Accessibility links

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, ყურადღებას ტერორიზმზე ამახვილებს


აშკარაა, რომ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, ლონდონის აფეთქებების შემდეგ აქცენტს ტერორიზმთან ბრძოლაზე აკეთებს. და ეს ბრიტანეთის

საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლიდანაც კარგად ჩანს. 12 ივლისს ჯეკ სტრო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა. ტერორიზმთან ბრძოლასთან კავშირში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებოდ ისაუბრა ცალკეული პიროვნებისა და მთელი საზოგადოების უფლებათა გადასინჯვის აუცილებლობაზე. თუმცა, ტერორიზმის გარდა, ჯეკ სტრო თავის გამოსვლაში ევროკავშირის გაფართოების გეგმასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც შეეხო.

ლონდონის ტერორისტულმა აქტებმა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, პრიორიტეტების თავდაპირველად წარმოდგენილ ნუსხაში აშკარა ცვლილებები გამოიწვია. თუკი მანამდე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთ-ერთი საკითხი იყო, სხვა უამრავი საკითხის გვერდით, ახლა ეს თემა პირველ ადგილს იკავებს. 12 ივლისს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეკ სტროს გამოსვლას ყურადღებით უსმენდნენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, რომლის წევრებისთვისაც ტერორიზმი ასევე უპირველეს პრობლემას წარმოადგენს.

მართალია, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით რაიმე ახალი წინადადება არ წამოუყენებია, მაგრამ, სამაგიეროდ, საგანგებოდ აღნიშნა, რომ, ტერორიზმთან ბრძოლაში სამართალდამცავთა გააქტიურებასთან მიმართებით, ბრიტანეთი თითოეული მოქალაქის თავისუფლების საკითხის კარგად გააზრების მომხრეა:

(ჯეკ სტროს ხმა) "გვჭირდება წონასწორობის აღდგენა იმ საკითხთან მიმართებით, თუ სად გადის ზღვარი ცალკეული პიროვნების უფლებებსა და მთელი საზოგადოების უფლებებს შორის. ეს არის საკითხი, რომელზეც მე ვფიქრობ. მინდა პატივისცემით ვუთხრა ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს, რომ, მომხდარის ფონზე, მე ამ საკითხში შეთანხმების მიღწევის იმედი მაქვს."

ჯეკ სტრომ თქვა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც ტერორიზმისთვის კარგ ნიადაგს წარმოადგენენ:

(ჯეკ სტროს ხმა) "როგორ უნდა გავტეხოთ ახალგაზრდების იმ ნაწილის რწმენა, რომლებსაც ტვინი აქვთ გამორეცხილი და სჯერათ, რომ მოძალადე ჯიხადი, რომელიც ტერორიზმის გზით ანადგურებს ყველაფერს, მათი გზაა ზეცისკენ და რომ ეს კარგია და არა ცუდი. მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. სიძნელეების მიუხედავად, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ – აი, ეს არის პასუხი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ ავღანეთთან და პაკისტანთან. რადგანაც მათი უმეტესობა, ვინც ტერორისტულ აქტებს ახორციელებს, იწვრთნება ავღანეთში, თალიბანის მიერ მართულ ბანაკებში."

თუმცა სტროს მუსლიმანთა საკითხის მიმართ მეტად ფრთხილი დამოკიდებულება აქვს, რადგანაც ინგლისის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, საიდანაც ის თავის დროზე აირჩიეს, ფართოდ არის დასახლებული პაკისტანელებით და, ამასთან, იქ დაახლოებით 30 მეჩეთს ითვლიან.

ტერორიზმის გარდა, პარლამენტართა შეკითხვების კვალდაკვალ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის გაფართოებაზეც მოუწია საუბარი. ევროპარლამენტის წევრებს აინტერესებდათ, რა გავლენას მოახდენს ამ პროცესზე საფრანგეთისა და ნიდერლანდის მიერ ევროკავშირის კონსტიტუციის უარყოფა. ბრიტანეთი კვლავაც რჩება ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მომხრედ და სტრო მიიჩნევს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. საგანგებო აქცენტი კვლავაც თურქეთზე კეთდება:

(ჯეკ სტროს ხმა) "თურქეთის ევროკავშირში გაერთიანებას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. მსოფლიო დღეს სტაბილურ მდგომარეობაში არ არის. თუკი თურქეთის მომავალი დასავლეთს არ დაუკავშირდა, ის აღმოსავლეთისკენ წავა. და მე გეკითხებით თქვენ, რომელი ვარიანტი უფრო შედის ჩვენსა და იმავე თურქეთის ინტერესებში?"

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებები, წესით, ოქტომბერში უნდა დაიწყოს. მაგრამ საფრანგეთს, ავსტრიასა და ნიდერლანდს, ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ერთად, ამ პროცესის გადავადების სურვილი აქვთ.
XS
SM
MD
LG