Accessibility links

logo-print

”გაზექსპორტი” დედაქალაქს გაზის მიწოდების განახევრებით ემუქრება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დღეიდან თბილისს ბუნებრივი აირის მოწოდება შეიძლება გაუნახევრდეს. ამის მიზეზი რუსული ”გაზექსპორტის” მიმართ ”თბილგაზის” დავალიანებაა,

რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში რუსულმა მხარემ დედაქალაქისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულება შეიძლება საერთოდ გააუქმოს.

რუსული ”გაზპრომის” შვილობილი კომპანია ”გაზექსპორტი” დღეიდან თბილისისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების განახევრებას აპირებს. დედაქალაქის გაზის გამანაწილებელ კომპანია ”თბილგაზსს”, მიმდინარე დავალიანების სახით, რუსული ექსპორტიორის 2 მილიონ 680 ათასი აშშ დოლარი მართებს. ამას ემატება წინა წლებში წარმოქმნილი 5 მილიონ დოლარზე მეტი ვალი, რომლის გადახდის გრაფიკი, ”გაზექსპორტის” წარმომადგენლის დავით მორჩილაძის თქმით, ჯერ არ არის შედგენილი.

დავით მორჩილაძე, რომელიც ორი თვის წინ თავად ხელმძღვანელობდა ”თბილგაზს”, ამ უწყებაში წარმოქმნილ პრობლემებს იმასაც უკავშირებს, რომ მისი წამოსვლიდან დღემდე ”თბილგაზს” ახალი დირექტორი არა ჰყავს. ”გაზექსპორტმა” დავალიანების გადახდის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა ქალაქის მერიასა და ”თბილგაზს”, 2 დღის წინ კი ამ უწყებაში შეტყობინებაც გაგზავნა, სადაც 20 ივლისიდან დედაქალაქისათვის გაზის მიწოდების განახევრებაზეა საუბარი.

[დავით მორჩილაძის ხმა] ”თბილგაზს” დაუგროვდა მიმდინარე დავალიანება 2 მილიონზე მეტი, რაც, ”გაზექსპორტის” თვალსაზრისით, ნიშნავს იმას, რომ ”თბილგაზი” გადახდისუუნარო ხდება. აქედან გამომდინარე, ის ანახევრებს მოწოდებას. ”

”თბილგაზის” მმართველი კომპანიის ”ახალი მენეჯმენტის” ხელმძღვანელი ნოდარ გობიანიძე დავალიანების არსებობას არ უარყოფს, თუმცა გვპირდება, რომ მერიასთან ერთად ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დედაქალაქი გაზს ჩვეული დატვირთვით მიიღებს. გობიანიძე დავით მორჩილაძის არც იმ მოსაზრებას იზიარებს, თითქოს ”თბილგაზის” პრობლემები ახალი დირექტორის დანიშვნის პროცესის გაჭიანურებით იყოს გამოწვეული. ”ამ უწყებას ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარმატებით უძღვება საკუთარ მოვალეობას, - აცხადებს გობიანიძე. ამ წარმატების დასტურად ”ახალი მენეჯმენტის” ხელმძღვანელს მოსახლეობისაგან მოხმარებული გაზის საფასურის გაზრდილი მაჩვენებლები მოჰყავს. რაც შეეხება წარმოქმნილ დავალიანებას, გობიანიძის თქმით, ამ თანხის ნაწილი ”თბილგაზში” დავით მორჩილაძის მოღვაწეობის პერიოდშია წარმოქმნილი:
[ნოდარ გობიანიძის ხმა] ”კი, დავალიანება არის. ეს დავალიანება წარმოშობილია წელს თვეების მიხედვით, იგივე წინა დირექტორის პერიოდში, იგივე წელს თვე-ნახევრის მუშაობის პირობებში, როდესაც ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. მაგრამ ვფიქრობთ ამ საკითხებზე, ქალაქის მერიასთან ერთად ვმუშაობთ და, ვფიქრობთ, ეს დადებითად უნდა გადაწყდეს.” (სტილი დაცულია)
”თბილგაზის” ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ”გაზექსპორტის” წარმომადგენელი დავით მორჩილაძე თავისი ყოფილი უწყების პრობლემებს მხოლოდ ბუნებრივი აირის მოწოდების განახევრებაში არ ხედავს და აცხადებს, რომ თუ ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დავალიანება არ დაიფარა, ძველი დავალიანების გადახდის გრაფიკი არ შეთანხმდა და მკაცრად არ იქნა დაცული, ”გაზექსპორტი” ქართულ მხარესთან დადებულ შეღავათიან კონტრაქტს გაწყვეტს, რაც აუცილებლად აისახება გაზის ტარიფზე და, შესაბამისად, მომხმარებელზე.
[დავით მორჩილაძის ხმა] ”ყველაზე უფრო საშიში ”თბილგაზისათვის” არის ის, რომ თუ ამ ვალის საკითხი არ მოწესრიგდა, 60 დღის შემდეგ გაწყდება კონტრაქტი.”
ამ მუქარის მიუხედავად, ”თბილგაზის” მენეჯმენტი დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს და დედაქალაქის მოსახლეობას ჰპირდება, რომ გაზმომარაგება არ განახევრდება. საპირისპიროს ამტკიცებს ”გაზპრომის” შვილობილი კომპანია. ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, როგოც ჩანს, თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. 21 ივლისს დანიშნულია ”თბილგაზის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომლის მოწვევის ოფიციალური მიზანი საწარმოს მომავალი პერსპექტივების განხილვა იქნება, რეალური კი, ალბათ, დავალიანების გასტუმრებისა და მენეჯმენტის პრობლემაზე მსჯელობა.
XS
SM
MD
LG