის საკითხი გახდა მათი ფორიაქის საბაბი. მას შემდეგ იყო ეს საკრებულოს კანონი, მერის ცვლილება. როგორმე უნდათ გადაფარონ ეს თემა, მერის პირდაპირი არჩევნების თემა. იციან, რომ ხალხი განწყობილია ამის სასარგებლოდ და, აი, ამ სისულელეებს აკეთებენ.” (სტილი დაცულია)

ტრადიციონალისტთა ლიდერი არ აპირებს შეცვლილი კანონების დემოკრატიულობის ხარისხზე დავას და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი ხალხის მიერ გამოხატული ნებაა. აკაკი ასათიანი ამბობს, რომ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს მხარს მოსახლეობის 95% უჭერს და პრეზიდენტს შეახსენებს, რომ თავადაც ანალოგიური პრინციპითაა არჩეული:

[აკაკი ასათიანის ხმა] ”ხალხს ეუბნებოდა ნოემბერში, რომ თქვენ ხართ ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი, გონიერი ხალხიო. ეხლა ეუბნება, რომ ხალხს თუ დავანებებ ამასო, რომ თვითონ აირჩიოს, სულელს აირჩევენო. კაცი გვეუბნება, რომ, აი, თუ პირდაპირ აირჩევთ, ჩემნაირ სულელს აირჩევთო, ხო. და ვერც ხვდება და კმაყოფილია ამით. და თუ ჭკვიანს აირჩევთ, მე ხელს შევუშლიო იმას, ამასაც ამბობს, ხო?!” (სტილი დაცულია)

ტრადიციონალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ცსკ ოპოზიციის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. შესაძლო დადებითი პასუხი კი მათთვის სასწაულის ტოლფასი იქნება. სასწაულის შემთხვევაში, ირაკლი მელაშვილი პარლამენტის არაადეკვატურ მოქმედებას არ გამორიცხავს:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ,,კონსტიტუცია ადგენს, რომ რეფერენდუმის გადაწყვეტილებას პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს, მაგრამ პარლამენტმა შეიძლება დაუმორჩილებლობა გამოიჩინოს. ასეთ შემთხვევაში დადგება პარლამენტის პასუხისმგებლობის საკითხი. ისინი აიღებენ მთელ პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას თავის თავზე. მაინტერესებს, ვინ იქნება ინიციატორი კანონპროექტისა, რომელიც უარს იტყვის რეფერენდუმის გადაწყვეტილების შესრულებაზე.” (სტილი დაცულია)

თუ ცსკ გადაწყვეტს, რომ მერის პირდაპირი არჩევის პრინციპის დამკვიდრებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება, ოპოზიცია, მათ შორის, ტრადიციონალისტები პროცესს ჯერ სასამართლოში გადაიტანენ და შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 30 ათასი მოქალაქის ხელმოწერებს შეაგროვებენ. ამ ტიპის ინიციატივაზე მსჯელობა დეპუტატების პრეროგატივაა, საპარლამენტო ძალების ამჟამინდელი თანაფარდობა კი მსგავს პერსპექტივას საკმაოდ ბუნდოვანს ხდის. აკაკი ასათიანი ამბობს, რომ ოპოზიცია ბრძოლის შეწყვეტას მერის პირდაპირი არჩევის უფლების მოპოვების ყველა კანონიერი მეთოდის ამოწურვის შემდეგაც არ აპირებს:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,ამით ჩვენ არ დავამთავრებთ ამ საქმეს და მათთვის უარეს ფორმას მიიღებს. ავირჩევთ მერს და ის იქნება ნამდვილი მერი. მოვაწყობთ არჩევნებს, არ ვმალავ, დიდი საიდუმლო კი არ არის. ნახავენ, მისი დანიშნული აჯობებს თუ ხალხის მიერ არჩეული.” (სტილი დაცულია)

მერის არჩევასთან დაკავშირებული რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივისათვის პასუხის გაცემის ვადა ცსკ-ს პარასკევს 18 საათზე ამოეწურება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG