Accessibility links

რა გავლენას ახდენს ბიზნესმენებზე გახშირებული თავდასხმები საქართველოს საინვესტიციო გარემოზე?


14 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრზე, ყოფილ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას რამდენიმე კვირით წინ უსწრებდა

საქმოსან დავით ტატიშვილის გატაცების უშედეგო მცდელობა. ამ ფაქტებმა კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა თითქოსდა მივიწყებული კითხვა: რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ქართველი ბიზნესმენები და რა გავლენას ახდენს ბიზნესმენებზე განხორციელებული თავდასხმები საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე?

სხვადასხვა კომპანიებში ფინანსური პოლიციის ნიღბიანი სპეცრაზმელების გახშირებული შეჭრის შემდეგ, ბიზნესმენებზე კრიმინალური სამყაროს თავდასხმებმაც იმატა. არადა, სულ ცოტა, ათიოდე თვის წინ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს და ინვესტორებს ლამის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო საინვესტიციო გარემოსა და უსაფრთხოების მაღალ გარანტიებს ჰპირდებოდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ბიზნესმენებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან დაცულნი. მე მიმაჩნია, რომ მათ ჩვენ მივცემთ საშუალებას, ფეხზე დააყენონ საქართველო. იმიტომ რომ საქართველო ფეხზე ეკონომიკამ უნდა დააყენოს და ეკონომიკა ფეხზე უნდა დააყენოს ქართულმა ბიზნესმა. ამ კერძო ურთიერთობების მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ ტყუილად კარებზე არავინ დაუკაკუნებს, არავინ აუტალახებს, არავინ დააშანტაჟებს, არავინ დაატერორებს.”

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები თავის დროზე ბევრმა დაიჯერა და საქართველოში მასშტაბური პრივატიზაცია დაიწყო, თუმცა ბოლო დროს ზედიზედ რამდენიმე უცხოელმა ინვესტორმა პრივატიზებულ ქონებაზე უარი თქვა და საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. ამას დაემატა ბიზნესმენებზე გახშირებული თავდასხმები, რაც ერთი შეხედვითაც ცხადს ხდის, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესმენთა უსაფრთხოების გარანტიები ცვლილებებს განიცდის. ამ პროცესების კომენტირება სხვადასხვა ბიზნესმენს თუ ექსპერტს ვთხოვე. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს. ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ისაკაძე:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა ძალიან ცუდი ტენდენციები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ აისახება საინვესტიციო კლიმატზე. იმაზე აპელირება, რომ ეს იყო ყაჩაღობის ფაქტი, ეს უკეთესი კი არ არის საინვესტიციო კლიმატისთვის, როდესაც დედაქალაქში დღის შუა პერიოდში ასეთი რამ ხდება, როცა 10 კაციანი ბანდა ყაჩაღობს... საინვესტიციო კლიმატი არ არის მხოლოდ საგადასახადო კოდექსი. ეს გაცილებით სხვა არის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სტაბილურობა ქვეყანაში, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან აირია.” (სტილი დაცულია)

შედარებით ფრთხილი აზრი გამოთქვა ბანკ ”რესპუბლიკის” წარმომადგენელმა შოთა ბუხაიძემ:

[შოთა ბუხაიძის ხმა] ”ძნელია დღეს იმაზე ვისაუბროთ, რომ ჩვენთან არის ისეთივე გარანტიები, რაც ევროკავშირში, მაგრამ ასევე, ჩემი აზრით, ძალიან ძნელია არ შეამჩნიო ის დადებითი შედეგები, რაც საქართველოში ხდება ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, ეს ბოლო ინციდენტი, უბრალოდ, დროში ერთად თავმოყრა იყო.” (სტილი დაცულია)

დავით ტატიშვილის გატაცების მცდელობა და ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა უბრალო დამთხვევად არ მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს. იგი ამჟამად შექმნილ ვითარებას, როდესაც ხელისუფლება ბიზნესმენებს თავს დაბალი გადასახადებით აწონებს, შევარდნაძის მმართველობის ხანას ადარებს. მაშინაც ასე მოხდა: კარგი საინვესტიციო კლიმატით მოხიბლული ინვესტორები ცოტა ხნის შემდეგ მიხვდნენ, რომ ხაფანგში ამოყვეს თავი.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”როდესაც ხელისუფლება აშკარად გაძლევს მინიშნებებს, რომ ჭკუით თუ არ იქნები, დაკარგავ სიცოცხლეს. თუ, ვთქვათ, მოგიტევებ და გაჩუქებ სიცოცხელს - გაჩუქებ, ამ შემთხვევაში, ბოდიში და, ”დაგაწერ”, რაც კი მომეწონება შენი, დაწყებული სასახლით და დამთავრებული, რა ვიცი... ცოლით და საყვარლით. ასეთ შემთხვევაში დამთავრდა ყოველგვარ სამართლებრივ გარანტიებზე საუბარი და იწყება... ჯუნგლები, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჯუნგლებში უფრო მეტი წესრიგია და სამართალი.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG