Accessibility links

logo-print

თბილისს გაზი არ გაუნახევრდა, მაგრამ ”თბილგაზს” პრობლემები დარჩა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს დედაქალაქი ბუნებრივი აირის მოწოდების განახევრების საშიშროების წინაშე დადგა. ამის მიზეზი რუსული ”გაზექსპორტის” მიმართ ”თბილგაზის”

დავალიანება გახდა, რის შესახებაც რუსული ”გაზპრომის” შვილობილმა კომპანიამ თბილისის მერია და დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია რამდენჯერმე გააფრთხილა.

”თბილგაზსს”, მიმდინარე დავალიანების სახით, რუსული ექსპორტიორის 2 მილიონ 680 ათასი აშშ დოლარი დაუგროვდა. ამას დაემატა წინა წლებში წარმოქმნილი 5 მილიონ დოლარზე მეტი ვალი, რის გამოც ”გაზექსპორტის” წარმმომადგენელი დავით მორჩილაძე არა მარტო ბუნებრივი აირის მიწოდების განახევრებით, თბილისის მთავრობასთან შეღავათიანი კონტრაქტის გაუქმებითაც იმუქრებოდა:
[დავით მორჩილაძის ხმა] ”ყველაზე უფრო საშიში ”თბილგაზისათვის” არის ის, რომ თუ ამ ვალის საკითხი არ მოწესრიგდა, 60 დღის შემდეგ გაწყდება კონტრაქტი.”(სტილი დაცულია)
ისედაც რთულ სიტუაციას დამატებით ინტრიგას მატებდა ის, რომ ”გაზექსპორტის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით მორჩილაძე ორი თვის წინ თავად ხელმძღვანელობდა ”თბილგაზს” და მისთვის დედაქალაქის გაზგამანაწილებელი სტრუქტურის პრობლემები ნამდვილად არ გახლდათ უცხო ხილი. მორჩილაძის ულტიმატუმმა თბილისის ახლად დანიშნული მერი გიგი უგულავაც გააღიზიანა:

[გიგი უგულავას ხმა] ”მე თავად არ მისაუბრია ბატონ მორჩილაძესთან, მაგრამ როდესაც მან დატოვა თანამდებობა, კარგად იცოდა აქ რა პრობლემებიც არის და ძალიან მიკვირს, რომ ტელეეკრანის ენით მესაუბრება, რაც, ცოტა არ იყოს, უხერხულია.”

თუმცა ”თბილგაზის” პრობლემები მარტო დავით მორჩილაძის ულტიმატუმით არ შემოიფარგლება და, თანაც, იგივე მორჩილაძე ამჟამად რუსული ენერგოგიგანტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია და სრულიად ბუნებრივია, რომ იგი რუსული მხარის ინტერესებს დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ”გაზპრომი”, ტრადიციულად, კრემლის პოლიტიკის ნაწილად აღიქმება ჩვენში, ”გაზექსპორტის” ”თბილგაზისადმი” პრეტენზიები იურიდიულად სრულიად გამართლებული გახლავთ - მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის მოთხოვნა სამართლიანია და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ კომპანიის წარმომავლობას, რომელიც გაზს გვაწვდის.

”თბილგაზის” პრობლემებს ქალაქის მუნიციპალიტეტი იმასაც უკავშირებს, რომ დავით მორჩილაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამ უწყებას დღემდე დირექტორი არ ჰყავდა, რაც, უდავოდ, ართულებს დედაქალაქის გაზგამანაწილებელი სტრუქტურის მართვას. კვირის ბოლოს ”თბილგაზის” სამეთვალყურეო საბჭომ ეს პრობლემა მოაგვარა და საგანგებო სხდომაზე აქამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მომუშავე გია შაშვიაშვილი ”თბილგაზის” ხელმძღვანელად დაამტკიცა. თბილისის მერიამ მიმდინარე დავალიანების საკითხიც გადაწვიტა და ”გაზექსპორტის” ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა დაიწყო. რაც შეეხება წინა წლების დავალიანებას, 10 მილიონ ლარს, მერია და რუსული კომპანია ამის თაობაზე მოლაპარაკებას განაგრძობენ, დაფარვის გრაფიკს შეიმუშავებენ, ხოლო საბოლოო ხელშეკრულება ”გაზპრომსა” და საქართველოს მთავრობას შორის დასკვნითი მოლაპარეკებისას გაფორმდება. ამდენად, მერიის წყალობით, დედაქალაქი ამჯერად გაზის განახევრებას გადაურჩა, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ პრობლემის დროებითი მოგვარებაა, რადგან ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის იმპორტიორ კომპანიასთან ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. რუსეთის დუმა საქართველოსათვის გაზის ტარიფის გაზრდას კატეგორიულად სთხოვს მთავრობას და, ბუნებრივია, ახალი ტარიფი ”გაზპრომის” ინტერესებშიც შედის. თბილისის პრემიერი თემურ ქურხული თბილისისათვის გაზის გაძვირებას უკვე მომავალი წლიდან ვარაუდობს. მისივე თქმით, მერია ალტერნატიულ წყაროებზეც იწყებს მუშაობას, თუმცა ვარაუდობს, რომ საბოლოოდ ”გაზპრომთან” მოლაპარაკება წარმატებით წარიმართება და საქართველო გაძვირებულ, მაგრამ არა იმდენად გაძვირებულ ბუნებრივ აირს მიიღებს, როგორ ტარიფსაც რუსეთის სახელმწიფო დუმა ითხოვს:

[თემურ ქურხულის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქამდე არ მივალთ. ჩვენ შევთანხმდებით გარკვეულ ტარიფზე, გარკვეულ მოცულობაზე, რა მოცულობაც უნდა მივიღოთ მომავალი წლიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ”გაზექსპორტთან”, იმავე ”გაზპრომთან”, მომავალი წლიდან უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ეს არც ერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს იმ ტარიფზე, რომლითაც ჩვენ მოსახლეობაზე ვყიდით გაზს.”

ძნელი სათქმელია, რას ეფუძნება თბილისის პრემიერის ოპტიმიზმი გაზის ტარიფთან დაკავშირებით; ასევე ძნელი ასახსნელია, როგორ შეიძლება გაზრდილმა ტარიფმა მომხმარებელს არ გაუძვიროს ბუნებრივი აირის საფასური. ამ შემთხვევაში, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მერია ”თბილგაზის” სუბსიდირების მავნე პრაქტიკის გაგრძელებას სამუდამოდ აპირებს. მართლაც, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სტრუქტურას, რომელსაც სწორი მენეჯმენტის და გამკაცრებული ადმინისტრირების პირობებში ყველა წინაპირობა აქვს მომგებიანი საწარმო გახდეს, ახერხებს გასულ წლებში დაგროვილ დავალიანებას მიმდინარე სოლიდური ვალები დაუმატოს, ზედმეტ ტვირთად დააწვეს მუნიციპალურ ბიუჯეტს, ხოლო მომხმარებელი მუდმივად გაზის შეწყვეტის შიშის ქვეშ ამყოფოს.
XS
SM
MD
LG