Accessibility links

logo-print

როგორ აპირებს ქართული არმია ახალქალაქის სომხური მოსახლეობის დასაქმებას


გუშინ, როდესაც ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ვსაუბრობდით, ითქვა, რომ სომხური მოსახლეობა ტრაგიკულად განიცდის რეგიონიდან იმ, 62-ე,

რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას, რომელიც მათი უმრავლესობის დასაქმების ერთადერთი საშუალებაა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ორი კვირის წინ ახალქალაქის სომხური მოსახლეობის სოციალური რეაბილიტაციის ახალ ფორმას მიაგნო: საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობა სწორედ სამცხე-ჯავახეთში მოწეული ბოსტნეულითა და კვების პროდუქტებით მომარაგდება. როდის და როგორ შესრულდება საქართველოს პრეზიდენტის ეს ბრძანება?


საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოყენებული იდეა, როგორც იტყვიან, ერთბაშად ორი კურდღლის მონადირებას ისახავს მიზნად: არმიის გამოსაკვებად სამცხე-ჯავახეთში მოწეული მოსავლის ადგილზე შესყიდვით, ერთი მხრივ, უნდა დაიზოგოს თავდაცვის ბიუჯეტი და, მეორე მხრივ, მატერიალურად დაინტერესდეს ერთ-ერთი რთული კლიმატის პირობებში მცხოვრები და დაბალი სახელმწიფოებრივი ცნობიერების ადგილობრივი სომხური მოსახლეობა. სქემა მარტივია: თუ ყველაზე გავრცელებული პროდუქტის, კარტოფილის, პირველადი საბაზრო ფასი 30 თეთრს შეადგენს, სამხედრო ხელმძღვანელობას, ტენდერში გამარჯვებული რომელიმე ფირმის მეშვეობით, ადგილზე შეუძლია იგი 10 ან 5 თეთრით იაფად შეისყიდოს. მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუკი ადგილობრივ სამხედრო ხელმძღვანელობას მიეცემა უფლება, თავად შეისყიდოს სურსათი ადგილზე, - ამბობს გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი. იგი ერთხელ თავად შეესწრო, თუ როგორ აიტანეს შატილის სასაზღვრო საგუშაგოზე რამდენიმე ტომარა კარტოფილი ვერტმფრენით, რაც, საავიაციო ტრანსპორტის ფასის გათვალისწინებით, ამ ყველაზე იაფ პროდუქციას ოქროს ფასს სძენს.
[ირაკლი ალადაშვილის ხმა]“როცა მეთაურს აბარებ ამდენ იარაღს, ამდენი ხალხის ბედს და სახელმწიფო საზღვარს, ასეთ მნიშვნელოვან ობიექტს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს რამდენიმე ათასი ლარის განკარგვის უფლებაც, რომ, ვთქვათ, იქ, მწვანილი იქნება თუ კვების სხვა პროდუქტი, შეისყიდოს და თბილისს არ ელოდოს.”

შესყიდვების გამარტივების მცდელობა წინა წლებშიც იყო, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვების არსებული პოლიტიკა სამხედრო სტრუქტურებს ავალდებულებს, მომარაგება ცენტრალიზებულად, ხოლო შესყიდვები ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიების მეშვეობით განახორციელოს, რათა არ გამოვიდეს ისე, რომ სამხედრო უწყება თავად არის შემკვეთიც და შემსრულებელიც. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია და, კერძოდ, კარტოფილი, სამცხე-ჯავახეთის გარდა, დიდი რაოდენობით მოდის აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ მარნეულში. ასე რომ, ქართული არმიის კარტოფილით მომარაგების ექსკლუზიური უფლების მინიჭებამ ახალქალაქის ან წალკის რაიონებისათვის, შესაძლოა, სოციალური უკმაყოფილება - ისტორიულ ალუზიას თუ მივმართავთ, ერთგვარი კარტოფილის ამბოხი -გამოიწვიოს საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში. მაგრამ გამოსავალი არსებობსო, ამბობს სოფლის მეურნეობის ბიზნესით დაკავებული კერძო მესაკუთრე რევი ქენჩხაძე და აქცენტს კლიმატურ ფაქტორზე აკეთებს:

[რევი ქენჩხაძის ხმა]”მანდ, იცი, რა არის მარნეულის კარტოფილი, რომელიც ახლა ბაზრებში იყიდება?! - ეგ არის კარტოფილი , რომელიც ზამთარში არ ინახება. ზამთარში ინახება კარტოფილი, რომელიც მოდის წალკასა და ახალქალაქში, მაღალმთიან ზონაში. აი, მაგ ხალხთან, როგორც მე ვიცი, კონტაქტი არა აქვთ.”(სტილი დაცულია)

სწორედ ამ კონტაქტების დამყარებით ცდილობს ახალქალაქის მოსახლეობის გულის მოგებას საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ, როგორც თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, მუშაობა მხოლოდ იწყება იმისათვის, თუ როგორ მოხდეს პრეზიდენტის სიტყვიერი განკარგულების რეალიზება. კონკრეტული გეგმის შემუშავებისათვის სამხედრო უწყებას და სხვა სამინისტროებს ვადა სექტემბრამდე აქვთ, როდესაც ახალქალაქსა და წალკაში კარტოფილის მოსავლის აღება იწყება.
XS
SM
MD
LG