Accessibility links

logo-print

“ჯავშანი 2005” - სამხედრო სწავლება უხილავი და ხილული მტრების წინააღმდეგ


“ჯავშანი 2005” - ქართველ ტანკისტთა სამხედრო მანევრები ორფოლოს პოლიგონზე, სამცხე-ჯავახეთში, 18 ივლისს საზეიმოდ დასრულდა.

ქართველი სამხედრო ოპერატორების მიერ შემუშავებული სწავლების ლეგენდის თანახმად, სამი კვირის განმავლობაში 170 ტანკი და ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარი და ავიაცია პირად შემადგენლობასთან ერთად უტევდა პირობით მოწინააღმდეგეს, რათა ეჩვენებინა რეალური მტრისათვის, რომ საქართველოს შეუძლია სამხედრო ძალით აღადგინოს კონტოლი დაკარგულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ბიუჯეტს 400 ათასი ლარი დაუჯდა ორკვირიანი სატანკო მანევრები, რომელსაც უკვე იმით აქვს ისტორიული მნიშვნელობა, რომ ყველაზე მსხვილმასშტაბიანი სწავლებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში. როგორც რადიო “თავისუფლებას” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ლევან ნიკოლეიშვილმა განუცხადა, ორფოლოს პოლიგონზე დემონსტრირებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მთელი ჯავშანსატანკო პოტენციალი - მათ შორის, ის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოკავშირე ქვეყნებში - მათ შორის, უკრაინასა და ჩეხეთში - შეიძინა:

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] “სწავლების სახელწოდება გახლავთ “ჯავშანი 2005”. ეს არის, ძირითადად, ჯავშანსატანკო ბატალიონების სწავლება. ყველა ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონები მონაწილეობენ, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ყველა ის ტანკი თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ან რომელიც ჩვენ გვქონდა და განახლებას ექვემდებარებოდა - ყველა არის იქ და ხდება მათზე მუშაობა და, კიდევ ერთხელ, ეს ემსახურება საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას.” (სტილი დაცულია)

სამკვირიანი მანევრების განმავლობაში მოდერნიზებულმა და საზღვარგარეთ შეძენილმა 170-მა ერთეულმა მძიმე ტექნიკამ კარგად იმუშავა, ეკიპაჟებმა სრულყვეს ტექნიკის ექსპლუატაცია საბრძოლოსთან მიახლოებულ ვითარებაში. საჩვენებელ სწავლებებში კი ტანკისტებთან ერთად ავიაცია და ქვეითებიც ღებულობდნენ მონაწილეობას პირობითი მტრის განლაგების დასალაშქრად.

[ავიაციის და სროლის ხმა]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 18 ივლისს პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო საჩვენებელ სწავლებებს, განაცხადა, რომ “შეიარაღებულ ძალებს თავისუფლად შეუძლია მოიგერიოს ყველა ის საფრთხე, რაც ქვეყანას სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან შეიძლება დაემუქროს.”

მანევრების ლეგენდაც ხომ სწორედ ამასვე ისახავდა მიზნად. სწავლების სცენარის თანახმად, საქართველოს არმიას უპირისპირდება პირობითი მოწინააღმდეგე, რომელსაც გენერალი ლამპასი სარდლობს. აღნიშნულ დაჯგუფებას დაკავებული აქვს ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონი, რომელზეც კონტროლის დამყარებას ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობს. ვისაც ოდნავ მაინც უჭრის გონება, ადვილად მიხვდება, რომ სამხედრო სწავლების კომუფლირებული ლეგენდა ბევრით არაფრით განსხვავდება ვითარებისაგან, რომელიც საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთისა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში - რეალურად არსებობს. განსხვავება ისაა, რომ სწავლებაში მონაწილე ქართულმა ჯარმა თვალის დახამხამებაში და სრულიად დაუბრკოლებლად შეძლო პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება, მაშინ როცა რეალურ სეპარატისტულ რეგიონებში საბრძოლო ოპერაციის წარმოება დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული და, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, არც შედის ოფიციალური თბილისის გეგმებში.
XS
SM
MD
LG