Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


ტერმინი “კულტურული რევოლუცია”,

როგორც წესი, 60-იანი წლების ჩინეთისა და მაო-ძე დუნის ასოციაციას ქამნის. თუმცა “კულტურული რევოლუციის” შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ბოლშევიკებმა დაიწყეს – 1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში პერიოდულად ქვეყნდებოდა დადგენილებები, რომელშიც ბოლშევიკების იდეოლოგები ახალი კულტურული პოლიტიკის დაწყებას მოითხოვდნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ასეთი დოკუმენტები თბილისშიც მრავლად შეიქმნა. თუმცა ტექსტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ და რომლის გამოქვეყნებიდან 80 წელი გავიდა, კრემლში შეთხზეს. რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებაში “პარტიის პოლიტიკის შესახებ მხატვრული ლიტერატურის დარგში” ახსნილია რა არის “კულტურული რევოლუცია”. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის” წამყვანი გიორგი გვახარია რუსეთის არქივებში აღმოჩენილი ამ დოკუმენტის შინაარსს სულაც არ მიიჩნევს მოძველებულად.

დიახ, დოკუმენტი, რომელიც 1925 წლის ივლისში რუსეთის კომპარტიის ცეკამ განსახილველად ბუხარინს, ლუნაჩარსკის და ტროცკის გაუგზავნა, რადიომსმენელს პირველ რიგში გაახსენებს ჩვენს უახლეს წარსულს და ნაწილობრივ, აწმყოსაც, როცა ხელისუფლება ყველანაირი ხერხებით ცდილობდა და ცდილობს კულტურის დამორჩილებას... ბოლშევიკების ეს დადგენილება, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გამოქვეყნდა ეხმაურება ეგრეთ წოდებულ “კულტურულ პოლიტიკას”, რომელსაც როგორც ავტორიტარული, ასევე დემოკრატიული ხელისუფლება ანხორციელებს ხოლმე. ხელისუფლების ცვლა, განსაკუთრებით რევოლუციის გზით, ადრე თუ გვიან დასვამს “ახალი იდელოგიის” შემუშავების საკითხს. ხელისუფლება იძულებული გახდება მიმართოს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან – ჟურნალისტებს, მწერლებს, “შემოქმედებით ინტელიგენციად” წოდებულ ფენას.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, როცა მედიის ზალაუფლება ჯერ კიდევ ძალიან სუსტი იყო, არ არსებობდა ტელევიზია და არავინ ხმარობდა დღეისთვის ძალიან მოდურ სიტყვას “პიარი”, პარტიამ პირველ რიგში ლიტერატურის დამორჩილების აუცილებლობა გაიაზრა. მაგრამ იმ ადამიანების უმრავლესობამ, ვინც ზამთრის სასახლე აიღი, არა თუ წერა, “წერა-კითხვაც” არ იცოდა, ინტელიგენცია კი დაბნეული ჩანდა. ლენინმა ტოლსტოის “რუსეთის რევოლუციის სარკე” უწოდა, თუმცა ლევ ტოლსტოი უკვე ცოცხალი აღარ იყო. პარტია შემოქმედებითი კადრების ნაკლებობას განიცდიდა.

რევოლუციის შემდეგ გამოქვეყნებულ დეკრეტებსა და დადგენილებებში აშკარად იგრძნობა ბოლშევიკებისთვის დამახასიათებელი “ორმაგი სტანდარტები”. ერთის მხრივ, ხელისუფლება რადიკალურ ცვლილებებზე საუბრობს, რევოლუციამდელი მორალი “დრომოჭმულად” ცხადდება, მეორეს მხრივ, ბოლშევიკებს აღარ სურთ კულტურაში რევოლუციური პროცესების გაგრძელება. შემთხვევითი არ არის, რომ დადგენილებაში პარტიის ცეკა საგანგებოდ მიმართავს ლევ ტროცკის, რომელმაც თავიდანვე აიტაცა “პერმანენტული რევოლუციის” მარქსისტული იდეა, სთხოვს მას, შესწორებები შეიტანოს დადგენილებაში. არა და ორი წლით ადრე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლეუმზეც კი სერგო ორჯონიკიძემ დაგმო ტროცკისტული ოპოზიცია და საგანგებოდ აღნიშნა, რომ ქვეყანაში დადგა “შენების დრო”. სწორედ “შენების”, და არა “პერმანენტული რევოლუციის” აუცილებლობაა ხაზგასმული 80 წლის წინ შექმნილ დოკუმენტში “პარტიის პოლიტიკის შესახებ მხატვრული ლიტერატურის დარგში”

[ციტატა] “ძალაუფლების მოპოვების შემდეგ პროლეტარიატის მიზანი შეიცვალა. დღეს გამანადგურებელი და დამანგრეველი მოქმედების ნაცვლად აუცილებელია მივმართოთ შენებას და მოწყობას, რომელშიც პროლეტარიატმა საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა უნდა შეძლოს”

[მუსიკა]

მოკლედ, 80 წლის წინ შექმნილ დოკუმენტში წარმოჩინდება ისტორიის, მათ შორის საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის თავისებური არქეტიპი. რევოლუციონერები ჯერ მუდმივ ცვლილებაზე, “შემოქმედებაზე” საუბრობენ, მერე კი, ხელისუფლების მოპოვების შემდეგ, “მშვიდობის მტრედები” ხდებიან. მასების დამორჩილება, თუნდაც რეპრესიების გზით, არც თუ ისე ძნელია, მაგრამ ჭირს იმ ხალხის მანიპულაცია, ვინც “კულტურული რევოლუცია” განახორციელა.

[ციტატა]: “აქამდე კულტურულად დათრგუნულ მუშათა კლასს არ შეეძლო შეექმნა თავისი მხატვრული ლიტერატურა, თავისი, განსაკუთრებული მხატვრული ფორმა, თავისი სტილი. მიუხედავად იმისა, რომ პროლეტარიატი უკვე ფლობს განსხვავებული ლიტერატურული ნაწარმოებების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის კრიტერიუმებს, მას კვლავაც არა აქვს პასუხი კითხვებზე, რომელიც მხატვრულ ფორმას ეხება”

ფორმის ნგრევა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციის გზით ხორციელდება, დაუყონებლივ ქმნის “დეიდეოლოგიზაციის” საშიშროებას... თუმცა ის, რაც ხიფათს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის და მისი იდეოლოგებისთვის, სულაც არ არის საშიში კულტურისთვის. პირიქით, კულტურის ისტორია ცხადყოფს, რომ სწორედ ამ დროს, იდეოლოგიური წნეხისგან განთავისუფლების შემდეგ, იქმნება ხოლმე კულტურის ნამდვილი შედევრები. პარტიის დადგენილებაში ავტორებს აქ “წამოცდათ” ძალზე ნიშანდობრივი სიტყვა “დათრგუნული”... რევოლუციონერებმა “დათრგუნული კლასი” იარაღად გამოიყენეს, მაგრამ იმ ეტაპზე კარგად იცოდნენ, რომ ვინ ვინ და სწორედ “დათრგუნული” იბრძვის ხოლმე ძალაუფლების მოსაპოვებლად. ნგრევის პროცესი აზარტული ხდება, დათრგუნული ენერგია ბოლომდე უნდა გამოიყოს. ამიტომაცაა, რომ 80 წლის წინ შექმნილი დადგენილება, რომლითაც “კულტურული რევოლუცია” უკვე გამოცხადებულად ცხადდება, დღეს ბევრს გააკვირვებს ლიბერალური იდეებით და ცენზურის დაუშვებლობის აღიარებით

[ციტატა]: “პარტის დღეს ლიტერატურას ხელმძღვანელობს, მაგრამ პარტიამ არ უნდა დაუჭიროს მხარი რომელიმე ერთ მიმართულებას ლიტერატურული ფორმის თვალსაზრსით. ყველაფერი ეს ჰგავს პარტიის დამოკიდებულებას ოჯახის ფორმის მიმართ. მართალია პარტია ახალი ყოფის მშენებლობას ხელმძღვანელობს, ჩვენ მხარს ვუჭერთ განსხვავებული ფორმის ოჯახების შექმნას. ეპოქის სესაბამისი სტილი აუცილებლად შეიქმნება, მაგრამ შეიქმნება განსხვავებული მეთოდებით, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდება. მიუხედავად ზოგიერთი მცდელობისა, პარტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერთოს კულტურული განვითარების პროცესებში”

[მუსიკა. პახმუტოვა]

“მთავარია, “რებიატა” გულით არ დაბერდეთო” – მოუწოდებს საბჭოთა ეპოქის ესტრადის ყველაზე პოპულარული კომპოზიტორი, ალექსანდრა პახმუტოვა თავის ახალგაზრდა მსმენელს.

ამასვე მოუწოდებდნენ მოსახლეობას ბოლშევიკური “კულტურული რევოლუციის” იდეოლოგები. საინტერესოა, რომ კულტურული პოლიტიკისადმი მიძღვნილი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი განსახილველად გადაეგზავნა ბუხარინსა და ლუნაჩარსკის, რომლებიც ბოლშევიკებს შორის შედარებით ლიბერალური იდეებით გამოირჩეოდნენ. დოკუმენტი, როგორც აღინიშნა, ტროცკიმ მიიღო, მაგრამ მას მხოლოდ შენიშვნების ჩართვა სთხოვეს. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ 80 წლის წინ, გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებულ ამ დადგენილებას ხელს არავინ აწერს. ეს კი ეჭვს ბადებს, რომ დოკუმენტის ავტორი სწორედ ისაა, ვინც კულტურული პოლიტიკისადმი მიძღვნილ ამ თავისებურ ბრძანებულებაში თავისი გვარი დამალა – იოსებ სტალინი. ასეა თუ ისე რამდენიმე წლის შემდეგ პარტია თავად დაარღვევს ამ ბრძანებულებას და ოფიციალურად ჩაერთვება კულტურის განვიტარების პროცესში. “ეპოქის შესაბამისი სტილი” მაინც შეიქმნება და თანაც როგორი!.. ძლიერი, ფუნდამენტური, ერთნაირი ოჯახებიც შეიქმნება და ერთნაირი ადამიანებიც. იმ ხალხს კი, ვისაც 80 წლის წინ ეს დოკუმენტი გადაეგზავნა,ან დახვრიტავენ, ანაც, უბრალოდ, გააქრობენ

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG