Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყისა და ირანის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის


ერაყის პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე უპრეცედენტო შემთხვევაა, ირანში დადებითი ემოციები გამოიწვია. ქვეყნის ჯერ ისევ მოქმედი

პრეზიდენტი მოჰამად ხათამი იბრაჰიმ ჯააფარის სტუმრობას ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარდატეხას უწოდებს. მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ ერთ დროს მოსისხლე მტრების დაახლოებაზე ფიქრი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ერაყის ახალ მთავრობაში შიიტებმა დომინანტური პოზიციები დაიკავეს. როგორ აღიქვამენ ირან-ერაყის დამეგობრებას ერაყში და რა თვალით უყურებს ამას ამერიკის შეერთებული შტატები?

ორმა მეზობელმა ქვეყანამ, ირანმა და ერაყმა, რომელთა შორისაც 1980-88 წლებში სისხლიანი ომი იყო გაჩაღებული, მეგობრობაზე დაიწყო ფიქრი. ირანის ჯერ ისევ მოქმედი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი ერაყის პრემიერ-მინისტრის იბრაჰიმ ჯააფარის სტუმრობამ დიდად გაახარა. ხათამი დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი სადამ ჰუსეინის დროინდელი ჭრილობების მოშუშებას შეუწყობს ხელს. რეგიონში სადამ ჰუსეინის დამანგრეველ მოქმედებებს კარგად აცნობიერებს იბრაჰიმ ჯააფარიც, რომელიც ერაყელი დიქტატორის რეჟიმის დროს რამდენიმე წელი ირანს აფარებდა თავს. თუმცა ჯააფარი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ჰუსეინი ერაყელი ხალხის სახე არ არის.

ირანი მზად არის ერაყთან მეგობრობისთვის და ეს ხათამის სიტყვებიდანაც კარგად ჩანს: "ირანის ისლამური რესპუბლიკა ყველაფერს გააკეთებს ერაყის აღმშენებლობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად."

"ირანელი ძმების" დახმარებას რომ საჭიროებს, ამას თავისი სამდღიანი ვიზიტის დასასრულს ერაყის პრემიერ-მინისტრიც საგანგებოდ უსვამს ხაზს და შედეგებზეც საუბრობს:

(იბრაჰიმ ჯააფარის ხმა) "ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 5 ერთობლივი საბჭო. ესენია: პოლიტიკური, სასაზღვრო, სამშენებლო, მომსახურებათა და ტერორიზმთან ბრძოლის საბჭოები. ჩვენ ისინი ჩამოვაყალიბეთ იმიტომ, რომ ეს 5 საკითხი მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის."

ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ჯააფარი შეხვდა ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს მოჰამად აჰმადინეჯადს, საგარეო საქმეთა მინისტრს კამალ ხარაზისა და სხვა ოფიციალურ პირებს. ერაყისადმი მათი განწყობა ერთმნიშვნელოვნად დადებითია.

18 ივლისს ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ნამდარ ზანგანემ ისიც თქვა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ირანი და ერაყი, ნავთობთან მიმართებით, ერთობლივ პროექტში ჩაერთვება. დაგეგმილია ნავთობსადენის მშენებლობა, რომელიც ერაყის ქალაქ ბასრასა და ირანის ქალაქ აბადანს დააკავშირებს. ჯააფარის ირანში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სავაჭრო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იბრაჰიმ ჯააფარის ეს ვიზიტი და ქვეყანათა დამეგობრების მცდელობა, ირანისგან განსხვავებით, ერაყში არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს.

ერაყის მმართველი საბჭოს ყოფილი წევრის მაჰმუდ უთმანის თქმით, აფეთქებებითა და სიკვდილით დამფრთხალ ერაყელებს ირანზე ფიქრისათვის დროც არა აქვთ. თუმცა, მისი აზრით, ეს ვიზიტი შიიტების მოწონებას დაიმსახურებს. ხოლო რაც შეეხება უარყოფით რეაქციას, ექსპერტის ვარაუდით, ჯააფარის ვიზიტი ასეთ ემოციებს სუნიტებს გაუჩენს, რადგანაც ისინი შიიტური მთავრობის გავლენას უფრთხიან.

როგორ უყურებს ამერიკის შეერთებული შტატები ერაყისა და ირანის მიერ მეგობრობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს? შეერთებული შტატები მიესალმება მეზობლებს შორის გაჩენილ "სითბოს", თუმცა აფრთხილებს ირანს, რომ ყოველივე ეს ავად არ გამოიყენოს და ერაყის საშინაო საქმეებში ჩარევა არ მოინდომოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG