Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა ჯი-ეს-პი პლუსი (GSP+)


2005 წლის 1 ივლისიდან საქართველო ევროკავშირის პრეფერენციათა განახლებული სისტემის - ე.წ. ”GSP+” -ის - მიმღები ქვეყანა გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ

მეწარმეებს საშუალება ეძლევათ ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 7000-მდე დასახელების პროდუქტის ექსპორტი ნულოვანი საბაჟო გადასახადის პირობებში განახორციელონ. ასევე, ამ პროგრამის მიხედვით, 3600-მდე დასახელების ქართული ნაწარმი შეღავათიანი საბაჟო ტარიფით იბეგრება.

განვითარებულმა ქვეყნებმა განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკის ხელშესაწყობად პრეფერენციების ჯი-ეს-პი სისტემა მოიფიქრეს, რაც განვითარებად ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრას ითვალისწინებს.

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივნის გიორგი ისაკაძის თქმით, ქართველი მეწარმეები ჯერჯერობით სრულფასოვნად ვერ იყენებენ ექსპორტის წახალისების სისტემას:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”მე მაინც მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში მეწარმეებს, ბიზნესმენებს არ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეღავათებით შეიძლება ისარგებლონ, რომ ამ პატარა ქვეყნიდან, სადაც ბაზარი არის ძალიან მწირი და გადაჯერებული, მათ ჰქონდეთ სრული საშუალება, რომ თავიანთი პროდუქცია გაიტანონ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად გავიტანოთ...”(სტილი დაცულია)

საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და სამართლის საერთაშორისო ცენტრი, ბიზნესმენთა ფედერაციასთან ერთად, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაავრცელოს ევროკავშირის პრეფერენციათა განახლებული გენერალიზებული სისტემის ”ჯი-ეს-პი პლუსის” შესახებ. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სისტემა საქართველოსთან მიმართებაში 2005 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა:

[ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხმა] ”მონიჭებული გვაქვს ჩვენ ისეთი რეჟიმი ევროკავშირის 25 ქვეყნიდან, რომ საქართველოში წარმოებული საქონელი შეიძლება შევიდეს ისე, რომ არ გადაიხადოს საბაჟი გადასახადი. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ დიდი შეღავათია ქართული ექსპორტისთვის. აქამდე იძლეოდა საშუალებას, რომ, მაგალითად, თუ იყო 10 პროცენტი საბაჟო გადასახადი, შეგვეტანა 6,5-ით, გამოკლებული 3,5... ახლა არის ნულოვანი.”(სტილი დაცულია)

პრეფერენციათა ამ სისტემის წყალობით, მაგალითად, ქართული თხილი თურქულ თხილთან კონკურენტუნარიანი ხდება. აქამდე თურქეთში წარმოებული თხილი ევროკავშირის ბაზარზე 4 პროცენტიანი შეღავათით სარგებლობს, რაც მას ევროპის ბაზრის მონოპოლიის საშუალებას აძლევდა. ”სახალხო ბანკის” წარმომადგენლის შოთა ბუხაიძის კომენტარი:

[შოთა ბუხაიძის ხმა] ”ბანკ “რესპუბლიკაში” მე მაქვს შეთავსებული იმ პროექტების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის იმ საწარმოებთან, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ. მე მინდა ერთი კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ: ამ კანონის გამო 4%-ით იაფი ღირს ქართული თხილი, ვიდრე თურქული.”(სტილი დაცულია)

თხილის გარდა, ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე ექსპორტირების საშუალება ეძლევა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის უამრავ პროდუქციას, მძიმე მრეწველობის პროდუქტებს თუ ხელნაკეთი სუვენირების მწარმოებელ კერძო პირებს.

მე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელს ანდრო დვალს ვკითხე, რომელი ქართული საწარმოები სარგებლობენ ჯი-ეს-პი სისტემით. სწორედ ეს სააგენტო გასცემს ეგრეთ წოდებულ ”ფორმა ა”-ს, რომელიც ჯი-ეს-პი პროგრამაში მონაწილეობისთვისაა საჭირო.

[ანდრო დვალის ხმა] ”არ არის დიდი წრე, რადგან ეს გაიცემა მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ პროდუქციაზე. დიდი საწარმოებიდან გაცემულია აზოტზე, ფეროშენადნობზე. “კოკა კოლა” სარგებლობს საკმაოდ კარგად: მას წელიწადში 12 მილიონის პროდუქცია გააქვს ევროკავშირის ბაზარზე...”

ამ კომპანიების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება და, შესაბამისად, მოგებაც მოიმატებს, თუ ქართველი მეწარმეები ჯი-ეს-პის სრულად გამოყენებას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, საქართველოს საექსპორტო პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვეიცარიაში, იაპონიასა და თურქეთში სარგებლობს პრეფერენციების ჯი-ეს-პი სისტემით.
XS
SM
MD
LG