Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპირებს თუ არა ოპოზიცია ხელმეორედ მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარების უფლება


როგორც ცნობილია, 15 ივლისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის გამართვის შესახებ.

ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ რეფერენდუმით გაირკვეს, სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას, რომ მას პირდაპირ არჩეული მერები და გამგებლები ჰყავდეს. როგორ აფასებს ოპოზიციური ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფი რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მიღებულ უარს და რას აპირებს მომავალში?.

რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფმა 19 ივლისს პრესკონფერენცია გამართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გასული კვირის მიწურულს მიღებული გადაწყვეტილების შესაფასებლად. ჯგუფის ლიდერის აკაკი ასათიანის აზრით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალმა შემადგენლობამ რეფერენდუმზე უარის თქმით ძალიან ცუდი სტარტი აიღო:

[აკაკი ასათიანის ხმა] ”ჩვენ გვეგონ, ცოტა უფრო არგუმენტირებული იქნებოდა. ჩვენ რა ამბავიც მოგვდიოდა, იყო ლაპარაკი, ვითომ ტერიტორიული მთლიანობის არარსებობის გამო თქმულიყო უარი, შეიძლებოდა ვითომ ხარჯების გამო, მაგრამ არგუმენტი, რაც აქ ერთ აბზაცზეა წარმოდგენილი, არის გასწორება ორი სიტყვის, არის ლაპარაკი მისამართებზე, სულელური რაღაც...”(სტილი დაცულია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეფერენდუმზე უარის თქმისას მოყვანილი არგუმენტების კომენტირება საარჩევნო კომისიის იმ ერთადერთ წევრს ვთხოვე, რომელმაც საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას მისცა ხმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ღონღაძის აზრით, საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში განხორციელებული შესწორებების შემდეგ მისი მიღება სრულებით შესაძლებელი იყო:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ”ცესკოს სხვა წევრებს ჰქონდათ სხვა შენიშვნები და, უბრალოდ, მათ ჩათვალეს, რომ მათი შენიშვნები არ იყო გათვალისწინებული და ამიტომ მისცეს წინააღმდეგ. მე მიმაჩნია, რომ ამ ამოცანას ამოხსნა აქვს. ანუ შეიძლება ისეთნაირად ჩამოყალიბდეს ეს, სარეფერენდუმოდ ყოველგვარი პრობლემის გარეშე გავიდეს, მიიღოს საინიციატივო ჯგუფმა რეგისტრაცია.”(სტილი დაცულია)

ამ ამოცანის ამოხსნაზე ფიქრობს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფიც. მის წინაშე ორი ვარიანტია: პირველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების გასაჩივრება და,მეორე, შეცდომების გასწორება და საარჩევნო კომისიაში ხელახალი განაცხადის შეტანა. აკაკი ასათიანი უფრო ამ მეორე ვარიანტისკენ იხრება, რადგან ეჭვი ეპარება სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

[აკაკი ასათიანის ხმა] ”ჩვენ ამას გავასწორებთ ყველა შემთხვევაში, რაც არის შენიშვნები, ამას გაგაცნობთ თქვენ წინასწარ, თქვენი მეშვეობით საზოგადოებას და ასე შევიტანთ, თუ შევიტანთ პარასკევს, რომ მერე აღარ იყოს ლაპარაკი: ბუნდოვანია, დაუზუსტებელია, დაუდგენელია, - აღარ იყოს. ამ პრობლემას მოვუხსნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.”(სტილი დაცულია)

თუმცა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრები არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმედად არიან და სხვა გზებსაც ეძებენ, რათა ხელისუფლება აიძულონ მერებისა და გამგებლების არჩევითობას დათანხმდეს.

ერთ-ერთი გზაა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლა, რასაც 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება ესაჭიროება. აკაკი ასათიანი ამბობს, რომ მილიონ ხელმოწერას შეაგროვებს, მაგრამ ეს სულაც არაა იმის გარანტია, რომ პარლამენტის უმრავლესობა მხარს დაუჭერს ოპოზიციის ინიციატივას და მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას მოინდომებს.
XS
SM
MD
LG