Accessibility links

logo-print

რა სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციები ჩამოყალიბდა 2005 წლის პირველი 6 თვის მანძილზე


საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 6,8 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - იუწყება საქართველოს ეკონომიკური განვითარების

სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი. 25 ივლისს - სტატისტიკის დღეს - გამოქვეყნებულ ანგარიშში სტატისტიკის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ, წინა წელთან შედარებით, მეტ-ნაკლები მატებაა ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. ამასთანავე, თითქმის უცვლელია, ანუ არ გაზრდილა, უმუშევრობის დონე. რამდენად სანდოა და რა ტენდენციებზე მიანიშნებს ეს მონაცემები?

სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ ნახევარი წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში მთავარი წილი, 18 პროცენტი, სოფლის მეურნეობაზე მოდის. სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის კომენტარი:

[გიორგი ყაველაშვილის ხმა] ”მიუხედავად წლევანდელი სტიქიური პირობებისა, სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულება მაინც სტაბილურად ზომიერი იყო - 5,9 პროცენტი ზრდა აღინიშნა. ეს ზრდა ამ სფეროში გასულ წელს მოუსავლიანობის ფონზე მოხდა. ”(სტილი დაცულია)

გიორგი ყაველაშვილი სულ სამიოდე დღეა, რაც დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა და ჯერჯერობით უფრო ღრმა ანალიზისგან თავს იკავებს.

მის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კიდევ ერთ მთავარ მიზეზად მშენებლობის ზრდაა დასახელებული, ასევე - ვაჭრობა, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება, ტრანსპორტი და ფინანსური შუამავლობის ზრდა.

მე ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს ვკითხე, რამდენად რეალურად ეჩვენება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, მაშინ როდესაც, წინა წელთან შედარებით, განახევრდა პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, გაიზარდა სამომხმარებლო ფასები მთელ რიგ პირველადი მოხმარების საქონელზე და ასევე ზრდა არ შეუჩერებია უარყოფით საგარეო სავაჭრო ბალანსს.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ეს კითხვა წელიწადზე მეტია ისმის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. თუმცა იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამის ნახევარსაც არ აპატიებდა შევარდნაძის მთავრობას, რაზეც დღეს თვალს ხუჭავს სააკაშვილის პირობებში. ვგულისხმობ ეკონომიკისადმი ძალიან უწიგნურ და აგდებულ დამოკიდებულებას. რეალური ზრდა, უნდა ვაღიაროთ, რომ პრინციპში არ ხდება.”(სტილი დაცულია)

ნიკო ორველაშვილს ასევე სათუოდ ეჩვენება უმუშევრობის მონაცემი, რომელიც, სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის ნოდარ კაპანაძის ინფორმაციით, 12,6 პროცენტს შეადგენს. მას არ გააჩნია ზრდის ან კლების ტენდენცია და საკმაო არასტაბულურობით გამოირჩევა. მისივე განცხადებით, საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის 80 პროცენტი სოფელზე მოდის:

[ნოდარ კაპანაძის ხმა] ”შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით, დასაქმებულად ითვლება ყველა ის, ვინც გამოკითხვის წინა 1 კვირიან პერიოდში თუნდაც 1 საათი მუშაობდა. ასე რომ, სოფლად უმუშევრობის დაბალ დონეს განაპირობებს მასიური სასოფლო თვითდასაქმება და თუ ჩვენ მათ უმუშევართა კატეგორიას მივაკუთვნებთ, დანაშაული არ იქნება, ვინაიდან ეს დასაქმება, თავისი შინაარსით, საკმაოდ არასრულია.” (სტილი დაცულია)

ეს იყო ნოდარ კაპანაძე. მის მიერ გამოთქმულ ვარაუდს იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილიც და აღნიშნავს, რომ უმუშევართა რაოდენობის განსაზღვრა ამერიკის შეერთებული შტატების კრიტერიუმებით რომ ხდებოდეს, მაშინ უმუშევრად ჩაითვლებოდა ამჟამად რეალურად დასაქმებულთა დიდი უმრავლესობაც.

ახლა რაც შეეხება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობას. არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას აღუნიშნავს, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა კვლევის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა შეძლო. ეს უცხოური ფინანსური და პრაქტიკული დახმარებით მოხერხდა, რამაც სტატისტიკურ ინფორმაციას სიზუსტე შესძინა. თუმცა, როგორც ნიკო ორველაშვილი აღნიშნავს, სტატისტიკის სანდოობისთვის კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ის შემორჩენილი პროფესიონალები, რომლებიც ამ სტრუქტურაში შემორჩნენ, ცდილობენ რეალური სურათი დაგვანახონ ხოლმე ციფრებს შორის. და შიგადაშიგ გამოკრთება ხოლმე ცალკეული გამონათებები, როცა შეხედავ და ინფორმაციის სანდოობა ნამდვილად დონეზეა.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG