Accessibility links

logo-print

რამდენად განიმუხტა დაძაბულობა, რომელიც ახალქალაქის რაიონში სომხებისა და ქართველების დაპირისპირებას მოჰყვა


ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარაში ეკლესიის გაწმენდა-რესტავრაციისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფის ჩასვლას ამ ჯგუფთან

ადგილობრივი სომხური მოსახლეობის დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს დაშავდნენ ქართველი სტუდენტები და, მათთან ერთად, მართლმადიდებელი მონაზვნები. სამსარის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეკლესია, რომლის გაწმენდა -რესტავრაციაც უნივერსიტეტის სტუდენტებს უნდა მოეხდინათ, სომხურია . ასეა თუ არა, ეს უკვე სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს. მაინც რის საფუძველზე მოხდა ჩხუბი სამსარაში და დღეისთვის რამდენად განმუხტულია დაძაბულობა ახალქალაქის რაიონში?


სომხებით დასახლებულ სოფელ სამსარაში ეკლესიის გაწმენდა-რესტავრაციისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფის ჩასვლას ჩხუბი სტუდენტების ჩასვლისთანავე არ მოჰყოლია. სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ინფორმაციით, სამსარაში ქართველი სტუდენტების ჩასვლა ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიდან ნორმალურად მიიღო, ჩხუბი კი მას შემდეგ მოხდა, რაც გარკვეულმა პირებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია სტუდენტების მიერ ეკლესიასთან აღმართული სომხური ჯვრის დამტვრევისა და ეკლესიის კედელზე სომხური წარწერის წაშლის თაობაზე. ”ასეთი რამ არ მომხდარაო ,”- აღნიშნავს სახალხო დამცველი. ის არ გამორიცხავს, მომხდარში ჯავახეთში მოქმედი, საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განწყობილი, პოლიტიკური პარტიების ხელი ერიოს, რადგან ამ ბოლო დღეებში სოფელ სამსარაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც რადიკალური განცხადებებით გამოირჩევიან და არ მალავენ გაღიზიანებას საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო. შესაძლოა, ეკლესიის რესტავრაციისთვის სამსარაში ქართველი სტუდენტების ჩასვლა, უბრალოდ, საბაბი იყო, რომელიც დაინტერესებულმა პირებმა სომხებისა და ქართველების დაპირისპირებისთვის გამოიყენესო, - მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველს, თუმცა ის ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა კეთდებოდეს იმისთვის, რომ საბაბი არ მიეცეთ ადამიანებს, რომლებიც ჯავახეთში დაპირისპირების აგორებით არიან დაინტერესებულნი.

”დღესდღეობით დაპირისპირება განმუხტულიაო,”- ირწმუნება სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გოგა ხაჩიძე. ამის სათქმელად 20 ივლისს მან საგანგებო პრესკონფერენციაც მოიწვია:

[გოგა ხაჩიძის ხმა] ”სტაბილური სიტუაციაა, სტუდენტები განაწილებულები არიან სხვადასხვა მონასტრებში. გუშინ გვქონდა შეხვედრა და ყველანი შევთანხმდით, რომ ქუჩაში არ უნდა გაირკვეს, სომხურია ეს ეკლესია თუ ქართული. ”

სომხურია ეკლესია თუ ქართული, ეს უკვე სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს. ის ძალიან მალე ამუშავდება, ისტორიკოსების, არქეოლოგების და სასულიერო პირების მონაწილეობით. დასკვნას სპეციალისტები შეიმუშავებენ და არამხოლოდ სამსარის ეკლესიასთან დაკავშირებით. სადავო ჯავახეთში კიდევ რამდენიმე ეკლესიის წარმომავლობაა. რაც შეეხება ინციდენტს, რომელსაც უკვე ახალქალაქში ჰქონდა ადგილი სოფელ სამსარაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, - ახალქალაქის ქართულ სკოლას ფანჯრები ჩაულეწეს, - ეს შეიძლება არ მივიჩნიოთ სომხების მიერ ქართული სკოლის დარბევად, რადგან სკოლის შენობაში არავინ შეჭრილა. მაგრამ რწმუნებული საერთოდ უარყოფს ფაქტს და აცხადებს, რომ ქართული სკოლის მიმართ არანაირი აგრესია არ ყოფილა. სიმართლის დადგენა თავად სკოლის დირექტორ სოსო თეთვაძესთან გასაუბრებით ვცადეთ.

[სოსო თეთვაძის ხმა] ” რა მოხდა, სკოლას მარტო მინები ჩაულეწეს თუ შიგნითაც შეიჭრნენ, მთავარი არ არის. მინები შეიძლება საკუთარმა მოსწავლეებმაც ჩაგვილეწონ. ერთი კაცი რომ 30 ფანჯარას ლეწავს, ეს არ არის პრობლემა, 30 კაცი რომ ერთ ფანჯარას ლეწავს, ეს არის საშიში. ეს უკვე აგრესიაზე მეტყველებს. ” (სტილი დაცულია)

სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ აგრესია იყო. სახალხო დამცველი კი აღნიშნავს, რომ ჯავახეთის სომხებს აგრესიის გამოვლენისთვის საბაბი არ მიეცემოდათ, თუკი ეკლესიის რესტავრაცია მარტო თბილისელი სტუდენტების კი არა, მათთან ერთად ახალქალაქელი სტუდენტების მონაწილეობით გადაწყდებოდა. ახალქალაქის რაიონში მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, შესაძლოა, ქართველ და სომეხ მოსახლეობას ერთობლივი განცხადებით მიმართონ და რელიგიური ნიშნით ძალადობა დაგმონ.
XS
SM
MD
LG