Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვაო საზღვრის დამცველები საზღვრების დაცვით ბიუჯეტსაც ავსებენ


გუშინდელ გადაცემაში ჩვენი ქართველი ტანკისტების ფართომასშტაბიანი წვრთნების შესახებ გესაუბრეთ, დღეს კი სამხედრო ძალების კიდევ ერთ სახეობაზე - სანაპირო

დაცვაზე - შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, მით უფრო, რომ 19 ივლისს საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის ძალები დაარსების მე-7 წლისთავს აღნიშნავენ და თანაც, ჩვეულებრივი სამხედრო ძალისგან განსხვავებით, სანაპირო დაცვა რენტაბელურ დარგადაც იქცა.

7 წლის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშიანი კატარღა საბრძოლო დავალებით პირველად გავიდა ზღვაში საქართველოს საზღვაო აკვატორიის დასაცავად. კატარღა და ეკიპაჟი უკრაინელების მიერ იყო მომზადებული და ამის მეტი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაპარტახებულ ბაზას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს სანაპირო დაცვას 7 წლის წინ არც არაფერი ებადა. ახლა საქართველოს საზღვაო აკვატორიას ყოველდღიური საბრძოლო მორიგეობის რეჟიმში 12 მცურავი საშუალება ემსახურება. მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი სახელმწიფო გამონახავდა თანხებს მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გასარემონტებლად, მაგრამ ფული რემონტისთვის ბიუჯეტს ჯერ არა აქვს. არის შემთხვევები, როცა საზღვაო საზღვრის დამცველები რეგულარულად ვერც ახალი მთავრობის დროს ღებულობენ საჭირო საწვავს, მაგრამ, როგორც საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გენერალმა ბადრი ბიწაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, სანაპირო დაცვის მებრძოლები საზღვაო აკვატორიას უკვე აფხაზეთის პერიმეტრის ჩათვლითაც აკონტროლებენ.
[გენერალ ბადრი ბიწაძის ხმა] “ერთი რამე უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიული წყლები არ არსებობს. არის საქართველოს ტერიტორიული წყლები და არის აფხაზეთის პერიმეტრი. და ამის კონტროლს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.”
[კობა ლიკლიკაძე] “რეალურად ხორციელდება ასეთი კონტროლი?”
[ბადრი ბიწაძის ხმა] “რეალურად ხორციელდება. პრობლებემი გვაქვს, რა თქა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით რეალურად ვახორციელებთ ამ კონტროლს.”

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ტერიტორიული წყლებისა და აფხაზეთის პერიმეტრის კონტროლის დროს საქართველოს სანაპირო დაცვას პრობლემები თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისაგან ექმნება. პარადოქსულობა კი ისაა, რომ თურქეთი საქართველოს სანაპირო დაცვის ძალების ერთ-ერთი მსხვილი დონორია. მაგრამ ოფიციალური ანკარა პასუხისმგებლობას იხსნის კომერციული გემების მიერ საერთაშორისო ნაოსნობის წესების დარღვევაზე, ქართველი სანაპირო დაცვის წარმომადგენლები კი ზოგჯერ ძალის გამოყენებასაც არ ერიდებიან, რათა საზღვრის დამრღვევი გემი დააპატიმრონ და ნაოსნობის წესების დარღვევის გამო პასუხი მოსთხოვონ. როგორც საქართველოს სანაპირო დაცვის სარდალი, გენერალი დავით გულუა აცხადებს, ამგვარი საჯარიმო სანქციებით ქართველმა საზღვაო მესაზღვრეებმა საქართველოს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი შემატეს.

[დავით გულუას ხმა] “სანაპირო დაცვის მოღვაწეობის შედეგად, გამოვიდა ისე, რომ ჩვენ ბიუჯეტს მივეცით მეტი, ვიდრე მივიღეთ ბიუჯეტიდან. შეიძლება ითქვას, რომ ერთი წლის განმავლობაშ დაახლოებით 2 მილიონი შევიტანეთ ბიუჯეტში. მომავალში ეს ციფრი, ალბათ, შემცირდება, რადგან დაიჯერებენ, რომ საქართველოს საზღვაო სივრცის დარღვევა არ ღირს.”

300 კილომეტრის სიგრძის საზღვაო სივრცის საიმედო და სრული კონტროლი არის სანაპირო დაცვის მებრძოლების სანუკვარი ოცნება. სანაპირო დაცვის ძალების ახალ თაობას იმედი აქვს, რომ ამ ოცნების ახდენამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. მათ დღეს, საკუთარ პროფესიულ დღესასწაულზე, ღია წყალში გვირგვინის ჩაშვებით პატივი მიაგეს იმ მეზღვაურების ხსოვნას, ვინც ეს ოცნება ზღვის ფსკერზე წაიღო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG