Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი რა საკითხს შეიძლებოდა შეხვედროდით გასული კვირის ქართულ პრესაში ყველაზე ხშირად, თითქოს იოლი საპროგნოზო გახლდათ,


რადგან კვირის დასაწყისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაცხადა, რომ იწყებდა ორკვირიან საინფორმაციო კამპანიას. კამპანიის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გაეცნოთ შედეგები მონიტორინგისა, რომელიც ასოციაციის წევრებმა სხვადასხვა უწყებაში ღიაობასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე გასწიეს. გასულ კვირაში ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტები სამ სხვადასხვა შეტყობინებას შეჰპირდნენ საზოგადოებას და დაიწყეს საქტელერადიო მაუწყებლობაში, მათი აზრით, არსებულ დარღვევათა მხილებით. 20 ივლისის გაზეთი “24 საათი”, მაგალითად, წერდა:

“არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ საქტელერადიომაუწყებლობის შემოწმებისას საქართველოს კონტროლის პალატამ, უწყებაში არსებული დარღვევების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ვერ დაინახა და აბსოლუტურად ზედაპირული დასკვნა დაწერა. საიამ საქტელერადიომაუწყებლობაში არსებულ დარღვევებზე ფინანსურ პოლიციასაც აცნობა, თუმცა ამას ჯერჯერობით სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.”

მაგრამ იმავე 20 ივლისს მოხდა ამბავი, რომლის გაშუქებამ ბეჭდვით მედიაში გადაფარა ანონსირებული და პოპულარული თემები: პოლიციამ დააპატიმრა 10 მაისს თავისუფლების მოედანზე ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი – ვლადიმერ არუთინიანი. მეორე დღესვე გაზეთი “ალია” წერდა:

“სამართალდამცავების ვერსია არ გამართლდა. ძიების პროცესში ვარაუდობდნენ, რომ დამნაშავეს თავისუფლად შეეძლო საქართველოს საზღვრების დატოვება. ფიქრობდნენ, რომ ის საერთოდაც არ იყო საქართველოს მოქალაქე. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეჭვმიტანილი ვაშლიჯვარში ცხოვრობდა. თუმცა, სამართალდამცავები ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული, მიდიოდა ინფორმაციის გადამოწმება, რასაც ოპერატიულ მუშაობას უწოდებენ.”

“არუთინიანი არ უარყოფს, რომ 10 მაისს საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების ტრიბუნისაკენ ხელყუმბარა სწორედ მან ისროლა და ჯორჯ ბუშს უცენზურო სიტყვებით იხსენიებს” – ამას 22 ივლისის გაზეთ რეზონანსში წაიკითხავდით. “ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენაში დიდი როლი შეასრულა შსს-ს მიერ დაწესებულმა ჯილდომ – 150 ათასმა ლარმა”, წერდა გაზეთი. “მინისტრ მერაბიშვილის თქმით, ეს თანხა რამდენიმე მოქალაქეზე გადანაწილდება, რომელთაც სამართალდამცავებს არუთინიანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.”

რამდენიმე სიტყვა შაბათის, 23 ივლისის, ქართულ პრესაზეც. გაერთიანებული ოპოზიცია უკვე იშლება - იუწყება გაზეთი “ხვალინდელი დღე”. პუბლიკაცია ეხება პარტიებს შორის წინასწარი არჩევნების, ე.წ. პრაიმერიზის, გამართვის ალბათობას. “ახალ მემარჯვენეებსა და კონსერვატორებს რესპუბლიკურმა პარტიამ პრაიმერიზის ალტერნატივა შესთავაზა - არჩევნებში ოპოზიციურ პარტიათა საერთო კანდიდატის გამოვლენა სოციოლოგიური გამოკითხვის გზით. კონსერვატორების ლიდერს, კობა დავითაშვილს, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ პრაიმერიზი სწორედ ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვაა” - წერს გაზეთი.

“ალია” ეხმაურება გასულ კვირაში უშბაზე ორი მთამსვლელის - მერაბ ხაბაზისა და ზაალ ქიქოძის - დაღუპვას და ცდილობს, ალპინისტებთან საუბარში დაადგინოს ამ ტრაგედიის მიზეზი. როგორც ცნობილია, სიკვდილს გადაურჩა გელა ოთარაშვილი და ორი ჰოლანდიელი მთამსვლელი. “ცნობილი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე გამორიცხავს ჰოლანდიელთა მხრიდან ღალატს. ის ასევე უარყოფს, რომ ჰოლანდიელებს ქართველები ინსტრუქტორებად ჰყავდათ დაქირავებული. თუ ასეა, ყველაზე დამაჯერებელი ვერსია ასეთია,” - წერს ალია: “ქართველები და ჰოლანდიელები ასცდნენ ერთმანეთს, შემოაღამდათ, ღამე სხვადასხვა ადგილას გაათიეს. ღამით ყინვისაგან ქიქოძე და ხაბაზი დაიღუპნენ. დილით ჰოლანდიელებმა მოძებნეს ქართველები და თბილისს დაუკავშირდნენ.”
XS
SM
MD
LG