Accessibility links

ქართულმა ღვინომ ქინძმარაულმა ხარისხის საერთაშორისო სამიტის ჯილდო მიიღო


გასული თვის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, ”ხარისხის საერთაშორისო სამიტი” გაიმართა. სამიტზე მიწვეული იყო 62 ქვეყნის კომპანია, მათ შორის,

კორპორაცია ”ქინძმარაულიც”. ამ ქართული კომპანიის პროდუქციის ხარისხი ისე მოეწონათ ნიუ-იორკში შეკრებილ ბიზნესმენებს და ხარისხის ექსპერტებს, რომ კორპორაცია ”ქინძმარაულს” სამიტის მთავარი ჯილდო, პლატინის პრიზი, გადასცეს. პრიზის გასაცნობად და “ქინძმარაულის” ღვინის ”ოქროს კოლექციის” დასაჭაშნიკებლად კორპორაცია ”ქინძმარაულის” ხელმძღვანელებმა 14 ივლისს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” პრეზენტაცია გამართეს.

[ისმის დაჯილდოების ცერემონიის ხმა] ”... კორპორაცია “ქინძმარაული” საქართველოდან, პრეზიდენტი თამაზ კონჭოშვილი ჯილდოვდება პლატინის კატეგორიის პრიზით...”

აი, ასეთი ტაშით შეხვდნენ ნიუ-იორკში ”ქინძმარაულისთვის” ხარისხის პლატინის ჯილდოს გადაცემას. კორპორაციის პრეზიდენტმა თამაზ კონჭოშვილმა განაცხადა, რომ ამ წარმატებაში “ქინძმარაულის” მეღვინეებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტებს:

[თამაზ კონჭოშვილის ხმა] ”ჩვენ კი ვამაყობთ, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა, მაგრამ თუ საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტებით, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. და ამ დარგში ძალიან დიდი როლი ითამაშა გერმანიამ. ჩამოდიოდნენ ექსპერტები, ლექციებს გვიკითხავდნენ, მოდიოდნენ წარმოებაში...” (სტილი დაცულია)

ამგვარი თანამშრომლობით თამაზ კონჭოშვილის კომპანიამ ნამდვილი ქინძმარაულის ღვინის წარმოება შეძლო და ათასგვარი ფალსიფიკაციით გაჯერებულ ბაზარზე ქინძმარაულისთვის შესაფერისი ადგილიც დაიკავა.

[კახური მრავალჟამიერი]

ყვარელში, იქ სადაც კახეთის ნაყიფიერი მიწა ოქროთი, პლატინითა და სხვა მინერალებითაა გამდიდრებული, ისეთი ვაზი ხარობს, რომლის ნაყოფით ქინძმარაულის უნიკალური ღვინო მზადდება. კორპორაცია ”ქინძმარაული” ამ მიკროკლიმატური ზონის სამ მეოთხედზე მეტს ფლობს.

[კახური მრავალჟამიერი]

[თამაზ კონჭოშვილის ხმა] ”ჩვენს წარმოებას 1700-იანი წლებიდან აქვს ისტორია. როცა ერეკლე მეფემ ყვარელში ააგო ციხე-გალავანი, მაშინ აშენდა მარანი, რომლის საფუძველზე არსებობს ჩვენი წარმოება.”

ამ ისტორიულ საფუძველზე, თანამედროვე ტექნოლოგიით, კორპორაცია “ქინძმარაულმა” ”ქინძმარაულის ოქროს კოლექცია” შექმნა რომელშიც 9 დასახელების ღვინო შედის. მათ შორის ”ქინძმარაული ქინძმარაულიდან” და ”ქინძმარაულის ვარდი”. ეს უკანასკნელი ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი და თუ რატომ, მსახიობ ციცო კაპანაძისგან შეიტყობთ.

[ციცო კაპანაძის ხმა] ”ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არის... ქინძმარაული ხო ძალიან წითელია, ეს არის ვარდისფერი და მოტკბო გემოს მსგავსი გემო აქვს, ეტყობა რაღაც შემცველობა აქვს სხვა, გრადუსი აქვს... (იცინის) კარგ ხასიათზე გაყენებს და იუმორის ხასიათზე, განწყობა სხვანაირი გაქვს.”(სტილი დაცულია)

ქინძმარაულის ღვინო რომ საუკეთესო თვისებების მატარებელია და თანაც მაღალი ხარისხის მქონეა, სწორედ ეს დადასტურდა ნიუ-იორკში ხარისხის საერთაშორისო სამიტზე. ექსპერტების შეფასებით, ხარისხის პლატინის ჯილდო ”ქინძმარაულის ქინძმარაულს” ფალსიფიცირებული ქინძმარაულის მწარმოებლების დამარცხებაში დაეხმარება და ქართული ღვინის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG