Accessibility links

ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსული პრესა განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს რუსეთში ფერადოვანი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსული პრესა განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს რუსეთში ფერადოვანი რევოლუციის მოხდენის შესაძლებლობის მიმართ.

თუ აქამდე რუსი ექსპერტები და ჟურნალისტები ცალსახად გამორიცხავდნენ რევოლუციის შესაძლებლობას, ბოლო დროს ვითარება შეიცვალა. ამაში რუსეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვაც დაგარწმუნებთ.

ინტერნეტგამოცემა „გაზეტა“ საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის შედეგებით, რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ რუსეთში ფერადი რევოლუცია შესაძლებელია. კერძოდ, გამოკითხულთა 42 პროცენტი რუსეთში მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობის წინაპირობებს ხედავს.

„გაზეტას“ ცნობით,გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არ გამორიცხავს რუსეთში საქართველოსა და უკრაინის მსგავსი მოვლენების განვითარებას. რევოლუციისა მხოლოდ 32 პროცენტს არ სჯერა. სახალხო გამოსვლების მიზეზთა შორის ყველაზე ხშირად დასახელდა ცხოვრების პირობებით უკმაყოფილება და მოსახლეობის გაღარიბების პროცესი. სხვა მიზეზებს შორის იყო: ხელისუფლებით უკმაყოფილება, ანტიხალხური კანონების მიღება, გაუაზრებელი რეფორმები, მძიმე სოციალური ფონი.
ფერადი რევოლუციის კატალიზატორად, გამოკითხულთა აზრით, შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები იქცეს - მაგალითად, ინფლაციის ზრდა ან ნავთობსა და გაზზე ფასების მკვეთრი დაცემა, რაც, მთლიანობაში, მოსახლეობის ცხოვრების პირობებს კიდევ უფრო გააუარესებს.



რუსეთში რევოლუციის მოწყობით დაინტერესებული პოლიტიკური ძალების არსებობას გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი ეთანხმება. ამავე დროს, გამოკითხულთა 42 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთში არიან პოლიტიკური ძალები, ვისაც მასობრივი გამოსვლების ორგანიზება შეუძლიათ. გამოკითხვამ სხვა საინტერესო ფაქტებიც გამოავლინა. კერძოდ:


რუსეთში საქართველოს, უკრაინისა და ყირგიზეთის რევოლუციების შესახებ გამოკითხულთა 49 პროცენტი ინფორმირებულია, 34 პროცენტს ამ მოვლენების შესახებ რაღაც სმენია, 15 პროცენტმა კი ფერადი რევოლუციების შესახებ მხოლოდ გამოკითხვისას შეიტყო. ამავე დროს, გამოკითხულთა 55 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ფერადი რევოლუციები ამ ქვეყნებში გარეშე ძალების ჩარევით მოხდა. მხოლოდ 14 პროცენტი ფიქრობს, რომ რევოლუციის შემოქმედი საქართველოს, უკრაინისა და ყირგიზეთის მოსახლეობა იყო.
და კიდევ ერთი რამ: გამოკითხულთა მხოლოდ 6 პროცენტს მიაჩნია, რომ რევოლუციის შემდეგ უკრაინაში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. სამ პროცენტს სჯერა, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა საქართველოსა და ყირგიზეთში. უფრო ხშირად კი, გამოკითხულთა აზრით, ვითარება გაუარესდა - 30 პროცენტი ამ შემთხვევაში საქართველოს ასახელებს, 26 - უკრაინას, 24 კი - ყირგიზეთს.
XS
SM
MD
LG