Accessibility links

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ პირის ფოტოს, რომელიც ეჭვმიტანილია თბილისში ჯორჯ ბუშის ყოფნისას ტერორისტული აქტის მცდელობაში


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ პირის ძებნა გამოაცხადა, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას

ტერაქტის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ძებნა იმ ფოტოსურათის გავრცელებით დაიწყო, რომელზეც ეჭვმიტანილია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებული აქვს ფულადი ჯილდო პირისთვის, რომელიც სამართალდამცველებს ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენაში დაეხმარება.

მესაზღვრეებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს - ყველას, ვისაც ეჭვმიტანლის დასადგენად და დასაკავებლად მოქმედება ევალება - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიკვლეული ფოტოსურათის ასლები დაურიგდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფოტოზე ასახული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობის დადგენას ცდილობს.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”სავარუდოდ, ეს ადამიანი არის 25-დან 35 წლის ასაკამდე, 175- დან 180 სანტიმეტრის სიმაღლის. სამწუხაროდ, ამ პიროვნების სახელი და გვარი ჯერ ვერ დავადგინეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწესებს პრემიას 150000 ლარს იმ ადამიანისთვის, რომელიც დაგვეხმარება ამ ადამიანის იდენტიფიკაციაში და მოგვაწვდის ინფორმაციას. ” (სტილი დაცულია)

ეჭვმიტანილი, სავარაუდო ასაკისა და სიმაღლის მითითებით, სპეციალურ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღწერა. უფრო მეტს მის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ფოტო ამბობს. 18 მაისიდან ამავე სამინისტროს ცხელ ხაზზე ელიან იმ მოქალაქეების სატელეფონო ზარებს, რომლებიც სამართალდამცველებს მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას ჯორჯ ბუშის თბილისში ყოფნისას ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე ჩვენ 18 ივლისს 16 საათსა და 30 წუთზე დავრეკეთ და ვიკითხეთ, აქტიურობენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები სამართალდამცველების დასახმარებლად. გავარკვიეთ, რომ ჩვენ მიერ მითითებულ დრომდე ცხელ ხაზზე რაიმე საინტერესო ზარი არ შესულა.

10 მაისის არშემდგარი ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ფოტო ცოტა ხნის წინაც გაავრცელა, თუმცა ამ ფოტოებით ძებნა ეჭვმიტანილზე არ გამოცხადებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებდა პირებს, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ საინტერესო ინფორმაცია ადამიანზე, რომელმაც თავისუფლების მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტების ტრიბუნისკენ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ხელყუმბარა გადააგდო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ წინა ჯერზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილმა პირებმა სამინისტროს ფოტოების გამოქვეყნებიდან 3-4 დღეში მიაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რამდენად დაეხმარნენ ეს ადამიანები სამართალდამცველებს ფოტოსურათზე ეჭვმიტანილის ამოცნობაში.

თავისუფლების მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას რომ ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ამის შესახებ ჯორჯ ბუშის თბილისიდან გამგზავრების შემდეგ გახდა ცნობილი. შეგახსენებთ განცხადებას, რომელიც 10 მაისს მომხდართან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა 11 მაისს:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”არანაირ საფრთხზე საუბარი არ არის. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ნაპოვნი საგანი არაოპერაციულ მდგომარეობაში იყო , არასაბრძოლო საგანი იყო და ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხეს არ გამოიწვევდა.” (სტილი დაცულია)

მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუხდათ იმის დადასტურება, რომ თავისუფლების მოედანზე - პრეზიდენტების ტრიბუნიდან არცთუ მაინცდამაინც შორს - ნაპოვნი რგდ-5 -ის ტიპის ხელყუმბარა სწორედაც რომ საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი და რომ საქართველო თავისუფლების მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ტერაქტს სრულიად შემთხვევით გადაურჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად მუშაობა მომხდარიდან 2 თვისა და 8 დღის გასვლის შემდეგ დაიწყო.
XS
SM
MD
LG