Accessibility links

logo-print

პოლიტიკა და ანგარიშსწორება საქართველოში


14 ივლისს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციას ერთდროულად 2 საბაბი მიეცა ოპოზიციასა და მის წარმომადგენლებთან ანგარიშსწორების ტენდენციაზე

ასალაპარაკებლად. ამ დღეს გაირკვა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს შენიშვნები ოპოზიციის იმ განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც ის მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევის მისაღწევად რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვს, პარალელურად მოხდა თავდასხმა რეფერენდუმის დანიშვნის მომხრე ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელზე, ” რესპუბლიკური პარტიის” წევრ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე. თბილისის ერთ-ერთ რესტორანთან ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ის სასტიკად სცემეს. ვალერი გელაშვილზე თავდასხმა რეფერენდუმის საკითხს არ უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. რამდენად ახლოს შეიძლება იყოს ეს ეჭვი სინამდვილესთან? მართლაც ხომ არ მიმართავენ საქართველოში ოპოზიციასთან ანგარიშსწორებას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით?


დავიწყებ იმ ფაქტზე საუბრით, რომელმაც სერიოზული ეჭვი გააჩინა პირდაპირი ანგარიშწორებისა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართ. ”რესპუბლიკური პარტიის” ახალ წევრზე, ხაშურის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატსა და, ამავდროულად, ბიზნესმენზე, ვალერი გელაშვილზე, თავდასხმა ხუთშაბათს დღისით მოხდა. თავდასხმის მომენტში ვალერი გელაშვილსა და მისი პირადი დაცვის წარმომადგენელთან ერთად მყოფი ქალბატონის მონათხრობით, თავდასხმა შავებში ჩაცმულმა რამდენიმე ნიღბიანმა განახორციელა. ვალერი გელაშვილს და მისი დაცვის წარმომადგენელს მათ ავტომატის კონდახით თავის არეში სცემეს. განსაკუთრებით მძიმე ტრავმები დეპუტატმა მიიღო. თავდასხმის ადგილიდან საავადმყოფოში ის უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. მომხდარზე გელაშვილის თანაპარტიელ დავით ბერძენიშვილის რეაქცია ასეთი იყო:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”როცა პარლამენტის წევრს უმოწყალოდ სცემენ, წევრს, რომელსაც დაცვაც ახლავს, ასეთ დროს თუ ხელისუფლება საქმეს არ გამოიძიებს, ის აბსოლუტურად უსუსურად წარმოჩნდება, ან ვიფიქრებთ, რომ მიზანმიმართულად არ გამოიძია. ასე რომ, ხელისუფლების ქმედებაზეა დამოკიდებული პასუხი შეკითხვაზე: ვინ სცემა ვალერი გელაშვილს? ” (სტილი დაცულია)

ეჭვი იმისა, რომ ვალერი გელაშვილის მიმართ სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორება მოხდა, უკავშირდება ხელისუფლების წარმომადგენლების მძაფრ რეაქციას პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების მისამართით გელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და არა მარტო ამას. კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, ვალერი გელაშვილის საბანკო ანგარიშზე ახლახან უნდა გადარიცხულიყო თანხა, რომელსაც ის პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობაში მის მიერ დაფუძნებული სამშენებლო ფირმის მიერ ჩატარებულ სამუშაოში ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეზიდენციის მახლობლად დათმობილი სახლის აუქციონზე გაყიდვით იმუქრებოდა. 14 ივლისს ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა თქვა ისიც, რომ ვალერი გელაშვილს ემუქრებოდნენ და სთხოვდნენ საჯაროდ მოეხადა ბოდიში პრეზიდენტის მისამართით ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში გამოთქმული განცხადებების გამო, რისთვისაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ, მას საჯაროდ უზნეო უწოდა. თავად გიგა ბოკერიამ დეპუტატზე თავდასხმის ფაქტი დაგმო. ”თუ ვინმეს ნერვებმა უმტყუნა და ამ ვანდალიზმზე წავიდა გელაშვილის გამონათქვამების გამო, არანაირი პატიება მათ მიმართ არ იქნება,” - ასეთი იყო მის მიერ გაკეთებული განცხადება. ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებმა ხუთშაბათს ხელისუფლებას ამ საქმის უსწრაფეს ვადებში გახსნის მოთხოვნით მიმართეს. ამავე დღეს შედგა შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრებსა და ოპოზიციის იმ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის, რომელიც მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევის მიღწევისთვის რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჰქონდათ შენიშვნები და შეკითხვები განაცხადთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ამ შეკითხვებს პასუხი გაეცა და უკვე პარასკევს გახდება ცნობილი, ცენტრალური საარჩევნო კომისია გაატარებს თუ არა რეგისტრაციაში საინიციატივო ჯგუფის განაცხადს. თუ ასე არ მოხდა, რეფერენდუმის ჩატარების მომხრეებს დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ ცესკომ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა.
XS
SM
MD
LG