Accessibility links

logo-print

საქართველო ცდილობს კონფლიქტური რეგიონები ეკონომიკური სტიმულირების მეთოდით შემოირიგოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი კონფლიქტურ რეგიონებში ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროგრამების მეშვეობით სიტუაციის დარეგულირების პროექტს საქართველოს მთავრობა ცხინვალის რეგიონის მიმართ გარკვეული შეთავაზებით იწყებს.

ცოტა ხნის წინ ჩაქვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს გასულ კვირას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისათვის სამედიცინო აპარატურის გადაცემა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ კოკოითი კამერების წინ სააკაშვილის ”ძღვენს” პიარაქციად აფასებდა, ოფიციალურმა ცხინვალმა ეს ჰუმანიტარული ჟესტი მიიღო - უფრო მეტიც, სამედიცინო სფეროში ერთობლივ პროექტებზეც დაიწყო საუბარი. გასული კვირის ამ ერთმა კონკრეტულმა მაგალითმა ცხადყო, რომ ე.წ. ეკონომიკური სტიმულაციის მეთოდი, როგორც წესი, კონფლიქტის დარეგულირებისას ყოველგვარ სამხედრო ოპერაციაზე უფრო ეფექტური გზაა.

საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონს გარკვეული გეგმა ოფიციალურად ჯერ კიდევ 6 თვის წინ შესთავაზა და ეს გეგმა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც წარუდგინა. შეთავაზება სამ ეტაპს მოიცავს და, ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციისა და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების გარდა, ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციას ითვალისწინებს.

ქართული მხარე ეკონომიკურ სფეროში უკვე კონკრეტულ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, საუბარია გორი-ცხინვალის სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების განახლებაზე, ქართულ პორტებში ტვირთის გადაზიდვისთვის რეგიონზე გამავალი ტრანსკავკასიის მაგისტრალის გამოყენებაზე. ჩაქვის კონფერენციაზე გახმიანდა ასევე ცხინვალის რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესაძლებლობის წინადადებაც.

საქართველოს ხელისუფლების ამ შეთავაზებებს ოფიციალური ცხინვალი ჯერჯერობით დიდი ეჭვით ეკიდება და ამ პროცესებისაგან გამიჯვნას ცდილობს, რადგან კოკოითის რეჟიმისათვის სრულიად ცხადი ხდება ის ეფექტი, რომელიც ერთობლივმა ეკონომიკურმა პროექტებმა შეიძლება მოიტანოს და რომელიც რეგიონის მოსახლეობისათვის სოციალურ შვებად, ხოლო ამ რეჟიმისათვის დასასრულის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონის მოსახლეობას 1991 წლიდან დაგროვილი საპენსიო დავალიანების გაცემას და პენსიების იმ დონეზე შენარჩუნებას ჰპირდება, რა დონეზეც ოსეთის მხარეს ამჟამად რუსეთის ფედერაცია უხდის.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა სალამაძე კონფლიქტურ რეგიონებში ეკონომიკური სტიმულაციის პროგრამას მიესალმება და ფიქრობს, რომ სწორედ ეს გზა იქნება დაპირისპირების განმუხტვის ყველაზე ეფექტური საშუალება:

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს კონკრეტული პრაგმატული ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს შეიძლება იყოს ამ პროვინციების გარეთ არსებული სამუშაო ადგილები, შეიძლება იყოს უშუალოდ კონფლიქტის ზონაში არსებული სამუშაო ადგილები, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე. აქ ასევე შეიძლება იყოს ლაპარაკი პენსიებზე, შრომის ანაზღაურებაზე, ანუ პრაგმატული მოტივაცია - ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომლითაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ასეთ კონფლიქტურ ზონებში სიტუაციის დარეგულირებაზე. ” (სტილი დაცულია0

საინტერესოა, რომ ჩაქვში გაკეთებულ განცხადებებს ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან უკვე მოჰყვა კონკრეტული შეთავაზებები. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ უწყების მიერ მომზადდა სპეციალური პროგრამა, რომელიც ცხინვალის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პრიორიტეტები მიენიჭება იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფენ. ამასთან, შესაძლოა თანადაფინანსების განხორციელება იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც რეგიონში ფილიალებს გახსნიან. თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არა უმეტეს 50%-ს შეადგენს. აქვე საუბარია მცირე კრედიტების პროგრამაზეც.

ცხინვალის რეგიონში ფინანსური შუამავლობის განვითარების ხელშეწყობისათვის მზადყოფნას გამოხატავს ეროვნული ბანკიც. სხვადასხვა სამინისტროები მზად არიან ჰუმანიტარული პროგრამები აამუშაონ და ერთობლივ პროექტებზე დაიწყონ კონკრეტული საუბარი. საბოლოოდ, ამ პროექტების რეალიზაციით საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეკონომიკური სტიმული გაუჩინოს, რადგან მსოფლიო ისტორიაში არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც წმინდა პტრაგმატული მოსაზრებებით სეპარატისტული განწყობების შეკავება მომხდარა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით დემონსტრაციულად ახდენს ქართული მხარის შეთავაზებების იგნორირებას, ეკონომიკური სტიმულაცია, როგორც წესი, დირექტივებსა და პოლიტიკურ ზეწოლებზე მაღლა დგას. ამ შემთხვევაში მთავარია, თბილისი თავის პოლიტიკაში თანმიმდევრული იყოს და ამ შეთავაზებებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავის მოწონებისა და ”მშვიდობის მტრედის” ფუნქციის გარდა, რეგიონის მოსახლეობისათვის რეალური პრაგმატული ინტერესი შეიძინოს.
XS
SM
MD
LG