Accessibility links

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე პეკინში მრავალმხრივი მოლაპარაკება იწყება


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, 26 ივლისს, პეკინში იხსნება მოლაპარაკებათა მესამე წრე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით,

რომელშიც აშშ-ის, ჩრდილოეთ კორეისა და ამ უკანასკნელის 4 მეზობელი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან. 6 ქვეყნის მონაწილეობით 2003 წელს დაწყებულმა ამ ფორუმმა ჯერჯერობით ვერ მიაღწია არსებით პროგრესს - დაეყოლიებინა ფხენიანი, უარი ეთქვა თავის ბირთვულ პროგრამაზე. შეგახსენებთ, რომ ამ მოლაპარაკებებში აშშ, ჩინეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა, რუსეთი და იაპონია მონაწილეობენ. ფხენიანმა ამას წინათ განაცხადა, რომ მის უარს ბირთვულ ამბიციებზე წინ უნდა უსწრებდეს კორეის ნახევარკუნძულზე სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1953 წელს დადებულ შეთანხმებას შეენაცვლება. აი, რა განაცხადა დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა:

[კონდოლიზა რაისის ხმა]: "სასიხარულოა, რომ 25 ივლისს ამ კვირაში დაწყებულ მოლაპარაკებათა მაგიდას ვუბრუნდებით. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. "საუბარი" როდია ამ მოლაპარაკების მიზანი. ამ დიალოგის მიზანი პროგრესის მიღწევაა."

ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ, შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ცალკეული მონაცემებით, ფხენიანი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდისათვის ემზადება.

ჩრდილოეთი კორეა გასულ წელს გამოეთიშა ექვსმხრივ მოლაპარაკებას და მას შემდეგ კიდევაც დაიტრაბახა, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს. ამგვარი მტკიცება არ ყოფილა დადასტურებული ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროების მიერ, თუმცაღა ფხენიანის განცხადებამ სერიოზულად დააფიქრა საერთაშორისო თანამეგობრობა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ყველაზე სახიფათო სახელმწიფოდ მოიხსენია ჩრდილოეთი კორეა, ბირთვული იარაღის გავრცელების მხრივ. აშშ-ის დელეგაციას პეკინში ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კრისტოფერ ჰილი, რომელმაც რეიტერის სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში ორშაბათს განაცხადა.

[კრისტოფერ ჰილის ხმა]: "ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი იაპონელი, ჩინელი, ჩვენი სამხრეთ კორეელი კოლეგების აზრი; დღესვე, მოგვიანებით, შევხვდებით რუსებს, აგრეთვე ჩრდილოეთ კორეელ კოლეგებსაც. და დავადასტურებთ, რომ ერთი აზრისანი ვართ ჭეშმარიტი პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი წრე ექვსმხრივი მოლაპარაკებისა და არ უნდა დავიშუროთ ძალღონე პროგრესის მისაღწევად." კრისტოფერ ჰილმა დასძინა, ამასთანავე, რომ მხარეები კარგად გაეცნობიან ერთიმეორის პოზიციებს.
XS
SM
MD
LG