Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრაგედია უშბაზე: დაიღუპა ორი ქართველი ალპინისტი


მესტიის რაიონში - ზღვის დონიდან 3900 მეტრ სიმაღლეზე -გათამაშებული ხუთდღიანი დრამა ქართულ-ჰოლანდიური ექსპედიციის ორი წევრისათვის ტრაგიკულად დასრულდა: დაიღუპა ორი ქართველი ალპინისტი - ზაალ ქიქოძე და მერაბ ხაბაზი,


რომლებსაც, უამინდობისა და მთელი რიგი სხვა მიზეზების გამო, სამაშველო სამსახურმა დროული დახმარება ვერ აღმოუჩინა. საკვებისა და აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი სპორტსმენები - გელა ოთარაშვილი, ზაალ ქიქოძე და მერაბ ხაბაზი - დახმარებას ხუთი დღის განმავლობაში ელოდნენ, მაგრამ ბარიდან დაძრულმა ალპინისტებმა მხოლოდ ერთი მათგანის - გელა ოთარაშვილის - გადარჩენა შეძლეს.

მესტიის რაიონში - სვანეთის კავკასიონზე - მდებარე ორთავიან მწვერვალ უშბას, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 4700 მეტრია, ქართველი მთამსვლელები დღემდე ალპინისტობის საზომად მიიჩნევენ. უშბის ციცაბო კალთებზე არაერთ ცნობილ ალპინტს დაუსრულებია სახელოვანი ცხოვრება. საქართველოს ალპური კლუბის დირექტორის ივანე ჯაფარიძის თქმით, მთაში დაღუპული 43 ქართველი მთამსვლელიდან 13-მა სწორედ უშბის გრანიტის სხეულზე დალია სული:

[ივანე ჯაფარიძის ხმა] „უშბა ის მწვერვალია, რომელიც ყველანაირად ურთულეს მწვერვალს წარმოადგენს და არამარტო კავკასიონზე. დაწყებული 1945 წლიდან, 13 კაცია უშბაზე დაღუპული. ამიერიდან ამათაც უშბის ბიჭებად მოვიხსენიებთ. უშბა ყოველთვის იყო მთამსვლელობის საზომი, მით უმეტეს, ქართველებისთვის.“

უშბის ბიჭებად მონათლული მთამსვლელების - ზაალ ქიქოძისა და მერაბ ხაბაზის - სხეულები საქართველოში ეუთოს მისიის ვერტმფრენმა მესტიიდან თბილისში 20 ივლისს გადმოასვენა. მოგვიანებით გელა ოთარაშვილის დედაქალაქში გადმოყვანაც მოხერხდა. რა მოხდა უშბის კალთაზე? რა ვითარებაში დაიღუპნენ სპორტსმენები? საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციაში, ინფორმაციის სიმწირის გამო, მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ფედერაციის თავმჯდომარე გივი ქართველიშვილი ამბობს, რომ ზაალ ქიქოძეც და მერაბ ხაბაზიც უმაღლესი კლასის ალპინისტები იყვნენ:

[გივი ქართველიშვილის ხმა] „მე და ზალიკო სულ ერთად დავდიოდით ახალგაზრდობაში. ბოლო წლებში ძალიან მოინდომა - რუსები რომ იტყვიან, „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა. ძალიან კარგი აღნაგობის, მშვენიერი მთამსვლელი იყო. მერაბი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე უძლიერეს მთამსვლელად ითვლებოდა. წლოვანებაც ხელს უწყობდა: ზალიკოზე ათი წლით უმცროსი იყო.“(სტილი დაცულია)

გივი ქართველიშვილის თქმით, ალპინისტებს პრობლემები 15 ივლისს შეექმნათ, როცა მერაბ ხაბაზი ყინულის დნობით გამოწვეულ ჩანჩქერში მოყვა. ვითარება ერთიორად დაამძიმა ზურგჩანთისა და აღჭურვილობის დაკარგვამ, თუმცა ალპურ კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ალპინისტების გადარჩენა მოხერხდებოდა, საქართველოში ალპინიზმსა და სამაშველო სამსახურს მეტი ყურადღება რომ ექცეოდეს.

[ივანე ჯაფარიძის ხმა] „21-ე საუკუნეში, ამ ტექნიკისა და უზარმაზარი შესაძლებლობების პერიოდში, ქართველ მთამსვლელებს არ გააჩნიათ სატელიტური გადამცემი აპარატი და რომ არა ამ ჰოლანდიელის სატელეფონო ზარი, შეიძლება ჩვენ არც გვცოდნოდა მათი მდგომარეობა და ეს ჰოლანდიელებიც დაღუპულიყვნენ მათთან ერთად.“

უცნაურია, მაგრამ უდიდესი ტრადიციების მქონე ქართული ალპინიზმი ხელისუფლების მხრიდან სრულიად იგნორირებულია. მთამსვლელთა ფედერაციას მთავრობა უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ერთი თეთრითაც კი არ შესწევნია. არადა, როგორც გივი ქართველიშვილი ამბობს, ალპინიზმი მარტო მთების სიყვარული როდია:

[გივი ქართველიშვილის ხმა] „მთამსვლელობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს გინდა ეკონომიკური, გინდა სულიერი განვითარებისთვის, გინდა ახალგაზრდობის აღზრდისათვის. ეს არის საუკეთესო საშუალება. რასაკვირველია, მე არ ვამბობ, რომ ძალიან რთულ მწვერვალებზე უნდა იარონ, მაგრამ სამთო ტურიზმი, პატარა ზიარება მთებთან, უბრალო მწვერვალზე ასვლაც კი რადიკალურად ცვლის ახალგაზრდობას კარგისაკენ.“

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციასა და ალპურ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ, ფინანსური შეჭირვებისა და მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, ქართველი კაცი ბუნების სიყვარულსა და მთაში სიარულს არ მოიშლის. უფრო პირიქით.

[ივანე ჯაფარიძის ხმა] „ამას არასოდეს შეუშლია ხელი მთამსვლელობის განვითარებისათვის. პირიქით ხდება. ეს არის კანონზომიერება: თითქოს მომხდარი აფხიზლებს ახალგაზრდობას და უფრო მეტი ინტერესი ჩნდება მწვერვალების მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, ორი უბრწყინვალესი მთამსვლელის ამ ქვეყნიდან წასვლა, ახალ თაობას მოიყვანს მთამსვლელობაში.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG