Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტროპოლიტენი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს


ლონდონის მეტროში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა გამოძახილი საქართველოშიც პოვა. თბილისის მეტროპოლიტენში გაძლიერებულია კონტროლის მექანიზმი.

თანამშრომლებისა და მორიგე პოლიციელების გარდა, მეტროს სადგურებში მოხვედრილ ადამიანებს 24 საათის განმავლობაში ჩართული კამერებიდანაც აკვირდებიან. ვინ და რატომ სარგებლობს თბილისის მეტროპოლიტენის მომსახურებით და როგორ არის დაცული მგზავრების უსაფრთხოება?
თბილისის მეტროპოლიტენი, რომელიც ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა, მუშაობას დილის ექვსი საათიდან იწყებს და მგზავრებს შუაღამემდე ემსახურება. მიწისქვეშა ტრანსპორტით სარგებლობა თბილისელებს სულ რაღაც 20 თეთრი უჯდებათ, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მგზავრობის დაბალი ტარიფის შესანარჩუნებლად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილმეტროპოლიტენს“ ყოველწლიურად საშუალოდ 5 მილიონი ლარით აფინანსებს. „ჩქარი და იაფი“ - მეტროს მგზავრების უმეტესობა გადაწყვეტილებას ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით იღებს:
[მამაკაცის ხმა] „უფრო იოლი დაკავშირებაა სხვადასხვა რაიონებს შორის , უფრო მოხერხებული და სწრაფია.“
[ქალბატონის ხმა] „მეტროს იმიტომ ვირჩევ, რომ მაწუხებს პიკის საათებში შექმნილი საცობები, არ შემიძლია ამ სიცხეში საათობით დგომა.“
[მამაკაცის ხმა] „საერთოდ, იშვიათად დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ მეტროს იმიტომ ვირჩევ, რომ სწრაფი და იაფია.“
მაგრამ, ცხადია, სიიაფე არ ნიშნავს უსაფრთხოებას. მით უმეტეს, რომ მეტროპოლიტენით დღის განმავლობაში ასიათასობით ადამიანი მგზავრობს.
[სვეტლანა მურჯიკნელის ხმა] „მე ვიყავი მოლარე, აგერ სალაროზე ვიჯექი, როცა ვიღაც მოჭიდავე შემოვიდა, წელზემოთ გატიტვლებული, თავგახეთქილი, დაჭრილი... ყვიროდა, ვიღაც ქალს უძახდა: თამუნაო, თამუნაო, ყვიროდა. ვერაფრით დავიმორჩილეთ, ჩამიმსხვრია მინები, მაგრამ გარეპატრული მოგვეხმარა და დააკავეს.“(სტილი დაცულია)
სვეტლანა მურჯიკნელი მეტროპოლიტენში 6 წელია მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთ უსიამოვნო ინციდენტს შესწრებია, მაგრამ რაიმე სერიოზული შემთხვევა, როცა მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, არ ახსენდება.
[სვეტლანა მურჯიკნელის ხმა] „იშვიათად ან ნასვამი, ან „მოწეული“, ან „გაკეთებული“ შემოვა და აკრძალული გვაქვს მათი გატარება. ამ დროს თუ შენიშვნას მივცემთ, დაიწყებენ ჩხუბს.“ (სტილი დაცულია)
ჩემთან საუბრის დროს ქალბატონ სვეტლანას უბილეთო მგზავრი გაეპარა, თუმცა, როგორც სადგურ “რუსთაველის” უფროსი გიორგი ორმოცაძე ამბობს, მთავარია, მეტროპოლიტენის თანამშრომლებსა და მორიგე პოლიციელებს მგზავრების საეჭვო საქციელი არ გამოეპაროთ. ბატონ გიორგის თქმით, უსაფრთხოების საკითხმა წინა პლანზე ბოლო დროს, ლონდონის მეტროში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, წამოიწია:
[გიორგი ორმოცაძის ხმა] „მობილიზებულია მეტროპოლიტენის მთელი კოლექტივი. გაფრთხილებული ვართ, სადგურის უფროსები ინსტრუქტაჟებს ატარებენ. ადამიანმა დატოვოს რაიმე საგანი, ან შემინახე და მსგავსი რამ გამორიცხულია, იმიტომ რომ თანამშრომლები გაფრთხილებული გვყავს: უცხო საგანსა და უცხო ნივთს არ დაიტოვებენ, ხოლო თუ დარჩა ვინმეს რაიმე, ამის შესახებ ურეკავენ სათანადო ხელმძღვანელობას, - უშიშროების რეჟიმის უფროსი გვყავს, - გამოიძახებენ ამ ხალხს და ადგილზევე ნახულობენ.“(სტილი დაცულია)
გიორგი ორმოცაძის თქმით, მეტროში ჩასული ადამიანების უსაფრთხოება ჯეროვნადაა დაცული, თუმცა ლონდონში მომხდარი აფეთქებებით შეშფოთებული თბილისელები მიწისქვეშა ტრანსპორტზე უარს სულ სხვა მოსაზრებების გამო არ ამბობენ:
[ქალბატონის ხმა] „რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს ექნება შიშის ფაქტორი, მაგრამ ვიდრე საქართველოში დღემდე არაფერი მომხდარა, მეტროთი მგზავრობა, ვფიქრობ, უსაფრთხოა, მაგრამ თუ რამე მოხდა, მერე კი შემეშინდება.“(სტილი დაცულია)

მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობის გარდა, ტერორიზმის წინააღმდეგ ილაშქრებენ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ის ადამიანები, რომლებიც 23 ივლისს მეტროპოლიტენის უკლებლივ ყველა სადგურში ალტერნატიული ხელოვნების ფესტივალის ჩატარებას აპირებენ. დაგეგმილია მხატვრული და ანიმაციური ფილმების ჩვენება, ფოტოგამოფენების მოწყობა. ფესტივალი, სახელწოდებით ~არტ-ანდერგრაუნდი ტერორიზმის წინააღმდეგ~ გვიან ღამით მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” დაიხურება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG