Accessibility links

logo-print

საქართველოში ჟურნალისტურ საბჭოთა რაოდენობა იზრდება

  • ნინო როდონაია

ორშაბათს თბილისში დამფუძნებელი კრება გამართა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულმა მედიასაბჭომ,

რომელიც თავის მიზნად ასახელებს ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლების უზრუნველყოფას და, ამასთან, მედიის არაპროფესიონალიზმისგან საზოგადოების დაცვას. ორშაბათსვე გაირკვა, რომ საქართველოში არსებულმა რამდენიმე დამოუკიდებელმა გაზეთმა შექმნა ქართული პრესის საბჭო, რომლის მიზანი ჟურნალისტური პრინციპების დაცვა და საზოგადოებასა და პრესას შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებაა.

საქართველოში სპეციალური საბჭო, მედიის - და მისგან საზოგადოების - დასაცავად, რამდენიმე ტელეკომპანიამ, გაზეთმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა. რეგლამენტის მიხედვით, საბჭო მედიის პროფესიული და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტიტუტია, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლების დაცვა, სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლების ხელშეწყობა და საზოგადოების დაცვა თავად მედიის არაპროფესიონალიზმისგან. ამ მიზნების მისაღწევად მედიასაბჭო ფონდმა ,,ღია საზოგადოება-საქართველომ” დააფინანსა. მისი ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი განმარტავს, რომ მედიასაბჭოს შექმნა ჟურნალისტების მიერ რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილი პროფესიული სტანდარტების პრინციპთა რეალიზაციის მცდელობაა:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ,,გასაგებია, ერთი მხრივ, სერიოზული პრობლემები, რომელიც მედიის წარმომადგენლებს აქვთ. მეორე მხრივ, ასევე ცალსახაა, რომ ქართულ მედიაში ძალიან დიდია არაპროფესიონალიზმის და, მე ვიტყოდი, უპრინციპობის დონეც. ნუ, აი, ამ ყველაფერს რაღაცნაირად სჭირდება შველა.” (სტილი დაცულია)

მედიასაბჭოს პარალელურად საქართველოში საქმიანობას იწყებს პრესის საბჭო, რომლის მიზანი, სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტური პრინციპების განსაზღვრის გარდა, პრესასა და საზოგადოებას შორის შუამავლობაა. საბჭოს შექმნასთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც ორშაბათს გაზეთმა ,,ქრონიკამ” გამოაქვეყნა, თან სტატიაც ახლავს. მისი ავტორი მედიასაბჭოს საბჭოთა პერიოდის ,,მთავლიტს” ადარებს და რეგლამენტის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშიშროებაზე საუბრობს. გაზეთი იმასაც გვამცნობს, რომ დამოუკიდებელი ქართული მედია მედიასაბჭოში არ შედის და ალტერნატიულ გაერთიანებას ,,ქართული პრესის საბჭოს” ქმნის. ,,ქრონიკის” გამომცემელი ,,ალია-ჰოლდინგის” რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ბრეგვაძემ ინტერვიუზე უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ მისი პოზიცია პრესით უკვე ცნობილია. ქართული პრესის საბჭოს დამფუძნებელთა შორისაა გაზეთი ,,რეზონანსიც”, რომლის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პრესის საბჭოს შექმნას მედიასაბჭოსადმი პროტესტს არ უკავშირებს:

[ლაშა ტუღუშის ხმა] ,,პრესამ დააფუძნა პრესის საბჭო. რატომ უნდა ჩაითვალოს, რომ ვიღაცა ვიღაცას გაემიჯნა?! ძალიან ბევრი საერთო პრობლემები გვაქვს, ამდენად, მე მირჩევნია, რომ ჩვენ ვეძებოთ შეხების წერტილები, რომელიც საერთო პრობლემებიდან არის გამომდინარე და ერთად გავაკეთოთ კონსტრუქციული საქმეები.” (სტილი დაცულია)

მიზნების მისაღწევად ქართული პრესის საბჭო, როგორც ლაშა ტუღუში ამბობს, ველოსიპედის გამოგონებას არ აპირებს და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრინციპებით იმუშავებს:

[ლაშა ტუღუშის ხმა] ,,ჩანაფიქრი, რაც დევს პრესის საბჭოში, პერსპექტიულია და ცუდი ნამდვილად არ არის. ახლა, რა გამოვა აქედან, ამას დრო გვიჩვენებს.” (სტილი დაცულია)

დროის ფაქტორზე საუბრობს დავით დარჩიაშვილიც, რომელიც მედიასაბჭოს მიერ დასახული მიზნის მიღწევას ავტორიტეტსა და მორალურ ძალას უკავშირებს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ,,შეძლებს იგი ამას, ვერ შეძლებს, შეიქმნება პარალელურად კიდევ რაღაც მედიაორგანიზაციები, არ შეიქმნება, - ამას მომავალი აჩვენებს.” (სტილი დაცულია)

ჯერჯერობით კი ეჭვი იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა ტიპის საბჭოები ხელისუფლებისგან მედიის და მედიისგან საზოგადოების დაცვის პრობლემას მოაგვარებენ, საკმაოდ დიდია.
XS
SM
MD
LG