Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თუ ფული არ გაჭრის, რა თქმა უნდა, გამოცდების ჩაბარება ასე ჯობს”


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართულ პრესაში ცოტა ძნელი აღმოჩნდა იმ მოვლენის გამოყოფა, რომელსაც ბეჭდვითი მედია განუწყვეტლივ უთმობდა ყურადღებას:

გაათავისუფლეს თბილისის მერი და დანიშნეს ახალი, თავს დაესხნენ დეპუტატ ვალერი გელაშვილს - მას შემდეგ, რაც ეს ამბები მოხდა, პრესის ფურცლებიდან არც ერთი აღარ ჩამოსულა, მაგრამ ეს იყო მაინც კვირის მეორე ნახევარში. თუმცა, არა - იყო (და ახლაც არის) მოვლენა, რომელსაც კვირის დასაწყისიდან აშუქებენ ქართული გაზეთები. ეს გახლავთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ვნახოთ, მაგალითად, რას წერდა 12 ივლისის გაზეთი “24 საათი” გამოცდების პირველი დღის შესახებ:

“დღის განმავლობაში 14 საგამოცდო ცენტრში, საქართველოს მასშტაბით, აბიტურიენტების მხრიდან არაკორექტული ქცევა არ დაფიქსირებულა, რასაც შეიძლება დამსჯელი ღონისძიება მოჰყოლოდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, როცა აბიტურიენტს მისამართი შეეშალა და სხვა საგამოცდო ცენტრში მივიდა. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ გამოცდაზე, უფლება აქვთ, ჩააბარონ დანარჩენი გამოცდები და მიღებული შედეგები გამოიყენონ გაისად, როცა მიეცემათ ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარების ხელახალი შესაძლებლობა.”

“აბიტურიენტებს გამოცდა იოლი მოეჩვენათ” - აუწყებდა მკითხველს 13 ივლისის გაზეთი “ახალი ვერსია”. აქ აბიტურიენტებისა და მათი მშობლების კომენტარებსაც წაიკითხავთ. “საკითხები ადვილი იყო, მაგრამ ზოგი არ ვიცოდი. ძველს ეს მეთოდი სჯობს. დარღვევა არ შემინიშნავს”. “საკმაოდ ადვილი იყო. ვინც იცის და ნასწავლი აქვს, აუცილებლად დაწერს. ეს სისტემა ძალიან კარგია” - ეს აბიტურიენტთა აზრებია. ახლა მშობლებს მოვუსმინოთ: “თუ ფული არ გაჭრის, რა თქმა უნდა, გამოცდების ჩაბარება ასე ჯობს”. მეორე კომენტარი: “იმედი მაქვს, ჩემი შვილი ამ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს. თუმცა, ძველი სისტემით რომ ყოფილიყო, ჯობდა. თუ შენი შვილის ცოდნაში ეჭვი გეპარებოდა, თანხას მისცემდი და სტუდენტობა გარანტირებული იყო.”

15 ივლისის გაზეთი “ახალი თაობა” ზოგადი უნარების გამოცდის პირველ დღეს ეხმაურება. ამ გამოცდის პირველ სესიაზე 619 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, ვიგებთ გაზეთიდან. გამოცდის დროს, დაახლოებით 20 წუთის მანძილზე, ელექტრომომარაგება შეუწყდა აგრარულ უნივერსიტეტს, სადაც ყველაზე მსხვილი საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. თუმცა ვიდეოთვალების დაკვირვების სისტემა ავტონომიურ რეჟიმში მუშაობდა და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე არ მიეწოდებოდა წყალი მაღლივ კორპუსს, - წაიკითხავთ “ახალ თაობაში”.

ცესკოს წევრებმა ხელისუფლებას ხელები უკვე აუწიეს - ეს უკვე შაბათის გაზეთი “ხვალინდელი დღეა”. რეფერენდუმი მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით არ ჩატარდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი განუცხადა. ჯგუფის განცხადება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება - ასეთი იყო ცესკოს არგუმენტი, - წერია გაზეთში.

16 ივლისის გაზეთ “ალიას” აინტერესებს, მოსთხოვენ თუ არა პასუხს 6 ივნისს გატაცებული ჰამლეტ ხაჭაპურიძის ძმას, ლევანს, რომელმაც ჰაერში ორი მჭიდი დაცალა ლიახვის ხეობაში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას შესვლისას. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი “ალიას” განუმარტავს, რაკი არანაირ მიზანმიმართულ სროლას ხაინდრავას მისამართით ადგილი არ ჰქონია, არც სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს წერილს დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის შესახებ და მოჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გურამ დონაძის კომენტარი დაზარალებული გელაშვილის განცხადებაზე, რომ მას სცემეს სამინისტროს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა. “მეშვიდე განყოფილება გეგმადადგენითი განყოფილებაა და მის თანამშრომლებს არც ფორმა აცვიათ და არც შეიარაღებულნი არიან,” - ამბობს დონაძე, “რეზონანსი” კი დასძენს: “მე-7 განყოფილების ზუსტი სახელწოდებაა შსს-ს გარე მეთვალყურეობის სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქცია გახლავთ საეჭვო ობიექტის თვალთვალი, სატელეფონო საუბრების მოსმენა და ა.შ. ისინი აღჭურვილები არიან იარაღითა და სპეციალური ფორმით.”
XS
SM
MD
LG