Accessibility links

logo-print

როგორ აიყვანეს კობა არუთინოვი


თბილისში დაკავებულ ვოვა არუთინოვს ხუთშაბათს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.თბილისში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფნისას ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილი მძიმედ არის დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ის კონტაქტურია და როგორც ექიმებთან, ისე სამართალდამცველებთან საუბრისას აღიარებს, რომ 10 მაისს თავისუფლების მოედანზე ასაფეთქებლად გამზადებული ხელყუმბარა სწორედ მან გადააგდო.

ვინ არის 20 ივლისს დაკავებული ვოვა არუთინოვი და რა მოტივი უნდა ჰქონოდა მას თბილისში ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას ტერორისტული აქტის მოწყობისთვის, ამას სამართალდამცველები სწავლობენ. გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრი საქმის დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებს და პრესას მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოს წინასწარი დასკვნის გავრცელებისგან.

თბილისში დაწყებულ გამოძიებას ყურადღებით ადევნებენ თვალს ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა, ტელეკომპანია ”სი-ბი-ეს-ის” ცნობით, რომელიც საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებას ეყრდნობა, ეს სამსახური არ მონაწილეობდა ეჭვმიტანილის დაკავებაში.

10 მაისს თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ფოტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და 150000 ლარი ფულადი პრემიაც დააწესა პირებისთვის, რომლებიც სამართალდამცველებს ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენაში დაეხმარებოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ფულადი პრემია რამდენიმე მოქალაქეზე გადანაწილდება. მათგან ვინ უფრო მეტად დაეხმარა სამართალდამცველებს, ამას სპეციალური კომისია დაადგენს.

ვოვა არუთინოვი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში - ვაშლიჯვარში - საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე სკვერში დააკავეს. ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილის აყვანას 3 საათიანი სპეცოპერაცია დასჭირდა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ზურაბ ქვლივიძე შეეწირა. ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო.

სამართალდამცველების მიმართ პირველი სროლა მან თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში განახორციელა. ამ სროლის შედეგად გარდაცვლილ პოლიციელს დარჩა მეუღლე და 7 თვის ბავშვი. ოთხშაბათს ღამით დაწყებული სპეცოპერაციის მიმდინარეობას საზოგადოება ტელეეკრანებზე პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. მან სწორედ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ ამოიყვანეს ვაშლიჯვრის სკვერიდან დაკავებული ეჭვმიტანილი. ჩანდა, რომ ის მძიმედ იყო დაჭრილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ არუთინოვს ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სამედიცინო დახმარება მას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუწიეს.

ექიმებთან კონტაქტისას არუთინოვი აღნიშნავდა: ”რომ შემეძლოს, აუცილებლად ავაფეთქებდი პრეზიდენტებსო”. ექიმების მინიშნებით, ნათქვამი აგონიაში მყოფს ეკუთვნოდა. არუთინოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელთან საუბრისასაც დაადასტურა, რომ სწორედ მან გადააგდო საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ხელყუმბარა 10 მაისს თავისუფლების მოედანზე. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი:

[შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ხმა] ” თქვენ გადააგდეთ ხელყუმბარა?”

[ვოვა არუთინოვის ხმა] ”კი, იმიტომ რომ ბუში .......”.(არუთინოვი ბუშის მიმართ უცენზურო სიტყვებს იყენებს)

საინტერესოა არუთინოვის ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები: დაწყებითი სამხედრო მომზადებისთვის განკუთვნილი წიგნები, რუსეთის სამხედროებისთვის განკუთვნილი სამხრე ნიშნები, რუკები და, რაც მთავარია, ასაფეთქებელი საშუალებები. არუთინოვის ნაკვეთში სამართალდამცველებმა პატრონის მიერ გათხრილი სანგრებიც კი ნახეს. დასტურდება, რომ ეს ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე. ისიც, რომ აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. ჩვენ ვცადეთ გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ვოვა არუთინოვი აღრიცხვაზე ფსიქიატრიულ საავადმყოში და გავარკვიეთ, რომ არ ყოფილა. არუთინოვის მეზობლები აღნიშნავენ, რომ ის იყო ჩაკეტილი ადამიანი, რომ მეზობლებთან თითქმის არ კონტაქტობდა, იყო უმუშევარი და ზოგჯერ თვეობით უჩინარდებოდა. ვოვა არუთინოვი არის ძალზედ ხელმოკლე ოჯახიდან. ჰყავს მხოლოდ დედა. სამართალდამცველებმა ისიც დაკითხეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების სარდლობა გამოეხმაურა 10 მაისს ტერაქტის მცედლობაში ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტს და გაავრცელა ცნობა, რომ არუთინოვი რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG