Accessibility links

logo-print

დედაქალაქში კულტურის სეზონი დასრულდა.


დედაქალაქში კულტურის სეზონი დასრულდა.

თუმცა თეატრებში, მუზეუმებში, სამხატვრო დარბაზებში მუშაობა არ შეუწყვეტიათ. განსაკუთრებით აქტიურობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები. ზაფხულის დადგომასთან ერთად, ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებულ საქართველოს ისტორიის და ხელოვნების მუზეუმებში, აგრეთვე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქარვასლაში ფონდების აღწერა დაიწყო... უფრო სწორად, განახლდა პროცესი, რომელიც 2001 წელს დაიწყო და მალევე შეწყდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეისთვის მონაცემთა ბაზა მხოლოდ ხელოვნების მუზეუმის 1200 ექსპონატის შესახებ არსებობს.

სამუზეუმო ფონდების აღწერას დაემთხვა უაღრესად მნიშვნელოვანი გამოკვლევის გამოცემა: “თბილისის კულტურისა და ტურიზმის კონცეფცია”, პროექტი, რომელიც ერთი წლის წინ თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა და კულტურის გადარჩენის ფონდმა დააფინანსა.

ეს დოკუმენტი, როგორც საქართველოს რეალობაში ურბანული კულტურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანალიზის პირველი მცდელობა, წარდგენილია ევროსაბჭოს კულტურის პოლიტიკის დეპარტამენტში, იმ ევროსაბჭოსი, რომლის ექსპერტებმა ორი წლის წინ საკმაოდ მწვავედ წარმოაჩინეს საქართველოში კულტურის პოლიტიკის არასწორი მართვის პრობლემა.

ჩარლზ ლანდრმა, ბრიტანელმა მეცნიერმა, რომელიც ევროსაბჭოში კულტურის პოლიტიკაზე მუშაობს, პირდაპირ გვკითხა კულტურის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებს: სად შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია საქართველოს დედაქალაქის შესახებო?


[ჩარლზ ლანდრის ხმა] “შეიძლება თუ არა სადმე ვიშოვოთ თბილისის რუკა? აღმოჩნდა, რომ ძალიან ძნელია თბილისის რუკის შოვნა...გამოდის, რომ ძალიან ძნელია მიიღო ინფორმაცია თბილისის შესახებ... უცხოელს უნდა დაეხმაროთ გაერკვეს, როგორი ცხოვრებაა თბილისში... ამას თუ მოვახერხებთ, ჩვენ შეიძლება თბილისის ელჩებიც გავხდეთ.”

ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ავტორთა ინტერდისციპლინარულმა ჯგუფმა, რომელიც თბილისის კულტურისა და ტურიზმის კონცეფციაზე მუშაობდა, მიზანს მიაღწია. ექსპერტებმა: ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანმა, არქიტექტორმა კობა არაბულმა, ფსიქოლოგმა მარინა ბალიაშვილმა, ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ და პროექტის ხელმძღვანელმა ნინო გუნია-კუზნეცოვამ გამოსცეს კატალოგი, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს რგორც მეცნიერებს, ასევე ტურისტებს და, რა თქმა უნდა, რიგით თბილისელებს. მაგალითად, გაინტერესებთ, როგორ დაინერგა მოდერნის სტილი თბილისში, სად დგას ეს შენობები და როგორია მათი მდგომარეობა დღეს, რომელ წელს აიგო ეს სახლები, შეგიძლიათ გაეცნოთ ნესტან თათარაშვილის რუკასა და ფოტოებს “მოდერნი თბილისში”, ბუკლეტს, რომელიც თან ერთვის დედაქალაქის კულტურისა და ტურიზმის კონცეფციას. აქვე წარმოდგენილია სია სხვადასხვა დროს თბილისში ჩამოსული ან გავლით მყოფი მოგზაურების, მეცნიერებისა, რომლებმაც მრავალი საინტერესო მასალა დატოვეს საქართველოს დედაქალაქის შესახებ –დაწყებული მეექვსე საუკუნის მეცნიერის თეოფანე ბიზანტიელით და დამთავრებული ჯონ სტეინბეკით. მაგრამ თბილისის კულტურისა და ტურიზმის კონცეფცია მაინც არ არის ტურისტული ბუკლეტი, ეს უფრო მეცნიერული გამოკვლევაა. რომლის არსს ნინო გუნია-კუზნეცოვა თავად აყალიბებს.

თუმცა პროექტზე მუშაობის პროცესში ახალი კითხვები გაჩნდა: როგორი კულტურის შექმნის პროცესში იმყოფება საქართველოს დედაქალაქი? როგორ ვითარდება კულტურული ინფრასტრუქტურა? რა უშლის ხელს საქართველოში ტურიზმის განვითარებას? თავდაპირველად პროექტში ჩართული სპეციალისტები საუბრობდნენ ხარვეზებზე საქართველოს კანონმდებლობაში. კონცეფციის ექსპერტი ტურიზმის დარგში და სოციოლოგიური კვლევის ხელმძღვანელი კობა არაბული აღნიშნავდა, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლება კულტურას ვერ უვლიდა, მაგრამ არც თვითგანვითარების საშუალებას აძლევდა:

[კობა არაბულის ხმა] “თუკი კულტურა სახელმწიფომ უნდა შეინახოს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და შეინახოს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს ხანში სახელმწიფოს ამის თავი არ ექნება, ე.ი. მაშინ კულტურამ უნდა შეინახოს თავისი თავი – ეს უნდა ითქვას ღიად და კანონმდებლობა ისეთი უნდა შემუშავდეს, რომ მე, კულტურის მუშაკს, უნდა მქონდეს საშუალება გამოვიყენო მთელი არსენალი ჩემს ხელთ არსებული საშუალებებისა...”

კონცეფციის ავტორებმა ჩამოთვალეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს: ესაა გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობები, ტურისტული ინფრასტრუქტურის დაბალი ხარისხი, ტურიზმის დარგში კომპეტენტური პერსონალის ნაკლებობა, ენობრივი ბარიერი, უსაფრთხოების პრობლემები, კავკასიის რეგიონის არასტაბილურობა, გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტების არარსებობა, მაღალი მარკეტინგული ხარჯები და სხვ. მიუხედავად ამისა, კობა არაბული ჯერ კიდევ კონცეფციაზე მუშაობის პროცესში იყო დარწმუნებული, რომ კულტურის ცენტრებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება შესაძლებელია სტიმული გახდეს ტურისტული ბიზნესის განვითარებისთვის:

[კობა არაბულის ხმა] “თუკი იტალიელები, ფრანგები, ესპანელები... კულტურის ობიექტებს რთავენ ტურიზმში, აუქციონების სისტემაში და შემდეგ ამ ფულს ახმარენ კულტურას... რამდენიმე მუზეუმი ვნახეთ... გაგვაგზავნეს ამერიკაში... ყველა მუზეუმი ინახავს თავის თავს – რესტორნებია, კლუბებია... ყველაფრის უფლება აქვთ, თავიანთ თავს თვითონ აფინანსებენ.”

დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებას კონცეფციის ავტორებიც შეგვახსენებენ და უცხოელი ექსპერტებიც. პროექტში ჩართული ქართველი სპეციალისტები შეგვახსენებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ქალაქის სტრატეგიული განვითარებისა და შესაბამისი კონცეფციის შემუშავების საკითხი რაიმე კერძო მოვლენასთან დაკავშირებით წამოიჭრება ხოლმე. მაგალითად, ბარსელონის შემთხვევაში ამგვარი მოვლენა 1992 წლის ოლიმპიური თამაშები აღმოჩნდა, ხოლო სანკტ-პეტერბურგისთვის – ქალაქის სამასი წლის იუბილე. ევროსაბჭოს ექსპერტი ჩარლზ ლანდრი სხვა მაგალითს იხსენებს:



[ჩარლზ ლანდრის ხმა] “მაგალითად ბრიტანეთის ქალაქი გლაზგო ავიღოთ. ამ ქალაქის რეგენერაცია, აღდგენა სწორედ კულტურის საშუალებით მოხდა. მეცნიერებმა დაწვრილებით შეისწავლეს ქალაქი და ამ გამოკვლევით ხელისუფლებას დაუმტკიცეს, რომ კულტურაზე ზრუნვა ეკონომიკურად მომგებიანია სახელმწიფოსთვის... არადა, ეს იყო მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის დოკუმენტი.”

ასეთი “სამეცნიერო ხასიათის დოკუმენტი” დღეს საქართველოშიც გამოიცა. დღეს თბილისის კულტურისა და ტურიზმის კონცეფციის ავტორები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისტორიულად ქალაქის კულტურის ყოველი ახალი ფენა წინას არ ებრძოდა, არ ანგრევდა, არ ანადგურებდა, არამედ ებმოდა მას. სხვა კულტურათა წარმომადგენლებიც კი თბილისს თავიანთი კულტურის პოზიციიდან კი არ გარდაქმნიდნენ, არამედ თვითონ ქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე განავრცობდნენ მას და ამით ემორჩილებოდნენ ქალაქის “ნებას”. ნიშანდობლივია, რომ ამ დასკვნას ეთანხმებიან უცხოელი ექსპერტებიც. ჩარლზ ლანდრი, მაგალითად, 20-იანი წლების თბილისის იერ-სახეს იგონებს:


[ჩარლზ ლანდრის ხმა] “მაგალითად, 20-იან წლებში თბილისი უაღრესად მიმზიდველი ქალაქი იყო ტურისტებისთვის, რაც, ყველაფერთან ერთად, იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოს დედაქალაქში განსხვავებული კულტურების სინთეზი მოხდა... ხომ შეიძლება ეს იყოს თბილისის მომავალი - მე აქ ნოსტალგიურ გრძნობებს არ ვგულისხმობ. თუკი მედია მოახერხებს ამ ინფორმაციის მიწოდებას, ეფექტი საგრძნობი იქნება.”

კონცეფციის ავტორთა მტკიცებით, მთლიანად დესტრუქციულია ის, რაც 1992-2004 წლებში მოხდა თბილისში: დაიწყო ქაოტური და დამანგრეველი შეჭრა როგორც ძველ, ისე შედარებით ახალ უბნებსა და რეგიონებში – იქნება ეს ხარფუხი თუ მაიდანი, ვერე თუ სოლოლაკი, ვაკე თუ საბურთალო. “საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ, ძირითადად, შენდება ცუდი არქიტექტურა, – აღნიშნავენ ქართველი მეცნიერები, – საქმე ისაა, რომ ინგრევა ქალაქის ურბანულ-არქიტექტურული სივრცე, ნადგურდება ქალაქური კულტურის რელიეფი, ქრება ქალაქის სული. ადეკვატურად იკარგება ის ღირებულებათა ორიენტირები, რომლის გამო დედაქალაქი ევრაზიული სივრცის უაღრესად საინტერესო (გარდამავალი, სატრანზიტო) ტურისტული ობიექტი იყო და შეიძლება კვლავაც გახდეს.”

თბილისის კულტურული კონცეფციის ავტორებმა თავიანთ გამოკვლევაში ჩართეს ავსტრიელი პოეტის, “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელის ჰუგო ჰუბერტის “თბილისის აპოლოგიის” ერთი ნაწყვეტი: “თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო... თბილისი იდგა როგორც ევროპის ციხე-სიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.”

შესაძლებელია, ეს სიტყვები გამოგვეყენებინა ეპიგრაფად თბილისის ტურისტულ კონცეფციაზე მსჯელობისასო, – წერენ საქართველოს დედაქალაქის კონცეფციის ავტორები. ეპიგრაფად არა, მაგრამ ჩვენ სწორედ ჰუბერტის სიტყვებით დავასრულოთ მსჯელობა დედაქალაქის კულტურისა და ტურიზმის კონცეფციაზე, რომელიც ახლახან გამოიცა თბილისში.
XS
SM
MD
LG