Accessibility links

logo-print

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სერიოზული დაპირისპირების ფაქტს უარყოფს

  • ნინო როდონაია

უკვე რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შედარებითი სიმშვიდეა. უკმაყოფილო პროფესორ-მასწავლებლებმა ბოლო საპროტესტო მსვლელობა ერთი

კვირის წინ გამართეს და ამჟამად სასამართლოს პასუხს ელიან. საკონსტიტუციო სასამართლომ 25 ივლისს უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა პრეზიდენტის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ სარჩელს. ივნისში გაცემული ამ განკარგულებით, უმაღლესი სასწავლებლების წესდებები და დებულებები აღარ არსებობს.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სიმშვიდე თავად უნივერსიტეტის ხელმძღვანელებში დაირღვა, მეცნიერთა ერთი ნაწილი კი ახალ გაერთიანებას ქმნის. მინდა რეფორმირებული საუნივერსიტეტო ცხოვრების უარყოფილ და დადასტურებულ სიახლეებზე მოგითხროთ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტის კარი რომ ხმაურით დაუკეტავს აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ამ ინფორმაციის წყარო უნივერსიტეტში ჯერჯერობით დარჩენილ თანამშრომელთა ერთი ნაწილია. თუმცა იმას, რომ რუსუდან ლორთქიფანიძესთან უთანხმოების გამო მარინა ჩიტაშვილმა თანამდებობა დატოვა, უნივერსიტეტში ოფიციალურად არ ადასტურებენ:

[ლევან გორდეზიანის ხმა] ,,გასაგებია, რომ რაღაც პატარ-პატარა დეტალებთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობდეს. ხელმძღვანელობიდან არავის თანამდებობა არ დაუტოვებია, ყველა თავის ადგილზეა და აგრძელებს მუშაობას.” (სტილი დაცულია)

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ლევან გორდეზიანი ამბობს, რომ ამჟამინდელი სამუშაო პროცესი გამოიხატება ახალი ცხრილების შედგენითა და მუშაობით იმ კონკურსებისთვის, რომელიც შემოდგომაზე ექვსიდან ოთხ ფაკულტეტზე გამოცხადდება. უნივერსიტეტში დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორც ლევან გორდეზიანი ამბობს, მისთვის ყურმოკვრითაა ცნობილი:

[ლევან გორდეზიანის ხმა] ,,ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. იყო ამ გრანტებთან დაკავშირებით რაღაცა უკმაყოფილება და პროფკავშირულ მოღვაწეთა ნაწილმა გარკვეული აქტიურობა გამოიჩინა და ზუსტად მეტი არაფერი ვიცი.” (სტილი დაცულია)

დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას გეგმავს ახლად დაარსებული ,,საუნივერსიტეტო ლიგა,” რომელიც საკუთარ მიზნად მხოლოდ ამ ტიპის სტრუქტურის ამოქმედებას არ ასახელებს. ლიგის დამფუძნებლები განმარტავენ, რომ ორგანიზაციის შექმნის იდეა უნივერსიტეტში დაწყებული პროცესების ფონზე მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დეტალურად შეისწავლეს მეცნიერებისა და განათლების რეფორმირების ევროპული სტანდარტები და ბოლონიის პროცესით განსაზღვრული ნორმები.
,,საუნივერსიტეტო ლიგის” გამგეობის თავმჯდომარე, ეგვიპტეში საქართველოს ყოფილი ელჩი აპოლონ სილაგაძე ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმა ევროპული სტანდარტებისგან განსხვავდება:

[აპოლონ სილაგაძის ხმა] ,,ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ განვითარების, აი, ამ ეტაპზე საჭიროა ასეთი ლიგა, რომელიც სრულიად აშკარად და ხმამაღლა განაცხადებს, რომ ევროპულ ხედვას მთლიანად ვეთანხმებით, მიგვაჩნია, რომ საჭიროა ასეთი რეფორმა ჩატარდეს. მაგრამ კატეგორიულად არ მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ სტანდარტების და ამ ხედვების გარეთ გავიდეს და დამახინჯებული სახე მიიღოს.” (სტილი დაცულია)

აპოლონ სილაგაძე, რომელიც ამჟამად უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგეა, ახლად დაფუძნებული ლიგის კიდევ რამდენიმე მიზანს ასახელებს:

[აპოლონ სილაგაძის ხმა] ,,ყველაფერი, რაც იქნება დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, შრომასთან, სოციალურ გარანტიებთან, ღირსებასთან.” (სტილი დაცულია)

ლიგა მიიჩნევს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსება უკვე შეილახა, როდესაც მას უფლება ჩამოართვეს თავად გადაეწყვიტა, როგორი უნდა ყოფილიყო - მხოლოდ სერტიფიკატების გამცემი თუ ფუნდამენტურ მეცნიერებათა ცენტრი. ღირსებისა და უფლებების დაცვას საუნივერსიტეტო ლიგა თავისუფალი პროფკავშირებისა და ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებით აპირებს.
XS
SM
MD
LG