Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი სიტყვა სკანდალი, მოგეხსენებათ, იზიდავს ჟურნალისტებსაც და, ზოგჯერ, საზოგადოებასაც. ხშირად სკანდალს ისეთ მოვლენასაც უწოდებენ, რომელსაც სკანდალური არაფერი სცხია.

ყოველკვირეული “ბიბლიოთეკა” ის გადაცემა არ არის, სადაც სკანდალზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ახლაც ასე ხდება: თქვენთვის წარმოსადგენად შევარჩიე წიგნი, რომლისგანაც სკანდალი არ გამოვიდა, თუმცა კი ეცადნენ. ეს წიგნია ზურა მესხის “ჩვენი უცოდველობა, მამავ”.

არამიწიერი სილამაზის ახალგაზრდა ქალი, რომელიც გარეგნობას უწესრიგო სამოსსა და ხელოვნურ მუწუკებში მალავს; ერთ ადამიანში შენივთული დაუნდობელი მკვლელი და უბედურ ბავშვებზე თავგადაკლული მზრუნველი; მღვდლის შვილი, რომელიც ვნების კვირაში მღვდელს აცდუნებს; უებრო კარატისტი და ბავშვობაში მოძალადე კაცების მსხვერპლი - აი, ასეთი შტრიხები აქვს ზურა მესხის რომანის პერსონაჟს. როგორ არ გამოვიდა ამ წიგნიდან სკანდალი, ამას მოგვიანებით გეტყვით, ახლა კი მწერალ ნაირა გელაშვილთან ერთად ვილაპარაკოთ რომანზე. ნაირა გელაშვილი არ იზიარებს ჩემს შენიშვნას, რომ ეს პერსონაჟი ცოტა ხელოვნურია, მთლიანობა და დამაჯერებლობა აკლია.

[გელაშვილის ხმა] “მე პირიქით აღვიქვამ, რომ ეს არის ძალიან მთლიანი ხასიათი. შესაძლოა, რასაც ვამბობ, ქალის ხედვაა. მანდ ისეთი სილამაზეა აღწერილი, რომ სცილდება რეალობის საზღვარს. ავტორი, რა თქმა უნდა, შეგნებულად აკეთებს ამას. ესაა მინიშნება იმაზე, რომ ეს არ არის კონკრეტული პიროვნება, არამედ სილამაზის იდეა, სიმბოლო, სილამაზე, როგორც ფენომენი.”

კონკრეტული აქ უაღრესად ზოგადში გადადის, სილამაზე, როგორც წიგნის სხვა პერსონაჟი ამბობს, ღმერთის არსებობის მთავარი ნივთმტკიცებაა. რომანის პრობლემატიკა რელიგიურია, მითხრა ნაირა გელაშვილმა, მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ, მსჯელობა არა ცნებებზე, არამედ პერსონაჟზე გაგვეგრძელებინა:

[გელაშვილის ხმა] “შეიძლება ითქვას, ის არ არის ფსიქიკურად ნორმალური ადამიანი. არანორმალურობა გამოიხატება იმით, რომ მან დაიჯერა ერთი რამ: სამართალი თვითონ უნდა დაადგინოს და თუ არსებობს დამნაშავე, რომელსაც არ სჯის ღმერთი, თვითონ სჯის მას, ანუ კლავს - ის მკვლელია. მაგრამ ფსიქიკური არანორმალურობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მისი ფიქრებიდან აბსოლუტურად განდევნილია, არსად არ არის დაფიქსირებული არც ერთი მკვლელობა. ერთადერთხელ, ნაწარმოების ბოლოს, ის ჰყვება თავის ამბავს და ჰყვება მესამე პირში.”

ამ ამბავს პერსონაჟი მიუსაფარ ბავშვებს უყვება, რათა, ერთი მხრივ, თავადაც გათავისუფლდეს წარსულის სიმძიმისგან, მეორე მხრივ კი, რაც მთავარია, ბავშვები ანუგეშოს. ამბის მსმენელები ხომ იმავე დღეში არიან, როგორშიც ამბის მთხრობელი იყო ბავშვობაში - ისინი გააუპატიურეს. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურებულ ბავშვებთან მთავარი პერსონაჟის პირველ შეხვედრას მხატვრული დამაჯერებლობა თითქოს არ აკლია, ეს ეპიზოდი მე მაინც გადაჭარბებად მივიჩნიე. ნაირა გელაშვილი არც აქ დამეთანხმა:

[გელაშვილის ხმა] “ვინც ამ საკითხზე მუშაობს, ქუჩის ბავშვების პრობლემაზე, იმათი აზრით, ეს აბსოლუტურად არ არის გადაჭარბებული. როგორც ამბობენ, ამ ბავშვების 90% გაუპატიურებულია, ბიჭებიცა და გოგოებიც. ეს არის ფსკერი, რომელიც ავტორმა ძალიან კარგად იცის. თუ არაფერი შეიცვალა, ეს ბავშვები არიან მომავალი კრიმინალური საზოგადოება. ამიტომაც განიცდის პერსონაჟი განსაკუთრებით ამ ბავშვების ბედს. თუ დააკვირდებით, მანდ ყველაზე საინტერესოა ის, რომ, როცა ამბავს ჰყვება, ამით ეუბნება, რომ მასაც დაემართა ასეთი რამ, მაგრამ დაინახა, რომ შურისძიებას შვება არ მოაქვს. ანუ იმის საწინააღმდეგოს ასწავლის, რასაც თვითონ აკეთებს.”

ალბათ, უკვე იფიქრეთ, რომ ზურა მესხის მცირე რომანში ბევრი ეპატაჟია. ამ მხრივ, ყველაზე თვალშისაცემი, შესაძლოა, პერსონაჟი მღვდლების ქცევა თუ ამბავი იყოს. უკვე ვთქვით, რომ პროტაგონისტი მღვდლის შვილია, რომელსაც ბავშვობაში მამა ხმამაღლა აკითხებდა ძველ აღთქმას და მისი ციტატები ახლაც გამუდმებით ჩაესმის. მამა გაუცხოებულია ოჯახთან, რცხვენია უფროსი, გონებასუსტი ვაჟის ხალხში გამოჩენა, თვალს უხუჭავს იმას, რომ მეუღლე აბორტებს იკეთებს, ხოლო ქალიშვილს გათხოვების გამო მოიკვეთს. მღვდელი გახდება ის, ვინც მთავარ პერსონაჟს ბავშვობაში გააუპატიურებს. კიდევ ერთი მღვდლის, მამა ზაქარიას, კიცხვა-შეგონებათა გამო ეპიზოდში გამკრთალი პერსონაჟი თავს იკლავს, ხოლო ერთ ქალს, მთავარი პერსონაჟის მეგობარს, სერიოზულად შეერყევა ფსიქიკა. ბუნებრივია, გამიჩნდა შეკითხვა: რას ერჩის ავტორი სასულიერო წოდებას? ნაირა გელაშვილი პასუხად ისევ პერსონაჟის ქცევის მოტივებზე ლაპარაკობს და კიდევ ერთ მოქმედ პირს, ამჯერადაც მღვდელს, შემახსენებს:

[გელაშვილის ხმა] “იქ არის ერთი ძალიან ნათელი მღვდლის სახე. ეპიზოდური გმირია, მაგრამ მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს. ეს არის მღვდელი, რომელმაც დატოვა ეკლესია, რადგან შემთხვევით გაიგო, რომ იქ ბევრია “კაგებეს” ყოფილი თანამშრომელი. მაგრამ ამ მღვდელმა ტრავმა მიიღო არა ამ ფაქტის გამო, არამედ იმის გამო, რომ ისინი არ ინანიებენ და არ აღიარებენ ამას. როცა ეს დაინახა, უბრალოდ, წავიდა ეკლესიიდან და ცხოვრობს სადღაც გამოქვაბულში, კლდეში.”

აქ ავტორმა, როგორც ჩანს, ილიას განდეგილის აჩრდილი გამოიხმო. ცხადია, ეს არ არის ერთადერთი ალუზია, რომელიც რომანის კითხვისას ჩნდება. ზურა მესხის ტექსტში ბევრი მოტივია, ეგებ მეტისმეტად ბევრიც კი მცირე რომანისათვის, ქარგა დეტექტიურია - მე განგებ არაფერს ვამბობ მეორე პერსონაჟზე, რომელსაც ასევე მიჰყავს თხრობა. მართალია, ნაირა გელაშვილთან ამ პერსონაჟზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ მის გაცნობას წიგნის მომავალ მკითხველებს ვანდობ. ქალბატონ ნაირას კი რომანის შემაჯამებელი შეფასება ვთხოვე:

[გელაშვილის ხმა] “ეს აღმოჩნდა პოლიფონიური რომანის ტიპი. ყველა ცნება, რომელსაც ახსენებს, ცნებათა 80% ლაიტმოტივებს წარმოადგენს, რომლებიც პარალელურად კი არ მიჰყვება ტექსტს, არამედ ერთმანეთს ექსოვება და ქმნის კონტრაპუნქტებს. ასეთი ნაწარმოების გაანალიზება ძნელია - არ იცი, რომელი მოტივით დაიწყო. ერთს რომ გამოსწევ, ყველა მოჰყვება. მაგრამ თუ თქვენ მაინც მკითხავთ, რა არის მისი ცენტრალური ადგილი, მე გეტყვით ერთ ფრაზას: “რა სიტყვები გაქვს გაუპატიურებული ბავშვებისათვის, იეშუა?” ერთადერთხელ ახსენებს ქრისტეს. ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში გადასვლა შედგა თუ არა? - რომანი, ჩემი აზრით, ამ კითხვას სვამს, ანუ სად არის პატიება, სად არის ის, ვინც ჩვენს უცოდველობას ხედავს? მთელი რომანი, ალბათ, ამ ცენტრალური შეკითხვის ირგვლივ ტრიალებს.”

დასასრულ, შეპირებული სკანდალის შესახებ, რომელიც არ შედგა. ათიოდე დღის წინ პრესაში დაიბეჭდა ცნობა, თითქოს საქართველოს საპატრიარქო ზურა მესხს ანათემაზე უპირებდა გადაცემას. საპატრიარქოში ეს უარყვეს. ავტორს რაც შეეხება, მისი ფოტო წიგნის ყდაზეა დაბეჭდილი და მავანი ფოტოხულიგნის მიერ სტილიზებულ ტომ კრუზს უფრო ჰგავს. ამბობენ, რომ ავტორი, შესაძლოა, თავად ნაირა გელაშვილიც იყოს. მაგრამ ეს კითხვა ნაირა გელაშვილისთვის შეგნებულად არ დამისვამს, რადგან ამ შემთხვევაში ტექსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, მისტიფიცირებულია თუ არა წიგნის ავტორი.
XS
SM
MD
LG