Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ თბილისელები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ


სულ ცოტაც და დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოების დაკომპლექტების პროცესი. 23 ივლისს 9 კაცისაგან შემდგარი სამეურვეო საბჭო

გენერალური დირექტორის ვინაობას დაასახელებს, რის შემდეგაც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანუ საზოგადოებრივი რადიო და ტელევიზია, სრულფასოვნად ამოქმედდება. რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას: როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია?
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ მეთხუთმეტე მუხლით, სადაც წერია: პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით, კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელი და კანონის ერთ-ერთი ავტორი ლევან რამიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ახალი ტიპის, მაღალ პროფესიულ სტანდარტზე ორიენტირებული და ანგარიშვალდებული, ჟურნალისტიკა სჭირდება:
[ლევან რამიშვილის ხმა] „უნდა მოხდეს დაახლოებით ისეთივე გარღვევა, როგორიც მოხდა 10-15 წლის წინ, როცა მოხდა გამიჯვნა კომუნისტურ ტრადიციასთან ქართულ პრესაში და დაიწყო თვისებრივად ახალი ეტაპი ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში. დღეს არის ასეთივე აუცილებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა არ აღნიშნავს ერთგვარ კრიზისს თანამედროვე ქართულ მედიაში.“
ლევან რამიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობა კანონით არის გარანტირებული, ქართულ მედიას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან ბევრს ელიან ის მოქალაქეებიც, რომლებსაც მე თბილისის ქუჩებში გამოველაპარაკე:
[მამაკაცის ხმა] „ჟურნალისტები ძალიან ტენდენციურები არიან ხშირად და ეს არ მომწონს. არ არის ეს ის დონე, რაც არსებობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ველოდები იმას, რომ ეს პრობლემები, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობას, იყოს გამჭვირვალე და თქმული ტელევიზიის ეთერში.“
[ქალბატონის ხმა] „მეტი ისეთი სიუჟეტი, სადაც ასახული იქნება ხალხის პრობლემები. დღევანდელი ტელევიზიები ამას მეტ-ნაკლები წარმატებით აკეთებენ. იცით, რა აკლიათ? განსხვავებული აზრი არ არის. გვაწვდიან მხოლოდ ერთ მიმართულებას: ან ძალიან მოსწონთ, ან ძალიან აძაგებენ. საზოგადოებრივი ტელევიზია მართლაც საზოგადოებრივი უნდა იყოს და არა რომელიმე პარტიის ან მთავრობის მიმდევარი.“
დაუბალანსებელი და შეუმოწმებელი ინფორმაციის გარდა, მაყურებელს სარეკლამო რგოლების სიმრავლეც აღიზიანებს. იმის გამო, რომ რეკლამა კომერციული ტელევიზიისთვის შემოსავლის ლამის ერთადერთი წყაროა, არხების მფლობელები უარს ვერ ამბობენ სარეკლამო რგოლების ყველაზე რეიტინგულ გადაცემებში განთავსებაზე.
[მამაკაცის ხმა] „ყველაფერი კარგია, მაგრამ იცით, რა არის? კარგი გადაცემა მიდის, შოუ ჰქვია, მიდის გადაცემა და უცბად წყდება და თეთრეულის რეკლამა ირთვება, რომელიც მთელი 15 წუთი გრძელდება. თუ არ ჩამეძინა, აღარ მახსოვს რას ვუყურებდი.“
ლევან რამიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს მსგავსი პრობლემები არ შეექმნება:
[ლევან რამიშვილის ხმა] „საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამა მკვეთრად შეზღუდული იქნება, რეკლამა არ იქნება გადაცემებში, ანუ წყვეტას ადგილი არ ექნება და რეკლამა განთავსდება მხოლოდ ბუნებრივ ინტერვალებში. ასევე არ იქნება შაბათ-კვირას და ასევე არ მოხდება წყვეტა სპორტული გადაცემების დროს.“
კანონი მაუწყებლობის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამაზე დამოკიდებულებისგან ათავისუფლებს, რადგანაც მისი ბიუჯეტი ძირითადად საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახადით ივსება. კანონის თანახმად, მაუწყებლობის გადასახადის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი აქვს. მიმდინარე წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დაახლოებით 16 მილიონი ლარით განისაზღვრა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG