Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორიდან ისრაელის გასვლის მოწინააღმდეგეები პროტესტს არ წყვეტენ


ისრაელის პოლიციაში განგაშის უმაღლესი საფეხურია გამოცხადებული მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქე

აკრძალვის მიუხედავად აპირებს ღაზის სექტორისკენ საპროტესტო მარშის გაგრძელებას.

დემონსტრაციის მიზეზზე ადრეც გვქონია საუბარი: ისრაელში ბევრის აღშფოთებას იწვევს პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გეგმა, ბოლო მოუღოს ისრაელის ჯარების და ებრაელი მოსახლეების ყოფნას ღაზის სექტორში, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ტერიტორიების ნაწილზე. ამ აღშფოთებას გამოხატავს ათასობით ადამიანი, რომელმაც ღაზის სექტორში კერძოდ გუშ კატიფში ჩასვლა განიზრახა. გუშ კატიფი არის ერთ-ერთი ღაზის სექტორში ებრაელების 21 დასახლებიდან, რომელთა დემონტაჟს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გადაწყვეტილებით, 17 აგვისტომდე აპირებენ. იგივე ბედი მოელის ებრაელების 4 დასახლებას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაირზე.

მაგრამ ღაზას დავუბრუნდეთ: ისრაელის არმიამ დემონტაჟისთვის მომზადებული ყველა ებრაული დასახლება ჩაკეტა და ბარიკადები აღმართა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ კისუფიმთან, რომლის გავლაცაა საჭირო ღაზაში შესასვლელად.

როგორც იუწყებიან, ისრაელს 20 000-მდე პოლიციელი და ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული ღაზაში დემონსტრანტების შესვლის ხელშესაშლელად. ეს ამოცანა, როგორც ჩანს, ადვილი შესასრულებელი არ არის. ამასობაში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დააპატიმრეს. მაგრამ ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქციებს მონაწილეები დაემატება: ისრაელის მეამრჯვენე ძალები ებრაული დასახლებების დემონტაჟის 100 000-მდე მოწინააღმდეგის მობილიზებას მოელიან.

ხოლო დემონსტრაციის მონაწილე ემი როზენბლუმი, რომლემაც, ისევე როგორც მრავალმა სხვა დემონსტრანტმა, წუხანდელი ღამე ღაზის სექტორიდან 16 კილომეტრში მდებარე ქალაქ კფაირ მაიმონში დაჰყო, ამბობს, რომ დემონსტრანტები აუცილებლად მიაღწევენ ღაზას: [დემონსტრანტის ხმა] “ამ ხალხმა გადაწყვიტა სამდღიანი მარშის მოწყობა მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად - ეს არის ებრაელების თავიანთი მიწიდან, თავიანთი სახლებიდან გამოძევების პოლიტიკა. არადა, ამ ხალხს ბრალი არაფერში მიუძღვის! პროტესტის მშვიდობიანად გამოთქმა დემოკრატიული ქვეყნის ყოველი მოქალაქის დემოკრატიული უფლებაა. ჩვენ კი (ყოველ შემთხვევაში აქამდე გვეგონა, რომ) დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ“.
ისრაელის ხელისუფლების დემოკრატიულობაში ეჭვი შეაქვს მემარჯვენე პარლამენტარ ბენი ეილონსაც, რომელიც ორშაბათს შეუერთდა დემონსტრაციას: მის აღშფოთებას იწვევს ის, რომ პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი არ ითვალისწინებს ებრაული დასახლებების დემონტაჟის გეგმის მოწინააღმდეგეების აზრს: [პარლამენტარის ხმა] “ეს არის ნამდვილი სირცხვილი დემოკრატიისთვის. პრემიერ-მინისტრი ტირანივით იქცევა”.

ამ მასშტაბური პროტესტის მიუხედავად, ისრაელის მკვიდრთა უმრავლესობა ემხრობა არიელ შარონის გეგმას. ისევე, როგორც ემხრობა აშშ და ემხრობიან ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის სხვა უცხოელ შუამავლები.

ღაზის სექტორში ებრაელთა დასახლებების დემონტაჟის, ისრაელის ჯარების გაყვანის ყველაზე დიდი მომხრეები კი, თითქოს, პალესტინელები უნდა იყვნენ, მაგრამ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ასე არ არის: პელასტინელებში ბევრი შიშობს, რომ ღაზის სექტორიდან წასვლის შემდეგ ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის კონტროლს გაამკაცრებს (გავიმეორებ: ამ ტერიტორიაზე ებრაელთა სულ 4 დასახლების დემონატაჟია დაგეგმილი, ანუ იქ მცხოვრები 240 ათასი ებრაელის მხოლოდ მცირე ნაწილის გაყვანა). ამიტომაა, რომ პალესტინელები პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს აკრიტიკებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის გეგმაზე დაყაბულებისათვის. მას აკრიტიკებენ პალესტინელების ექსტრემისტული ორგანიზაციები, მათ შორის “ჰამასი” და, რა გასაკვირია, ექსტრემისტები სიტყვიერ კრიტიკას არ ჯერდებიან... ბოლო დღეებში მათ გაახშირეს იერიშები ისრაელის ობიექტებზე. საპასუხოდ ისრაელი მასშტაბური სამხედრო ოპერაციით იმუქრება.

თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, ისრაელმა მუქარა შეასრულოს მომდევნო დღეებში - რეგიონში ხომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩადის. მისი ქვეყანა კი გადაჭრით ემხრობა მხარეებს შორის სამშვიდობო დიალოგს.
XS
SM
MD
LG