Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განჯასა და ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიმართება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 18-19 ივლისს განჯა და ბაქო საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლებენ, რომელშიც, ორი მეზობელი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების გარდა,

ბიზნესმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. განჯასა და ბაქოში დაგეგმილ შეხვედრაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, იმ პრობლემებზეც იქნება საუბარი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში დაგროვდა.

თბილისში, ლონდონში, სტამბულსა და რომში გამართული ბიზნესფორუმების შემდეგ საქართველოს მთავრობის ყურადღებას აზერბაიჯანი იპყრობს.

აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში 18 ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისო შეხვედრა გაიმართება. 19 ივლისს კი ბაქოში ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი და ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც იგეგმება.

ოფიციალური ინფორმაციით, განჯასა და ბაქოში დაგეგმილი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივებს შეეხება.

აზერბაიჯანი, გარდა იმისა, რომ საქართველოს უახლოესი მეზობელია, რეგიონში ჩვენს ყველაზე სერიოზულ სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება. ეს პარტნიორობა თანაბრად მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და არანაკლებ მასშტაბური შაჰდენიზის პროექტის გარდა, ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას მზარდი ტენდენცია ახასიათებს. საინტერესოა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 103.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 87%-ით აღემატება 2004 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. 2004 წელს საქართველოში აზერბაიჯანის პირდაპირმა ინვესტიციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 69 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება 2003 წლის მაჩვენებლებს.

გააქტიურებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიუხედავად, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა არც ისე უღრუბლოა, როგორც ეს ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს. ორ მეზობელ ქვეყანას სხვადასხვა სფეროში არაერთი პრობლემა დაუგროვდა, რომელზე საუბრის საშუალება სამთავრობო დელეგაციებს ბიზნესფორუმის მსვლელობისას მიეცემა. ერთ-ერთი ამგვარი პრობლემა ამ დღეებში გახმიანდა და იგი აზერბაიჯან-საქართველოს 110-კილომეტრიან საჰაერო ზონის კონტროლის საკითხს ეხება. მხარეებს შორის 2001 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ ზონას საქართველო აკონტროლებდა, ვინაიდან აზერბაიჯანს შესაბამისი აპარატურა არ გააჩნდა. თუმცა აზერბაიჯანის მხარემ აპარატურის შეძენის შემდგომ კონტროლის განხორციელება, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის გარეშე, მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო, რითაც, ფაქტობრივად, შეთანხმება დაარღვია. ამის გამო საქართველოს საჰაერო ნავიგაცია წელიწადში დაახლოებით 1.5 მლნ. აშშ დოლარის შემოსავლის გარეშე დარჩება.

ამ პრობლემაზე საქართველოს ხელისუფლებას თბილისში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ აბას აბასოვთან ჰქონდა საუბარი, თუმცა, თუ ორივე მხარის კომენტარებით ვიმსჯელებთ, შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის გიორგი მჟავანაძის თქმით, აღნიშნული დავა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფის სხდომაზე შემოდგომაზე გაირჩევა:

[გიორგი მჟავანაძის ხმა] ”ეს არის ორ ნავიგაციას შორის გადასაჭრელი საკითხი, რომელიც, იმედი გვაქვს, საბოლოოდ გადაიჭრება მიმდინარე წლის ნოემბერში პარიზში ტრასების დაგეგმვის ჯგუფის სხდომაზე.”

საჰაერო სივრცის კონტროლის გარდა, საქართველოსა და აზერბაიჯანს დასარეგულირებელი აქვს კიდევ რამდენიმე პრობლემა, რომელიც სხვასთან ერთად სახელმწიფო საზღვრებს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ სიტუაციასა და სარკინიგზო გადაზიდვებს შეეხება. ამ პრობლემებზე ორი მეზობელი ქვეყნის მთავრობები, სავარაუდოდ, სწორედ ბიზნესფორუმის მსვლელობისას არაფორმალურ ვითარებაში იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG