Accessibility links

ლაგოდეხში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები დაჭრეს


ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან მდებარე სოფელმა მაწიმმა საზოგადოების ყურადღება ამ ორიოდე კვირის წინ მიიპყრო,

როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეების საქციელის გამო აღშფოთება გამოთქვა. საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები ადამიანების თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საზიარო მდინარეზე ჩასულ მაწიმელებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს და წყლით სარგებლობას უშლიან. თუმცა ამჯერად სოფელმა მაწიმმა სულ სხვა მიზეზის გამო მიიქცია საზოგადოების ყურადღება. საქმე ისაა, რომ 13 ივლისს ღამით საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან მომხდარი ინციდენტის დროს ფინანსური პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა. რა მოხდა ლაგოდეხში?
ინციდენტი საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ლაგოდეხის“, მახლობლად მოხდა. ფინანსური პოლიციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი დაუპირისპირდა. შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპერტამენტის კახეთის სამმართველოს ორი თანამშრომელი - ირაკლი ანდრიაშვილი და შალვა ტალახაძე. ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის დავით ბატიაშვილის თქმით, პოლიციელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
[დავით ბატიაშვილის ხმა] „სახლში წავიდა, ასე რომ, არაფერი საშიში არ არის. კანქვეშ შემავალი ჭრილობა ჰქონდა. მეორეს კი იდაყვის სახსარში ჰქონდა მოხვედრილი, არც იმის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე.“
დაჭრილთაგან ერთი, შალვა ტალახაძე, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში, გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომელს გონება არ დაუკარგავს, იგი წინა ღამით მომხდარი ინციდენტის დეტალებს ვერ იხსენებს:
[შალვა ტალახაძის ხმა] „არეულობა იყო, როცა ტყვია მომხვდა. არ მახსოვს, რა და როგორ მოხდა. ვიგრძენი ტკივილი, სისხლიც მომდიოდა, მეტი არაფერი მახსოვს.“
სამაგიეროდ, განმარტებას იძლევა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან მხეიძე, რომელიც ვითარებაში გასარკვევად შემთხვევის ადგილზე იმავე ღამით ჩავიდა. მხეიძის თქმით, დიზელის კონტრაბანდით დაკავებულ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მოხდა:
[ლევან მხეიძის ხმა] „სიტუაცია აბსოლუტურად გამოსული იყო კონტროლიდან. საბაჟოსა და ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა ჰაერში გახსნეს ცეცხლი... საბოლოო შედეგი დადგა ის, რომ დაჭრილია ჩვენი ორი თანამშრომელი - თუ როგორ, ამას გამოძიება დაადგენს, ანუ გასარკვევია, მოსახლეობას ჰქონდა იარაღი თუ ბრმა ტყვია მოხვდათ.“(სტილი დაცულია)
მხეიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კონტრაბანდით დაკავებულ ადამიანებს ცხოვრება საგრძნობლად გაურთულდათ. მისი თქმით, 13 ივლისს მომხდარი ინციდენტი კონტრაბანდისტებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების გამოძახილია:
[ლევან მხეიძის ხმა] „ადგილობრივ მოსახლეობას მიაჩნია, რომ რადგანაც საზღვართან ცხოვრობენ, კონტრაბანდული საქონლის შემოტანის უფლება აქვთ, მაგრამ ბოლო დროს ისინი შეიზღუდნენ, რის გამოც საკმაოდ აგრესიულები გახდნენ და, სავარაუდოდ, 13 ივლისის ინციდენტი ყოველივე ამის გამოძახილია.“(სტილი დაცულია)
იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ბაზარზე კონტრაბანდული საწვავის რაოდენობამ იკლო, ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც იზიარებს, თუმცა, მისი თქმით, შემცირება არ ნიშნავს სრულად აღმოფხვრას:
[გია ხუხაშვილის ხმა] „კონტრაბანდა ისევ არსებობს. კონტრაბანდის წყარო არის იგივე. რაც შეეხება სტიქიურ კონტრაბანდას, ეს არის აზერბაიჯანის მიმართულება და ეს არის იგივე ცხინვალის რეგიონი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ წერტილებიდან წარმოებული კონტრაბანდა მთლიანი კონტრაბანდის არცთუ დიდ ნაწილს შეადგენს.“(სტილი დაცულია)

გია ხუხაშვილის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოზე რკინიგზით გავლილი ტრანზიტული ბენზინის დიდი ნაწილი უკან ბრუნდება. ანუ, დოკუმენტების მიხედვით, ბენზინი გემზე იტვირთება და სხვა ქვეყანაში გადის, მაშინ როცა, სინამდვილეში, საწვავი საქართველოში რჩება და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არც ერთი სახელმწიფო ორგანო - მათ შორის, ფინანსური პოლიციაც - ამგვარი სქემის არსებობის ფაქტს არ ადასტურებს.
XS
SM
MD
LG